Google+

სიახლეები

13.11.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ერთიანი ფრონტი უნდა შევქმნათ, რათა უცხოეთში საქართველო მხოლოდ პოზიტიურად მოიხსენიებოდეს და მხოლოდ პროგრესზე იყოს ლაპარაკი“

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში მასმედიის წარმომადგენლებთან ქვეყნის შიდა და საგარეო საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ყურადღება მან ახალ მთვრობასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის დაჩქარებისთვის სტიმულის მიმცემი უნდა იყოს. ამ სტრუქტურებში გაწევრიანება კი, ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ყველას ინტერესია და ახლა, როგორც არასდროს, ინტენსიური მუშაობაა საჭირო.

„არის საკითხები, რომლებიც საქართველოს შიგნით დიდი დისკუსიის საგანია, მაგრამ როდესაც აქ ჩამოდიხარ, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის მთავარი საკითხი უნდა იყოს ის, რაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას უკავშირდება. წინა წლებში იმდენი პოზიტივი გაკეთდა, იმდენად შორს წავიწიეთ - უკვე გვაქვს შანსი ევროკავშირისგან მივიღოთ თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება და შევძლოთ ჩვენს მოქალაქეებს უახლოეს წლებში გავუმარტივოთ ცხოვრება - რომ თუ კარგად ვიმუშავებთ, მომავალი წლის ოქტომბერში სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება, შეგვეძლება მივიღოთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე პირველად მინიშნება და  განცხადება. აქედან გამომდინარე, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა. ვფიქრობ, საქართველოს ახალი მთავრობის თავჯდომარე, რომელიც აქ ჩამოვიდა, ალბათ დაინახავდა და გააცნობდნენ კიდეც პროგრესს, რომელსაც საქართველომ წინა წლებში მიაღწია. არასწორი იქნებოდა ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ არაფერი არ არის მიღწეული და იმის მტკიცება, რომ ყოველივე ეს ტყუილი იყო, რადგან, საბოლოოდ, ეს არ არის პარტიული პროგრესი - ეს არის საქართველოს პროგრესი. ჩვენ კი არ უნდა დავანგრიოთ ის, რაც მიღწეულია, პირიქით, უფრო მეტად უნდა განვავითაროთ, ახალი დავაშენოთ და შემდგომ საფეხურებზე გადავიდეთ. ვფიქრობ, როდესაც ვსაუბრობთ განვითარებაზე, ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა კარგად ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების მშვიდი გადაბარების პროცესი იმისთვის, რომ ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციისთვის,  ამას ახალი დიდი სტიმული მიეცა. ამიტომ, ერთმანეთი კი არ ვაკრიტიკოთ და ვლანძღოთ, განსაკუთრებით, უცხოეთში, უპირველესად, საერთო ინტერესით გამოვიდეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ერთმანეთის მისამართით წუწუნი არც ჩვენ მოგვცემს რამეს, არც პატივისცემას გამოიწვევს ჩვენს მიმართ და არც ქვეყანას გააძლიერებს. საქართველოს პროგრესი ყველას ინტერესია. ვფიქრობ, თანდათან, ამ ფერხულში ახალი მთავრობაც ჩაებმება და შევძლებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გარკვეული სახის თანამშრომლობის მოდელის ჩამოყალიბებას...

გუშინ და დღეს კრიტიკული განცხადებები მოვისმინე საქართველოს მთავრობის მიმართ და ეს ძალიან მწყინს. პრაქტიკულად, ჩემი ინსტიქტია ის, რომ როდესაც უცხოეთში დავდივარ, საქართველოს უნდა აქებდე. არ შეიძლება მიხაროდეს საქართველოს, ან თუნდაც მისი დღევანდელი მთავრობის კრტიკა. ჩემი გამოსვლა გუშინ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ უნდა წავიდეთ წინ ამ ალიანსში. განსახილველად საერთოდ არ გამომიტანია საქართველოს შიდა საკითხები და ასამბლეამ მიიღო კიდეც რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა წაიწიოს წინ. ეს მნიშვნელოვანი იყო. ეს კრიტიკა არ ეფუძნება იმას, რომ ჩვენ რაღაც ცუდი მოვყევით აქ - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამით არ ვართ დაკავებული. ალბათ არის კონკრეტული საკითხები, რომლებსაც მიხედვა სჭირდება. ზოგი რამ გამოუცდელობის ბრალია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არ უნდა მოვხერხოთ ის ტოტი, რომელზეც ვსხედვართ. ჩვენ ის კი არ უნდა ვიძახოთ, რომ ყველაფერი ეს ტყუილი იყო და სააკაშვილი ატყუებდა მსოფლიოს და ისეთი პროფესიონალია, რომ ყველა შეცდომაში შეიყვანა, პირიქით, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი იყო და ახლა ჩვენ გვინდა ბევრად უკეთესი; ჩვენ გვინდა წინსვლა და განვითარება; ჩვენ ინსტიტუტების, პროგრესის, შენობების ნგრევა კი არა, ახალი ინსტიტუტების შექმნა, ძველი პროგრესის გაგრძელება, ახალი ნაგებობების აშენება, მათ შორის, სახელმწიფოებრივი შენობების და საქართველოს წინსვლა გვსურს. თუკი ყველას ასეთი პოზიცია ექნება, საქართველოს საერთო პროგრესში ადგილი მოიძებნება ოპოზიციისთვისაც, პრეზიდენტისთვისაც, უმრვლესობისთვისაც  და, უპირველესად, ახალი მთავრობისთვის. ასე ვხედავ ჩვენს ურთიერთობას. ვფიქრობ, ბევრი რამ არის გაურკვეველი, მაგალითად, დიპლომატიური წარმომადგენლობის გამოყენების საკითხი. ჩვენი ელჩები სააკაშვილის ელჩები კი არ არიან - ისინი საქართველოს ელჩები არიან, საქართველოსთვის მუშაობენ და არა რომელიმე პარტიისთვის. ამ მხრივ უნდა შევხედოთ მათ და არა იმის მიხედვით თუ ვისი დანიშნულია და ვინმეს ინტერესებს ხომ არ წარმოადგენს. ელჩი არავის ინტერესებს არ უნდა წარმოადგენდეს გარდა ქვეყნისა. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ აქ გადმოვიტანოთ ჩვენი უთანხმოება და აქ დავიწყოთ ერთმანეთის გმობა...

ჩვენ მზად ვართ, ინტენსიურად ვითანამშრომლოთ უმრავლესობასთან, განსაკუთრებით, საგარეო საქმეებსა და თავდაცვის სფეროში. ჩვენი სურვილია პროგრესის გაგრძელება. არ იქნება სწორი კონკრეტული ადამიანების მოშორება იმ საბაბით, რომ ისინი სხვისი დანიშნულები არიან. მე ვიყავი ახალი პრეზიდენტი და ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ძალიან ბევრი ელჩი კიდევ მრავალი წელი მუშაობდა, ზოგიერთი მათგანი ახლაც კი მუშაობს. ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების გაგრძელების საკითხია. დიპლომატების გასაზრდელად და დიპლომატიური სკოლის შესაქმნელად, ქვეყნებს ასწლეულები სჭირდება. ჩვენ ძალიან სწრაფად მოგვიწია ამის გაკეთება და საუკეთესო კადრები გვყავს. ეს ხალხი საქართველოს ემსახურება და არა რომელიმე პარტიას. ჩვენ ვარდების რევოლუციის შემდეგაც არ შეგვიხედავს მათთვის პარტიული ნიშნით. პრაქტიკულად, ჩვენ ნანგრევები დაგვხვდა, მაგრამ ზოგი რამ მაშინაც არ იყო გადასაგდები. ახლა მით უმეტეს - როდესაც სახელმწიფო ავაშენეთ, როგორ შეიძლება ჩაქუჩით მივადგეთ მას და ხალხი დევნო იმისთვის, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, თუ ერთმანეთთან ვილაპარაკებთ, კომპრომისებიც აუცილებლად მოიძებნება და გამოსავალიც ყველა ამ სიტუაციიდან...

აქედან მოწვევა ერთი თვის წინათ მივიღე. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრმა ბევრად უფრო გვიან გადაწყვიტა აქ ჩამოსვლა. თავისთავად, ეს არ უნდა იყოს კონფროტაციის თემა. აქ ჩვენ ერთი ენაზე უნდა ვლაპარაკობდეთ და ერთ საქმეს უნდა ვაკეთებდეთ - საქართველოს წინსვლის და ევროინტეგრაციის საქმეს. ამას მოვახერხებთ ცალ-ცალკეც და, მზად ვარ, გავაკეთოთ ერთად. ძირეულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ფუნდამეტური გადაწყვეტილებები არსად არ წავა. თუ ყველანი ვაცხადებთ, რომ გვინდა ევროკავშირი და ნატოსთან დაახლოება, არ შეიძლება ამ საკითხებზე ერთმანეთს ვეკინკლავებოდეთ. პირიქით, ერთიანი ფრონტი უნდა შევქმნათ, რათა საქართველო უცხოეთში მხოლოდ პოზიტიურად მოიხსენიებოდეს და მხოლოდ მის პროგრესზე იყოს ლაპარაკი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)