Google+

სიახლეები

04.03.2013
საქართველოს პრეზიდენტმა მასმედიის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა

უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შეხედულებებში ფუნდამენტური განსხვავებების გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა.

სწორად მიმაჩნია, რომ ჩვენ მსგავსი საუბრები გვქონდეს; რომ ამ თემებზე ერთმანეთს გახსნილად ვესაუბრებოდეთ და არა ტელეკამერებით, ღია წერილებით, ან ფეისბუქის საშუალებით.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი მოსაზრება თანამშრომლობის შესაძლებლობის თაობაზე.

აქ არის რამდენიმე ასპექტი და უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც პრეზიდენტი საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში ვარ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში შევეჩვიე ხალხმრავალ განხილვებს, შეხვედრებს, რაც მთავარია, ახალი ობიექტების გახსნას, ახალი მშენებლობის დაწყებას, მათ შორის, უნივერსიტეტების გახსნას, სკოლების მშენებლობას, გზების გაკეთებას და სხვა.

თქვენ ხედავთ, რომ ჩემი დღეები ამ გრაფიკისგან თითქმის მთლიანად დაცლილია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, დაახლოებით, ერთ საათში ახალ თეატრს ვხსნი ბათუმში. საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე, ეს ჩემი საბოლოო საჩუქარი იქნება ბათუმისთვის.

ასეთი უმოქმედობა ჩემთვის, რეალურად, მძიმე ტვირთია და თუ ვიტყოდი, რომ კომფორტულად ვგრძნობ თავს დღევანდელ ვითარებაში, სიცრუე იქნებოდა.

ახლა ის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვრჩები პრეზიდენტის თანამდებობაზე იმ პირობებში, როდესაც, ამ მიმართულებებით, პრაქტიკულად, ბევრს კონკრეტულად ვეღარ ვაკეთებ, არის ის, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე, დემოკრატიული ჩარჩო და შევქმნათ საკონსტიტუციო სტაბილურობის შესაძლებლობა მაინც; რაღაც სახით მაინც გამოვნახოთ საერთო ენა, ან უკიდურეს შემთხვევაში, ურთიერთობის გარკვევის  ცივილიზებული ფორმა.

ახლა ეს არის ჩემი ფუნქცია და ჩემი მთავარი მოვალეობა.

სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება გამოვიყენო პრეზიდენტის არსებული უფლებამოსილება და დავითხოვო საქართველოს მთავრობა, ან დავითხოვო საქართველოს პარლამენტი, უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს.

ეს მთავრობა აირჩია ქართველმა ხალხმა. ამ მთავრობას ჯერ კიდევ ძალიან მოკლე პერიოდი ჰქონდა იმისთვის, რომ ის ადეკვატურად და სრულფასოვნად შევაფასოთ მე ან იმ ხალხმა,   რომელმაც ის აირჩია.

ამგვარად, ყოველგვარი ლაპარაკიც კი იმის თაობაზე, რომ ამგვარი განზრახვა შეიძლება დაიბადოს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ - აქ ვარ პირველწყარო - უნდა გამოირიცხოს.

სრულიად შეუძლებელია, რომ მე ეს გავაკეთო.

მეორე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ის, თუ რა უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დიალოგის თემა. აქაც, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, თუ რა არის ჩვენი ინტერესი -  ის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სასამართლო.

ერთის მხრივ, მთავრობა უნდა მუშაობდეს და ჰქონდეს მუშაობის სრული თავისუფლება. ჩვენ გვჭირდებაეფექტიანი მთავრობა, რომელსაც არავინ არ უშლის ხელს და ჩვენი უფლებამოსილება მას უკვე გადავეცით; მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ის, რომ ქვეყანას  ჰქონდეს თავისუფალი, დიქტატისგან თავისუფალი სასამართლო.

ბუნებრივია, ეს სასამართლო ვერ იქნება ჩემი დიქტატის ქვეშ, რადგან მე ამის ბერკეტი აღარ მაქვს და, ვფიქრობ, ეს ყველას გვესმის. ის არ უნდა იყოს არც პროკურატურის დიქტატის ქვეშ, არც რომელიმე სამთავრობო უწყების დიქტატის ქვეშ და არც შანტაჟის ქვეშ.

საქართველოს გრძელვადიანი მომავლისათვის, ჩვენი თავისუფლებისათვის, ჩვენი დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს ჰქონდეს განცდა, რომ ის არის ხელშეუხებელი.

ყველამ ვიცით, რომ სასამართლოში არ არის კორუფცია და სასამართლო საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან ინსტიტუტად.

ეს არის ჩემი პირველი მთავარი მოთხოვნა.

მეორე, უნდა შეწყდეს ყოველგვარი ზეწოლა მედიაზე. თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივ არხზე სხვადასხვა პროცესები ვითარდება, იყო მუქარები რუსთავი 2-სა და სხვა ტელეარხების მისამართით...

ფაქტია, რომ მედიის მიმართულებით მიმდინარეობს პოლიტიკური კონტროლის დამყარების გეგმაზომიერი კამპანია.

ქვეყანაში იქნება ერთი სახის მედიაც და მეორე სახის მედიაც. მთავარია, ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ იყოს პლურალიზმი და არავის არ ჰქონდეს მთელი მედიასივრცის გაკონტროლების ცდუნება, რადგან მაშინ ჩვენს მოქალაქეებს აღარ ექნებათ ალტერნატიული აზრის გაგების საშუალება. ქვეყანაში კი უნდა იყოს ალტერნატიული აზრი და ოპოზიცია. ამაზე უნდა შევთანხმდეთ ყველანი.

მინდა, შემდეგ, ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. რა თქმა უნდა, სისხლისსამართლებრივი დევნისგან გრძლევადიანად არავის არ აქვს იმუნიტეტი - არც პრეზიდენტს, არც მერებს, არც პარლამენტის წევრებს - ყველაფერს კანონი არეგულირებს, მაგრამ რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქის მასობრივი დევნა და შევიწროება მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, ცუდია არა მხოლოდ ამ ადამიანებისათვის, არამედ ამ მთავრობისა და ქვეყნისთვის.

ქვეყანაში უნდა იყოს ძლიერი, ეფექტიანი მთავრობა და ამ მთავრობას უნდა ჰყავდეს ძლიერი, ეფექტიანი ოპოზიცია, რომელსაც შესაძლებლობა ექნება მთავრობა დააზღვიოს თუნდაც იმ შეცდომებისგან, რომლებიც შესაძლოა წინა მთავრობამ დაუშვა. მით უმეტეს, ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს.

აი, ეს არის ის სამი საკითხი, რომელიც ჩვენმა მხარემ წამოჭრა.

რაც შეეხება კონსტიტუციას, ვფიქრობ, ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვფიქრობ, არც ერთი არის ისეთი პოზიცია, რომელიც არ შეიძლება შეჯერდეს და ჩვენ, თითქმის, შეჯერებული ვიყავით ყველა ამ საკითხზე.

ვიმედოვნებ, რომ გადავლახავთ ამ დაბრკოლებებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ რაღაც კონკრეტულ კანონპროექტზე თითის დაჭერა პარლამენტში.

მინდა, რომ ჩვენ ყველა ცვლილება მივიღოთ არა ხელის გადამგრეხვითა და შანტაჟით, არამედ  პოლიტიკური კონსენსუსით; არა ულტიმატუმებით, არამედ იმით, რომ, ჩვენ მართლა ყველა დავიჯერებთ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასარგებლო.

ამიტომ, მსგავსი საუბრები უნდა გაგრძელდეს და პრემიერ-მინისტრს ვუთხარი კიდეც, რომ ნამდვილად ვისურვებდი ისევ შევხვდეთ ერთმანეთს.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ დიალოგი.

თუ ის მიიჩნევს, რომ მის მთავრობას რაიმე უშლის ხელს, ხალხისთვის მიცემული პირობა შეასრულოს, თუკი რაიმე შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელისუფლებას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნას.

ყველაფერი დანარჩენი - სოციალური ვალდებულებები, ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, გაჭირვებულთა დახმარება მათზეა დამოკიდებული. ადამიანებმა უნდა მიიღონ ის, რასაც ისინი ამ მთავრობისგან ელიან.

სიტყვა ამნისტია საერთოდ მიუღებელი და გაუგებარია ჩემთვის. რას ნიშნავს ამნისტია? ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ადამიანებმა - 25 ათასმა კაცმა ჩაიდინა დანაშაული. მე ამას სხვაგვარად ვუყურებ - 25 ათასმა ადამიანმა ააშენა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ბოლო რვა  წელიწადში.

თქვენ ნახეთ, როგორი საერთაშორისო შეფასება, როგორი რეპუტაცია ჰქონდა საქართველოს. 

ამას ახლა, შეიძლება, ვინმემ პიარი უწოდოს, ვიღაცამ - ბლეფი.

დღეს მივდივარ ბათუმში ახალ ობიექტებს ვხსნი, იმათ, რაც ჩვენ დავიწყეთ და გავაკეთეთ.

შეიძლება ვთქვათ, რომ ესეც ბლეფია. შეიძლება ვთქვათ, რომ მოგვეჩვენა ახალი ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა... როგორ მუშაობს ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი... ყველაფერი შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ამით არ იცვლება ის, რაც უკვე არის.

და რადგან ეს არის, თითოეული მათგანი საკუთარი შვილივით მიყვარს.

მე არ შეიძლება საქართველოში არეულობა მინდოდეს; არ შეიძლება მინდოდეს დაძაბულობა, პირიქით, ჩემი სურვილია, გაგრძელდეს ის, რასაც უკვე მივაღწიეთ.

ამიტომ შეუძლებელია, არ მინდოდეს, რომ ამ მთავრობამ გააგრძელოს და მიაღწიოს კონკრეტულ შედეგს ხალხისთვის.

რა თქმა უნდა, ეს სრულად შეესაბამება ჩემს ინტერესებს.

ეს არის ერთი, მაგრამ მეორეს მხრივ, იმ საბაბით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, აღარ გვაინტერესებდეს ალტერნატიული აზრი, აღარ გვაინტერესებდეს დამოუკიდებელი მედია, სასამართლოს კისერი უნდა მოვუგრიხოთ, იმ მოტივით, თითქოს, მას სააკაშვილი აკონტროლებს, რაც ტყულია, არ იქნება სწორი. ასეთი მიდგობა, გრძელვადიანად დაანგრევს საქრთველოს პერსპექტივებს.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, დემოკრატიის პირობებში ფუნქციონირება. უნდა შევინარჩუნოთ კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და  გავაგრძელოთ ყველაფერი.

პოლიტიკური დევნა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - აუკრძალონ ადამიანებს ალტერნატიულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ყოფნა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ მაღალი თანამდებობის პირებზე არ არის ლაპარაკი. თუ პოლიტიკური ნიშნით დევნა შეწყდება, ეს მთავრობისთვისაც კარგი იქნება.

საერთო კლიმატისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ ეს დემოკრატიული ჩარჩო.

ჩემი ამოცანა იყო, მეც და პრემიერსაც საკუთარი პოზიციები გამოგვეხატა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს შევძელით. რომ გითხრათ, დღეს ყველაფერზე შევთანხმდით-მეთქი, ტყუილი იქნება - რა თქმა უნდა, ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობა, ზოგადად, ყველა საკითხთან დაკავშირებით განსხვავდება, მაგრამ, ვფიქრობ, ორივე მხარე შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ და საქართველოს უნდა გავუფრთხილდეთ.

შევთანხმდით იმაზე, რომ ქართველ ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და გრძელვადიანი გნვითარების გარანტიები. ვთანხმდებით იმაზეც, რომ არც ერთ მხარეს არ გვინდა გართულება; ასევე, პრაქტიკულად, შევთანხმდით, მათ შორის, საკანონმდებლო საკითხებზე.

არის ბევრი რამ, რაზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

უნდა დასხდნენ ახლა ჯგუფები და გააგრძელონ მუშაობა - ჩვენი მოწოდება მხოლოდ ეს იქნება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მე მაღელვებს, რადგან ქვეყანაში დღეს გვაქვს ეკონომიკური სტაგნაცია - ამას ვერავინ ვერ უარყოფს.

ქვეყანაში არის სხვა პრობლემური საკითხები და თან შეიმჩნევა პოლიტიკური კრიზის ნიშნები. ყველაზე ნაკლებად ახლა პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება გვჭირდება, რადგან პოლიტიკური კრიზისი გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, რიგითი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუარესებას და ადამიანების გაღატაკებას.

ჩვენ ეს არ გვსურს და, უპირველესად, მე არ მსურს. ამიტომ, ახლა მთავრობას ჰყავს მოკავშირე, ჩვენ გვინდა, რომ მთავრობამ ყველა ეს საკითხი გადალახოს და მე მათ მხარეს ვარ მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა ეს მინისტრები, ვეთანხმები თუ არა პრემიერ-მინისტრს.

ასე რომ, ეს ძალიან მარტივი საკითხია. მთავრობას შეუძლია მშვიდად იყოს, არავინ არავის არ ითხოვს, არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება ბევრი დარღვევა და  გაუგებრობაა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ ხელი შეუშალეს, თორემ ბევრ კარგს გააკეთებდნენ.

ნეტავ, კარგი გააკეთონ და ამას მხოლოდ მივესალმები.

ვფიქრობ გავარკვიეთ ეს პოზიცია და მგონი, კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრემიერი, რომ რაიმე საფრთხე ჩემგან არ ელის.

ჩვენ განვიხილეთ ჩემი ამასწინანდელი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში, - ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს. იგი მიიჩნევს, რომ ამით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, არადა, ვფიქრობ, ყველამ ნახეთ ტელევიზიის საშუალებით, თუ როგორ ვიცავთ საქართველოს პოზიციას.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განვითარება გაგრძელდეს, ერთი სამთავრობო გუნდი  ხავერდოვნად შეცვალოს მეორემ და არ გვქონდეს მოსალოდნელი ჩავარდნები.

გარკვეულ საერთაშორისო საკითხებში ბევრი პრობლემური თემები გამოიკვეთა, თუმცა მზად ვარ მათ გადალახვაშიც დავეხმარო მთავრობას.

მეც შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, რომ ყველაფერი გააფუჭეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას არ ვიტყვი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი შიდა პოლიტიკური დებატების თემა.

ჩვენ, შეიძლება, გვქონდეს ან არ გვქონდეს პრობლემები, მაგრამ ამ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, თავადაც ხედავთ, როგორ მხვდებიან სხვადასხვა ქვეყნებში, როგორი საჯარო განცხადებები გაკეთდა უმაღლესი ხელმძღვანელების მიერ, ნახეთ, როგორი პატივისცემით გვეპყრობიან და ეს არ არის პატივისცემა ჩემ მიმართ - ეს არის პატივისცემა საქართველოს მიმართ.

ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც, მზად ვარ,  ჩემი პრეზიდენტობის უფლებამოსილების ბოლო წუთამდე გამოვიყენო, რათა საქართველო ვერავინ და, უპირველესად, ჩვენმა მტერმა ვერ დახიოს უკან.

ამიტომ, მეც მოვუწოდებ პრემიერს, რომ ჩვენი განსხვავებული შეხედულებები ამ თემებთან დაკავშირებით, საერთოდ არ განვიხილოთ საჯაროდ, რადგან თუკი საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ერთმანეთთან დავიწყობთ ბრძოლას, ამით მხოლოდ ერთი ვიღაც იხეირებს. ეს კი არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს.  

ყოველთვის მზად ვარ გამოსვლისთვის და კიდევ ვიმეორებ, როგორც აქ შეხვედრა, ისე პარლამენტში გამოსვლა, ემსახურება მხოლოდ ერთს - პოლიტიკურ დიალოგს.

დასამალი არ არის, რომ მათი დიდი ნაწილი ვერ მიტანს. კი ბატონო, როდესაც ვიღაცას ვერ იტან უნდა მოიყვანო, გააკრიტიკო, ამხილო და შემდეგ პოლიტიკური ქულები დაიწერო. ამის შესაძლებლობას ვაძლევდი - ქუჩებში კი არ უნდა გადაგვეტანა ჩხუბი, როგორც ეს 8  თებერვალს მოხდა, არამედ პარლამენტის შიგნით, რიტორიკულად. რაც უნდოდათ ეთქვათ, მზად ვიყავი ყველაფრისთვის გამეძლო და ცივილიზებულ ფარგლებში მეპასუხა.

ამის ნაცვლად ერთმანეთს „დამალობანას“ ვეთამაშებით... საზოგადოებამ განსაზღვროს, იცრუა თუ არა სააკაშვილმა. მე არასდროს არ ვიტყუები და თუ თქვენ რაიმე არ მოგწონთ, ასეთი მარტივი ტერმინოლოგიით არ უნდა გამოხატოთ. კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ და მზად ვართ, ამ თემებზე ოპონირებაც გავწიოთ.

სწორედ ეს იყო პარლამენტში ჩემი მისვლის საგანი და ამისთვის მზად ვარ. პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობამ იცის ჩემი პოზიცია და ნებისმიერ მომენტში ვარ მზად მივიდე ყველგან, სადაც დიალოგის ფორმატი იქნება, მონაწილეობა მივიღო ყველაზე მწვავე განხვილვაშიც კი და მოვისმინო და მივიღო ყველა არგუმენტი. ოღონდ, ნუ იქნება არეულობა, ჩხუბი, შეტაკება და არ გაუარესდეს ხალხის დონე.

ბოლო თვეებში ეს შეინიშნება და ჩვენ სირაქლემას პოზაში ვერ დავდგებით. პრობლემებია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, სერიოზული ჩავარდნა გვაქვს ტურიზმსა და ჩვენი პროდუქციის სავაჭრო ბალანსის მხრივ.

სერიოზული ჩავარდნა გვაქვს ინვესტიციების თვალსაზრისითაც.

ბოლო ორი დღის განმავლობაში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიყავი. ვიზიტებზე მარტო კი არ უნდა დავდიოდე, ჩემთან ერთად უნდა მოდიოდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ეკონომიკის განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი...

აქ საკითხი არ არის მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, საზღვარგარეთ საქართველოს თემებზე სააუბროდ მივდივართ.

ამიტომ, ყველა ერთად დავსხდეთ და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხების შესახებ.

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილია, ხვალ შეიძლება სხვა იყოს. არავინ არ უნდა ამბობდეს, ვიზიტისას, რაღაც არასწორად გააკეთაო... წამომყევით თქვენც - როდის აგიკრძალეთ წამოსვლა? წამოდით და ერთად დავსხდეთ მაგიდასთან, ერთად ვილაპარაკოთ, ერთად ვიმუშაოთ და იქნებ ერთად გავაკეთოთ საქართველოსთვის სასიკეთო საქმე.

ინვესტიციები კი არ უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს. ეკონომიკური ზრდა კი არ უნდა შემცირდეს, (ჩვენ ცხრა პროცენტს ვვარაუდობთ და ახლა კი, შესაძლოა, ნულამდე დავიდეთ), არამედ 10-12 პროცენტი უნდა გვქონოდა ერთად რომ გვემოქმედა.

ძალა ერთობაშია, მათ შორის, ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალების ერთობაში თუკი საქმე საქართველოს შეეხება.

ეს იყო ჩემი გზავნილი პრემიერის მიმართ.

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო, მაგრამ სხვა მხრივ, მსგავს შეხვედრებს ალტერნატივა არ აქვს.

საბოლოოდ, საქართველოს საკეთილდღეოდ ჩვენი ძალა ერთობაშია.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)