Google+

სიახლეები

16.01.2013
მიხეილ სააკაშვილი:"მინდა კარინასნაირ ადამიანებს დიდი მადლობა ვუთხრა. დარწმუნებული ვარ დადგება ის დრო, როდესაც ის დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ სტრუქტურაში გააგრძელებს ბრძოლას ჯაშუშებთან და კრიმინალთან"

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის კაპიტანი კარინა გრიგორიანი  ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. კარინა გრიგორიანმა, რომელიც წლების განმავლობაში შსს-ში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, რის მიზეზადაც ბოლო დროინდელი მასშტაბური ამნისტია დაასახელა. როგორც პოლიციის კაპიტანმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამნისტიის ფარგლებში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულთა შეწყალება და სასაჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლება.
მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას ამნისტიის თემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიღებით საქართველოს პარლამენტმა საგანგაშო პრეცენდენტი დაუშვა. მისი თქმით, პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე მისცა უფლება ყველა იმ დამნაშავეს ესარგებლათ პოლიტპატიმრის სტატუსით, ვისაც გარკვეული კავშირი აქვთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ არცერთი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ადამიანი, როგორც ეს პარლამენტმა განმარტა, არ ყოფილა პოლიტ პატიმარი. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ბელარუსში ხუთი პოლიტპატიმარია, რასაც ბელარუსი უარყოს. ჩრდილოეთ კორეაში ათი პოლიტპატიმარია. საქართველოში კი, როგორც პარლამენტმა გამოაცხადა, 200 პოლიტიკური პატიმარია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში მთლიანობაში შესაძლოა 200 პოლიტიკოსიც კი არ იყოს, არათუ პოლიტპატიმარი...საქართველოს პარლამენტმა თქვა, რომ ყველა ადამიანს, ვინც თავის თავს უწოდებს პოლიტიკოსს, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას, მათ შორის, შეიარაღებული; შეუძლია ადამიანი დაჭრას ცეცხლსასროლი იარაღით და ის გათავისუფლდება, თუ რაიმე კავშირი აქვს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე მუშაობენ პოლიციაში და საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.

"მინდა კარინასნაირ ადამიანებს დიდი მადლობა ვუთხრა. დარწმუნებული ვარ დადგება ის დრო, როდესაც ის დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ სტრუქტურაში გააგრძელებს ბრძოლას ჯაშუშებთან და კრიმინალთან. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილ ოფიცერს, გადავცე ის, რაც მას შეეფერება - ღირსების ორდენი. მას უკვე აქვს ვახტანგ გორგასლის ორდენით, რომელიც სწორედ უცხოურ სპეცსამსახურებთან ბრძოლისთვის მიიღო. მისი ნაბიჯი მართლაც ღირსეული იყო. ვფიქრობ ყველაფერი წინ არის. მინდა კიდევ გადავუხადო მას მადლობა ამ გაბედული ნაბიჯისთვის,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა

კარინა გრიგორიანი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის II სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროს ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე მუშაობდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)