Google+

სიახლეები

11.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს შეხვდა

 

დღეს ჩვენ გვქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის უმცირესობის ლიდერთან.  

პირადად მე ისევე, როგორც საზოგადოება, უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმით, რაც ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე პრეზიდენტის დაგეგმილი მიმართვის წინ მოხდა. საქართველოს ოპოზიციის, პრაქტიკულად, მთელი ხელმძღვანელობის მასობრივი ეგზეკუცია მოხდა არა ხალხის, არამედ ციხიდან გამოშვებული კრიმინალთა ბანდის მიერ.  

ვფიქრობ, ყველანი დაინტერესებული ვართ იმით, რომ ეს აღარ განმეორდეს და დისკუსიამ პარლამენტის კედლებში გადაინაცვლოს.

ერთი ნაბიჯია ქუჩის ჩხუბიდან - თუნდაც ის პოლიტიკური თემაზე იყოს - ბევრად უფრო ფართომასშტაბიან და კატასტროფულ მოვლენებამდე.  

ჩვენ აღარასდროს არ უნდა მივიდეთ იმ ზღვარზე, რომელშიც საქართველო  90-იან წლებში იყო. ეს იყო ჩვენი გუნდის მოსაზრება. ვფიქრობ, ბატონი დავითი იზიარებს ჩვენ შეშფოთებას. დღეს სწორედ ამიტომ გვქონდა ვრცელი საუბარი.

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით, რადგან მათ საკუთრი პოზიცია აქვს, მაგრამ ვფიქრობ, დისკუსია კვლავაც გაგრძელდება.  

მთავარია, შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგის რეჟიმით თემები ისევ უნდა გაგრძლდეს. იმედი მაქვს, მოვლენების განვითარება  სწორედ ეს იქნება.

 ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება განხილვა საპარლამენტო უმცირესობის შიგნით,  უმრავლესობის შიგნით და პრემიერ მინისტრთან. უახლოეს დღეებში  კი, ალბათ, შემდგომი საუბარი გაგრძელდება.

მინდა, ხალხისთვის იყოს გასაგები და ჩვენი შეხვედრა შევაჯამოთ. ერთი საკითხი, რომელიც დაისვა მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრივ, ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრობის ვადაზე ადრე დათხოვნა.

საკითხი, რომელსაც სვამს საპარლამენტო უმცირესობა და რომელიც მეც ძალიან მაღელვებს, არის ის, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში, როგორც რეგიონალიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

 მეორე არის ის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია კონსტიტუციურად იყოს დაფიქსირებული. პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში ვერავინ ვეღარ უნდა შეგვათრიოს და ვერავინ ვერ უნდა ჩამოგვაშოროს ევროპასა და ევროატლანტიკურ კურსს.

მესამე საკითხი, ბუნებრივია, შეეხება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. უნდა შეიქმნას დაცვის ისეთი მექანიზმი, რომ მომავალშიც ვერავინ შეცვალოს და ვერ გააუქმოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. აქვე მინდა ვთქვა, ასეთი ცვლილება არ არის შემოტანილი, თუმცა გახმოვანდა, რომ შესაძლებელია შემოიტანონ.

ოქტომბრამდე დიდი დროა, ამის ვადა პარლამენტს აქვს და ამიტომ გვაღელვებს ეს საკითხები ჩვენი გრძელვადიანი განვითარების თთვალსაზრისით.

შესაძლოა, მთავრობას მიაჩნდეს, რომ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში პრობლემებს შევუქმნით, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხები მოვხსნათ. თუმცა ჩვენც გვაინტერესებს რა მოხდება შემდეგ წლებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში ათწლეულების განმავლობაში.

 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს ადგილი ევროპაში. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობის  წევრთაგან ბევრს ამ საკითხებზე ნაფიქრი აქვს, მაგრამ  სადღაც უნდა მოხდეს ამ პოზიციების შეჯერება. არ მგონია, რომ ეს მიუღებელი იყოს რომელიმე მხარისთვის.

აი, ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვმსჯელობთ. ბუნებრივია, არის ბევრი სხვა მიმდინარე საკითხი, რომელთა გარშემოც დიდი ვნებათაღელვაა ბოლო დღეების განმავლობაში;  კეთდება სხვადასხვა განცხადებები.

ჩვენ ახლა ეს არ განგვიხილია, რადგან გვსურდა და ვცდილობდით, რომ საქმეზე ვყოფილიყავით კონცენტრირებული.

ვფიქრობ, შეხვედრა მეტად საქმიანი იყო. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)