Google+

სიახლეები

07.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი: "ჩვენ ვართ ქართველები და სადაც არ უნდა ვიყოთ, რა გარემოებებშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ყოველთვის უნდა დავრჩეთ ქართველებად"

მოგესალმებით.

ინეგულში ჩამოსვლა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.

ეს ადგილი არა მარტო გავს საქართველოს, არა მხოლოდ სწორად შეარჩიეთ ადგილი დასასახლებლად, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლიკისა და ენერგეტიკის მატარებელია საქართველოსთვის.   

ძალიან ბევრი საუკუნის განმავლობაში, ძალიან ბევრი თაობა, მთლიანად საქართველო გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა.

ძალიან ბევრი ცდილობდა საქართველოს განადგურებას და თუ გინდათ პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ გადარჩა ქართველობა, როგორ გადარჩა ჩვენი გენი, ჩვენი ჯილაგი,  ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ყველაზე ადვილად მას მიიღებთ აქ, ინეგულში, თურქეთის შუაგულში, რისთვისაც დიდი მადლობა თქვენ!

ჩემო მეგობრებო, მართლაც შეუძლებელია ცრემლების გარეშე უყურო 103 წლის ბებიას, რომელმაც შეინარჩუნა ქართველობა და ლაპარაკობს ქართულად; ამ პატარა ბავშვებს, რომლებიც ინარჩუნებენ ქართველობას და უფრო დიდი ქართველები არიან ვიდრე წინა თაობები.

ეს არის ჩვენი განსაკუთრებულობა.

ვიცი, რომ ქართველები ძალიან წარმატებული არიან ამ ქვეყანაში და ზოგადად, მთელ  მსოფლიოში.

ამას წინათ ეგვიპტეში ვიყავი, სადაც ყოველ ნაბიჯზე მახსენებდნენ, რომ ეგვიპტის ისტორიაში ამ ქვეყნის უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ქართველებსა და შავი ზღვის ხალხებს - მამლუქებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

ერაყი ქართველის შექმნილია.

დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილო აფრიკას ქართველები მართავდნენ.

ასევე განსაკუთრებულია ქართველების როლი ამ სახელმწიფოში.

ჩვენ საუკეთესო ვართ ბიზნესში.

ძალიან ძლიერები ვართ სახელმწიფოს მართვის საქმეში.

თქვენ ხართ საუკეთესოები... პარლამენტში, განათლებაში,  სპორტში - ვიცი რამდენი წარჩინებული ქართველია აქედან გამოსული.

დღეს მე მქონდა ვრცელი და ძალიან თბილი შეხვედრა ათა თურქის შემდეგ, ჩემი აზრით, თურქეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო მოღვაწესთან, პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან. მან კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მის ძარღვებშიც ჩქეფს ქართული სისხლი...

ქართველები ვართ ყველგან და განა შეიძლება ყოველივე ამის შემდეგ თქვენმა შემყურემ სიამაყით არ ვთქვა: რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!

მით უმეტეს, როდესაც მახსენდება რამხელა როლი ითამაშეს ქართველებმა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში.

ჩვენ ვმეთაურობდით ამერიკის არმიას, პოლონეთის არმიას, მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, სპარსეთის სახელმწიფოს...

ვიცი რამდენად დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ ქართველობის შესანარჩუნებლად. ეს არ იყო ადვილი საქმე. რუსეთის იმპერიამ გამოგყარათ საქართველოდან და საქართველოს საუკეთესო შვილები დააკარგინა.

რუსეთის იმპერიამ გადაგვკიდა ერთმანეთს.

დღეს აქ ინეგულში ერთმანეთთან ძმურად ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები და ეთნიკური ქართველები - ე.ი შესაძლებელი ყოფილა აფხაზებსა და ქართველებს შორის ძმურად ცხოვრება.

შესაძლებელი ყოფილა კავკასიელთა შორის ძმურად ცხოვრება.

თუ  დამპყრობელი არ გაგვთიშავს და არ დაგვაშორებს ერთმანეთს, კავკასია ერთიანი, ძლიერი დაუმარცხებელი იქნება და მარადიულ ერთეულად გარდაიქმნება. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.

ვიცი, როგორი ძალისხმევა ჩადეთ თქვენი კულუტურის შესანარჩუნებლად.

ძალიან კარგად ვიცი, რომ აჰმედ ოზქან მელაშვილს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მაგრამ ბოლომდე გაიტანა, ყველას შეახსენა, რომ თქვენ ხართ ქართველები. ეს მან მაშინ მოახერხა, როცა საქართველო არ არსებობდა, როგორც სახელმწიფო და რუკაზეც კი არ იყო.

იყო მხოლოდ ქართული სული და ყველას, ვისაც ექნება ამის სურვილი, საქართველო მისცემს საქართველოს მოქალაქეობას. თქვენ იქნებით თურქები, მაგრამ თქვენ იქნებით ქართველები ოფიციალურად.

დღეს ისე, როგორც არასდროს, თქვენ ხართ ხიდი ორ ჩვენს სახელმწიფოს შორის; თქვენ, როგორც არასდროს, საქართველოსთვის ხართ ფანჯარა ევროპაში; გზა ნატო-სკენ გადის ასევე თურქეთთან მეგობრობასა და ძმობაზე, თქვენს ერთობაზე.

თქვენ ხართ არა უბრალოდ თურქეთის მოქალაქეები, თქვენ ხართ თურქეთის ძალიან წარმატებული მოქალაქეები.

მე ვნახე თქვენი მოვლილი ეზოები, საკარმიდამოები, რომელთა მსგავსი ბევრი მინახავს  გურიაში, აჭარაში, აფხაზეთში, სამეგრელოში. ახლა, ამ გეოგრაფიას კიდევ ერთი ადგილი პატარა საქართველო შეემატა - ინეგული.

თქვენ გაგიმარჯოთ ძმებო!

ჩემო ძვირფასებო, ახლა ვდგავარ ამ დროშის ქვეშ და ამაყი ვარ ისე, როგორც არასდროს; საქართველო არ არის მარტივ მდგომარეობაში - ჩვენი მიწები დაპყრობილი აქვს მტერს, რომელიც ჩვენს გათიშვას ცდილობს; ცდილობს, რომ ჩვენს გზას ჩამოგვაცილონ, უკან დაგვაბრუნოს; იმის დანგრევაზეც ლაპარაკობენ, რაც აქამდე აშენდა, მაგრამ როდესაც თქვენ გიყურებთ, თამამად ვამბობ: ვერ დაგვიპყრობენ ბოლომდე!

იმის გათავისუფლებაც მოუწევთ, რაც დაიპყრეს; კუთხეში ვეღარავინ მოგვიმწყვდევს, ვერ მიგვაბრუნებს უკან, ვერ დაგვანგრევს, რადგან თქვენ ხართ ქართველები, ჩვენ ვართ ქართველები და ძლიერები, რადგან ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ.

ჩვენ ვართ განსაკუთრებულები, ჩვენ ვართ აღმშენებლები, ჩვენ ვართ ერთიანები.

მინდა დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის და, რაც მთავარია, დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ დღეს თქვენი პრემიერ-მინისტრი დეტალურად და აღფრთოვანებით მელაპარაკა როგორი ნიჭიერი ხალხია აქ, ინეგულში. მან დეტალურად გაიხსენა მისი მეგობრების სახელები, რომლებიც მასთან ერთად აშენებდნენ თურქეთის ძლიერ სახელმწიფოს, ისეთს, როგორიც დღეს ააშენეთ.

ამავე დროს, განსაკუთრებული პატივისცემას გამოვხატავ, რადგან ამ ქვეყნის უდიდესი პატრიოტიზმის გარდა, ქართველებმა შენარჩუნეს საქართველოს სიყვარული.  

გულის ნაწილი ყოველთვის გაქვთ რეზერვირებული იმისთვის, რაც არის მარადიული, რაც არის ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილი.

ჩვენ ვართ ქართველები და სადაც არ უნდა ვიყოთ, რა გარემოებებშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ყოველთვის უნდა დავრჩეთ ქართველებად.

ასე რომ, ჩემო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, თქვენ ჩვენი  თანამემამულეები იქნებით ოფიციალურადაც - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენ პასპორტსაც შემოიტანთ, იმდენ პასპორტს მოვაწერ ხელს.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)