საქართველოს პრეზიდენტი: „დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ღირსეულ პასუხს გასცემს და ხელს შეუშლის საქართველოს უკან-რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ყველანაირ მცდელობას. ჩვენი ქრისტიანობა ასევე არის ჩვენი პასპორტი ევროპაში. ევროპულ სახლს ჩვენ ვერავინ ვერ ჩამოგვაშორებს.“
თქვენო ყოვლად უწმინდესობავ და ძვირფასო სტუმრებო.
ჩვენთვის დღევანდელი ღონისძიება ბევრად მეტია, ვიდრე ცალკეული საეკლესიო სულიერი ლიდერის იუბილე. ჩვენი ეროვნული სიტუაციიდან გამომდინარე ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული დღესასწაული. ამ დღეებში თქვენ გქონდათ საშუალება, რომ წვეოდით არა უბრალოდ მის უწმინდესობას, იყავით მთელი ქართველი ხალხის სტუმრები. თქვენი აქ სტუმრობა ნათელი დასტურია იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენ პატრიარქს მართლმადიდებლურ სამყაროში, რომლის ერთიანობისთვის, იღწვის ეკუმენისტური საპატრიარქო მისი ყოვლადუწმინდესობის, ბართლომეოს პირველის ხელმძღვანელობით.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ მისი უწმინდესობა ისეთივე მასშტაბის ფიგურაა საქართველოში, როგორიც იყვნენ ჩვენი ეროვნული ლიდერები საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში.
მე-19 საუკუნეში, როდესაც ითვლებოდა, რომ ქართული ეროვნული შეგნება ჩამქრალი იყო, როდესაც საქართველოს ეროვნული ერთიანობა და ეროვნული ინდივიდუალობა გაქრობის პირას იდგა, გამოჩნდა ილია ჭავჭავაძე. მან თავის გარშემო შეკრა ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს ერთიანობის იდეა.
მან მოიარა საქართველოს კუთხეები და პირველად, მრავალი საუკუნის შემდეგ, სწორედ ილია ჭავჭავაძემ გააერთიანა ერთი იდეის ფარგლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. ამ თვალსაზირისით, მისი საქმიანობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამგვარად იყო ილია. და მეოცე საუკუნეში გამოჩნდა მეორე ილია - ილია მეორე.
70-იან წლებში, როდესაც ჩვენ გვიჭერდნენ კომკავშირელები, როდესაც შევდიოდით ეკლესიაში და როდესაც ჩემი დიდი ბაბუა, რომელმაც გამზარდა, რომლის მამაც ეპისკოპოსი იყო, ჩუმად ლოცულობდა ძილის წინ და იწერდა პირჯვარს, სიონში ახალგაზრდა პატრიარქის გარშემო შეიკრიბა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც სრულიად ახლებურად დაინახეს ქართველი ერი, ქართველი ერის იდეა და საქართველოს მომავალი პერსპექტივები. 80 - იან წლებში შეიქმნა ეროვნული მოძრაობა, რომელმაც, საქართველო, რეალურად გამოიყვანა დამოუკიდებლობის ორბიტაზე და რომელმაც დიდი წვლილი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლაში. ეს საქმიანობა დაახლოებით ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს ახალგაზრდობამ დაიწყო ახალი აქტიური ბრძოლა არა უბრალოდ ქართული ენის გადასარჩენად, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ხელახლა აღმოცენებისთვის. სწორედ ამ იდეის გაგრძელებაა ის ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობა, რომელიც საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს. საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ არსებობდა, ქართული ეკლესია იყო ის რაც, საქართველოს იდეას აცოცხლებდა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო მართლმადიდებლურ რუკაზე, უკვე ახალ ეპოქაში, რაც უკვე შეუქცევადი პროცესია, მისმა უწმინდესობამ დაიწყო. ჩემზე ყოველთვის დიდი შთაბეჭდილებას ახდენდა მისი უწმინდესობის მყარი ფასეულობები და მყარი ორიენტაცია დღევანდელ არც თუ ისე მარტივ სამყაროში.
მე კარგად მე მახსოვს ეკლესიის როლი რამდენიმეთვიანი მასშტაბური ოკუპაციის დროს 2008 წელს, როდესაც ეკლესია არა მხოლოდ არ დამალულა, არამედ აქტიურად ჩაერთო სოციალურ როლში და ყველა საკითხში, რომელიც ძალიან რთულ სიტუაციაში ჩვენ ხალხს ჭირდებოდა. მე მისი უწმინდესობისგან ვიცი, რა შემოთვლები ქონდა 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, რომ ისეთი როლი ეთამაშა ეკლესიას, რომელიც გარკვეულ დისტანცირებას მოახდენდა საქართველოს დამოუკიდებლობის და ოკუპაციასთან არშერიგების იდეასთან. და ამას პატრიარქმა გასცა ძალიან ღირსეული პასუხი. დარწმუნებული ვარ, ღირსეულ პასუხს გასცემს და საქართველოს უკან - რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების ყველანაირ მცდელობას შეუშლის ხელს.
ჩვენი ქრისტიანობა ასევე არის ჩვენი პასპორტი ევროპაში. ევროპულ სახლს ჩვენ ვერავინ ვერ ჩამოგვაშორებს. მე მინდა მის უწმინდესობას ვუსურვო ჯანმრთელობა. ის არის ახალგაზრდა კაცი, არა უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოში ზოგადად ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანს შეუძლია მუდმივად ქმნიდეს და მისი უწმინდესობა მუდმივად ქმნის. თქვენ მოისმინეთ მისი დაწერილი ბოლო საგალობელი. ვფიქრობ, თითოეული მისი მუსიკალური ნაწარმოები, მართალია მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ სპეციალისტებიც ამას ამბობენ, რომ არის უმაღლესი დონის. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში შექმნილი. ე.ი. ის ახლა აღწევს ახალგაზრდობის პიკს. თქვენ ასევე გაქვთ ნანახი მისი მხატვრული შემოქმედება. მე მას მინდა ვუსურვო მარადიული ახალგაზრდობა, თქვენი მრევლის და მთლიანად საკაცობრიობოს გასახარებლად.