სიახლეები
14.11.2012
მიხეილ სააკაშვილი ჰერმან ვან რომპუის პირისპირ შეხვდა
ბრიუსელში დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ იმ პროგრესზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო წინა მთავრობის მიერ მიღწეული შედეგები ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას, ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებების შესახებ გაამახვილეს და, ამ მხრივ, მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრეს. ჰერმან ვან რომპუის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში ქვეყანამ დიდ შედეგს მიაღწია. და იმედი გამოთქვა, რომ ამ კურსს ახალი მთავრობაც გააგრძელებს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პროცესები და რეფორმები საქართველოში კვლავაც უნდა გაგრძელდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა და ქვეყნის პირველი პირი ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. მან ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველოსმ ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით მიაღწია. გამოსვლისას, იგი კიდევ ერთხელ შეეხო ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე მუშაობის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და იმ როლზე, რომელსაც საქართველო ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს არჩევნების პერიოდში მხარდაჭერისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის მიმართულებით ახალი მთავრობის პირობებშიც გაგრძელდება მუშაობა და აღნიშნა, საქართველო ახლა, როგორც არასდროს, ახლოსაა დასახულ მიზანთან. მისი თქმით, თუკი ქვეყნის ახალი მთავრობა კონფრონტაციის ნაცვლად, თანამშრომლობის გზას აირჩევს, ერთობლივი ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი.