Google+

სიახლეები

17.01.2013
საქართველოს პრეზიდენტმა  სამი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა

 პირველი კანონპროექტი ეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. მინდა წინაპირობა გაგაცნოთ ამ კანონპროექტის .  მე ყოველდღიურად ვიღებ ეროვნული ბანკის მონაცემებს  დღგ-ს, ასევე ინვესტიციების შესახებ და მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკაში  არის საგანგაშო ტენდენციები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პარალელურად  საქართველოს მთავრობა სხვადასხვა უცხოელ ინვესტორებს ეუბნება, რომ შემდეგი სამი წელი საქართველოში არ იქნება ეკონომიკური ზრდა, მაშინ როცა  გასულ წელს უკვე პროგნოზირებული იყო რვა პროცენტიანი ზრდა. სამწუხაროდ, ამ  მაჩვენებელმა არჩევნების შემდეგ, დაახლოებით ექვს ნახევარ პროცენტზე დაიწია. წლევანდელი წელი  ძალიან ცუდი მონაცემებით დაიწყო. ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ , ბიზნესაქტიურობა  გაძლიერდეს. ამ მხრივ, ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას ერთის მხრივ, ის ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ერთად მივიდეთ ინვესტორებთან,  ერთად ჩავატაროთ კონფერენციები, ერთად  დავიწყოთ შეჩერებული პროექტების აღდგენა. მეორეს მხრივ, ვეცადოთ რაღაც განსაკუთრებული  გავაკეთოთ ქვეყნისთვის. ამ რეცეპტებზე შორს სიარული არ გვინდა. 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩემმა მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკური ამნისტია და მე ვთავაზობ, ახლაც საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით,  ყველა იმ  საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე ამნისტია გამოაცხადონ, რომელიც 2013 წლამდე გააჩნდათ მეწარმეებს. ამის პარალელურად მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რომ არ იყოს გამოყენებული საპატიმრო სანქციები ეკონომიკურ დანაშაულზე და მითუმეტეს არც  წინასწარი პატიმრობა. ეს არის ჩვენი პირველი საკანონმდებლო შეთავაზება.

ჩვენი მეორე  საკანონმდებლო შეთავაზება იქნება კანონპროექტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ. თქვენ იცით, რომ ამ დღეებში ბევრი კამათი იყო, რადგან საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც შეიცავს კერძო მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. მინდა ყველას შევახსენო და კარგად  დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე.  ჩვენი მთავრობის   8 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, ერთი ფაქტიც არ ყოფილა პრესაში, ან მითუმეტეს ტელევიზიაში,  ოფიციალური ორგანოების მიერ გავრცელებულ მასალებში რომელიმე ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველი მასალები  გავრცელებულიყო. იმიტომ, რომ საერთოდ ხომ იყო, რომ ყველას უსმენენ, ყველას აკონტროლებენ. ერთი ფაქტი მაინც მითხარით, რომ გავრცელდა. ამას მე ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი, ეს არის ჩემთვის ძალიან პრინციპული და ძალიან მტკივნეული საკითხი. მოვიდა ახალი მთავრობა და ჩვენ გვაქვს უკვე სამი ძალიან საგანგაშო ფაქტი. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ მთავრობამ დაიწყო იმით, რომ ციხის თანამშრომლების სახელები, გვარები და მისამართები გადასცა პრესის წარმომადგენლებს,  რაც  ადამიანის პირადი ცხოვრების და პირადი ხელშეუხებლობის უხეში დარღვევაა. ამას არ აკეთებს მსოფლიოს არცერთი მთავრობა, მათ განახორციელეს  შანტაჟი მოსამართლის თანაშემწეზე, გადაიღეს მისი პირადი ცხოვრების შემცველი ვიდეო მასალა, მესამე შემთხვევაში მათ  გაავრცელეს მასალები ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ. მე ვიცი, რომ მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა სისტემები და ბევრი ცუდი რეჟიმი მუშობს ამ მეთოდით,იპოვებს ასეთ მასალებს და ზოგჯერ სოციალურ ქსელში ავრცელებს, მაგრამ მე არ ვიცი მსოფლიოს არცერთი პროკურატურა და შემისწორეთ, თუკი ვცდები. არ ვიცი არცერთი პროკურატურა და არც ერთი სახელმწიფო ორგანო მსოფლიოში, რომელიც გაავრცელებს, ან ჟურნალისტებს ოფიციალურად  მისცემს ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს. საქართველოს პროკურატურამ მოხსნა არაცივილიზებულობის ყველა რეკორდი, პირდაპირ რომ ვთქვათ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, სრულიად ამორალური და დასაგმობი საქციელი. ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუსი ოლიგარქების გაზრდილი ადამიანები სწავლობდნენ რუსეთში 90-იან წლებში. რაც ისწავლეს ახლა იმას საქართველოში აკეთებენ, რადგან მე სხვა მაგალითები არ მახსენდება.ეს იყო 90-იანი წლების, ელცინის პერიოდში, როდესაც ამ ოლიგარქებმა იშოვეს მილიარდები, სწორედ მსგავსი შანტაჟის მეშვეობით,  მაგრამ პროკურატურის მეშვეობით მსგავსი ვიდეომასალების გავრცელება ელცინის დროსაც კი არავის მოუფიქრებია . რა ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოსა და ქართველი ხალხის ხარჯზე?! სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე,  მე შემომაქვს კანონპროექტი, რომლითაც აიკრძალება მსგავსი მასალების შეგროვება და  დაისჯება სამართლებრივად. თუკი ასეთი მასალა ჩაუვარდათ სამართლებრივ ორგანოებს, ეს უნდა განადგურდეს და ამ თვალსაზრისით, ყველა შემთხვევაში  უნდა მიეცეთ მოქალაქეებს დამატებით დაცვის გარანტიები.

მესამე კანონპროექტი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ,  არის სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიების შესახებ.რის შესახებაც  ავღანეთში, ჰელმანდში , შუკვანის ბაზაზე ყოფნისას ვისაუბრე.  გთავაზობთ, რომ ყველა დაღუპულ სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს , მარჩენალი იყო  თუ არა,  გაუორმაგდეს  კომპენსაცია.მინდა ავღნიშნო, რომ არსებული კანონით მხოლოდ ერთჯერადი კომპენსაციის ოდენობა იყო განსაზღვრული.ამის შესაძლებლობა წინა წლებისგან განხვავებით ახლა უკვე აქვს სახელმწიფოს. ასევე უნდა  გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი  გაორმაგებული სახელმწიფო პენსიის რაოდენობით განისაზღვროს. ახალი ინიციატივით გაორმაგებული კომპენსაციების მიღება,მათ საჯარო სამსახურში მსახურობის პერიოდშიც შეეძლებათ. შესაბამისი სახსრები ბიუჯეტში დღეს  არის.

პირველი და მეორე კანონპროექტი  დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს, ხოლო მესამე კანონპროექტის ფინანსურ დასაბუთებას ჩვენ წარვუდგენთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)