Google+

სიახლეები

13.01.2013
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ რეფორმების ნრგევის და შეჩერების სურვილს ჩავაცხრობთ და წინსვლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ახალი ხალხითა და ენერგიით.“

საქართველოს პრეზიდენტი დღეს კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში ანდრო ბარნოვის მშობლების ოჯახს ესტუმრა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია მსგავსი გამოცდილებისა და წარმატების მქონე ადამიანების წამყვან თანემდებობებზე დანიშვნა. მისი თქმით, სწორედ მსგავსი პატრიოტი ადამიანების დახმარებით არის შესაძლებელი იმ რეფორმების გაგრძელება, რომელსაც საფუძველი წინა მთავრობის პერიოდში ჩაეყარა. მიხეილ სააკაშვილი  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო, ამნისტიის კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსი ჯაშუშებისა და სხვა მძიმე დამნაშავეების გამოშვება საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. პრეზიდენტმა  ანდრო ბარნოვთან  რეგიონში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და მას ახალი გუბერნატორის რანგში პირველი დავალებებიც მისცა, რომელიც სარწყავი მილების აღდგენას ეხება.

„ანდრო შიდა ქართლის გუბერნატორად წარვადგინეთ იმ დროს, როდესაც საქართველოში რთული ვითარებაა და ქვეყანა გარდამავალ პერიოდში იმყოფება. ანდრო ყოველთვის პატრიოტი იყო. მან ჩამოაყალიბა სამხედრო აკადემია გორში, თავის კოლეგებთან ერთად შექმნა ძალიან კარგი ფაკულტეტი უნივერსიტეტში. ახლა კი, ამ რთულ დროს როდესაც ასეთი რთული პროცესები ვითარდება საქართველოში, ამ რეგიონში პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია იკისრა. შიდა ქართლი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონია.

აქ რამდენიმე წლის წინათ ვიყავი და მახსოვს, როგორი ცუდი გზა იყო. გზა უკვე გავაკეთეთ, მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ და ახალი სარწყავი სისტემები დავამონტაჟოთ, ისევე როგორც რამდენიმე ადგილას ქართლში, რუისისა და ურბნისის ზონაში და გორთან. ეს პროგრამა უნდა გაგრძელდეს და ამ ტერიტორიების მორწყვა უნდა აღდგეს. აქ იქნება კარგი  გზა, ასევე ახალი სარწყავი სისტემა და სულ სხვა სიტუაცია შეიქმნება.

ანდრო აკადემიის ძალიან კარგი რექტორი იყო, მაგრამ ჩემი მთავრობის დროს, ახალმა მინისტრმა სრულიად დაუმსახურებლად გაათავისუფლა სამინისტროდან. მაგრამ მთავარი რაც მომწონს არის ის რომ, არ გაბრაზებულა და ჩვენთან მოვიდა იმ დროს როდესაც ის ქვეყანას ყველაზე მეტად ჭირდებოდა. ასეთი ხალხი არის განახლების სიმბოლო საქართველოში. ისეთი ადამიანები, რომლებიც შეცდომებს უშვებენ, იმ ხალხით უნდა ჩანაცვლდეს, ვინც ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს. საქართველო უნდა გადარჩეს ახალი სისხლით, ახალი ენერგიითა და ახალი გუნდით. სამწუხაროდ, დღეს ისმის კითხვა საქართველოს გადარჩენასთან დაკავშირებით - ძველ კითხვას დავუბრუნდით. ჩვენ  აუცილებლად გადავრჩებით. გადაარჩენს მხოლოდ ახალი ენერგია, ახალი გუნდი და რეფორმისტული სულისკვეთება. ჩვენ რეფორმების ნრგევის და შეჩერების სურვილს ჩავაცხრობთ და წინსვლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ახალი ხალხითა და ენერგიით. ანდროს მოსვლა ჩემთვის ამ ყველაფრის განახლების სიმბოლოა.

ჩვენ ყველასთან გვინდა კარგი ურთიერთობები, მაგრამ საკუთარი ისტორია უნდა გვახსოვდეს - უნდა გვახსოვდეს რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)