Google+

სიახლეები

04.03.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში საზაფხულო თეატრი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, სადაც ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ბათუმში განხორციელდა, ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვას ისახავდა მიზნად. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის აღმშენებლობის პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანი და აუცილებელი. პრეზიდენტმა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის მიერ შემცირებული ბიუჯეტი, ისევ მოსახლეობას დააკლდება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ახალ მთავრობას, ნგრევის ნაცვლად ახალი ობიექტების მშენებლობას დაუთმოს დრო და ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნოს.

„ვფიქრობ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ბათუმისთვის, რადგან ადრე აქ ოთხჯერ უფრო პატარა თეატრი იყო. ის აღადგინეს ლევან ვარშალომიძის ინიციატივით, რათა ბათუმში ტურიზმი არ ჩავარდეს, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს ბევრ ადგილზე ხდება. ასეთი ობიექტები ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხალხს არ მოაკლდეს შემოსავალი ბოლო თვეებსა და წლებში. ბოლო წლების განმავლობაში ავაშენეთ რამდენიმე ახალი მუზეუმი ბათუმში, ორი მთლიანად ახალი, ძალიან კარგი თეატრი. ჩვენ ავაშენეთ ორი ახალი უნივერსიტეტი - ხელოვნებისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტები, აღარაფერს ვლაპარაკობთ ბევრ ინფრასტრუქტურულ, თუ სხვა სახის პროექტებზე. ძალიან ხშირად ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ამას საკუთარი გართობისთვის აშენებს, თავად სიამოვნებს და მოსწონსო. მინდა ვუთხრა ყველას, ეს ყველაფერი აშენდა ბათუმისა და საქართველოსთვის. ბოლო ხანებში მე საერთოდ აღარ დავდივარ ბათუმში. არ ვაპირებ ხშირად სიარულს, რადგან ბათუმელებმა უნდა დაინახონ და გაიგონ - უმეტესობა ხვდება კიდეც, ეს კეთდება მათთვის; იმისთვის, რომ ქალაქი დამკვიდრდეს რუკაზე, გაიზარდოს მათი შემოსავალი, გაუჩნდეთ ახალი შესაძლებლობა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ჩაკვდეს ცხოვრება. ეს თეატრები ნიშნავს ფესტივალებს, ჩამოსულ სტუმრებს, დახარჯულ ფულს რესტორნებსა და კაფეებში, ნაქირავებ ბინებს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი პირადი საკუთრება და მზად არის, მთავრობას ნებისმიერ დროს გადასცეს.

საქართველომ უნდა იამაყოს იმით, რაც ამ ქალაქში შეიქმნა. ყველაფერი შეიქმნა მათთვის და არა სააკაშვილისთვის. აქამდე ყველას ეგონა, რომ ყველაფერი რაც მესტიაში, ბათუმში, ანაკლიაში, ახალციხეში კეთდებოდა, ვიღაცის აკვიატება იყო. ახლა იმასაც ვაპირებ, რომ ბობოყვათის რეზიდენცია გადავცე მთავრობას, ნამდვილად არ ვაპირებ, აქ ჩემთვის მოვიწყო რაღაც. პირიქით, აქ, პრაქტიკულად, აღარ ვივლი და მინდა, ბათუმელებმაც დაიჯერონ, რომ ყველაფერი სააკაშვილის ახირება კი არ იყო, ხალხისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის კეთდებოდა“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)