Google+

სიახლეები

12.11.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ქართველი ხალხისა და საქართველოს საქმე არ უნდა დაზარალდეს ვინმეს გამოუცდელობის ან გაურკვეველი ზრახვების გამო“

საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ  რასმუსენის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების გამო. 

„ამ წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, არ მახსოვს ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკული ტონი. ასეთი კრიტიკული ტონი, ზოგადად, რომელიმე ქვეყნის მიმართ იშვიათად თუ მახსოვს.  მიმაჩნია, რომ ეს იძლევა დაფიქრების საფუძველს. გენშტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დილის 6 საათზე თავდაცვის მინისტრის კაბინეტში დაკავება, რომელსაც შემდგომ დაკავებების მთელი სერია მოჰყვა, იმ პირობებში, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ჩამოსაყვანად, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმით დასრულდა, რომ ეს ვიზიტი ჩაიშალა. მე ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს იმის თაობაზე, რომ, იქნებ, გაზაფხულზე მაინც მოვახერხოთ მათი აქ შეკრება. დეკემბერში იქნება ნატო-ს მინისტერიალი და მთავარია იქ მაინც მივაღწიოთ გარკვეულ პროგრესს. თუკი მაპ-ს არ მოგვცემენ - არ ვიცი ამ ვითარებაში როგორ შეიძლება ამის მიღწევა, პროგრესის სიგნალი მაინც უნდა წამოვიდეს. როდესაც გენშტაბის უფროსი გამოუშვეს, იგი სპეციალურად მოვიწვიე და ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მივეცი შანსი, ეს ინციდენტი უკან მოგვეტოვებინა იმ იმედით, რომ ყველაფერი არ ჩაიშლებოდა. სამწუხაროდ, მათ ეს შანსი არ გამოიყენეს. ვფიქრობ, ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ეს საკითხები არ არის მთავრობისა და პრეზიდენტის კინკლაობის საგანი. ჩვენი უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიებას ამ სამხედრო ალიანსს. არ შეიძლება, რომ  ეს პოლიტიკური დაპირისპირების ასპექტში გადავიტანოთ, რადგან ამით ჩვენ ქვეყანას დავაზარალებთ. იმედია, ახალი მთავრობა ამას არა შეგნებულად კი არ აკეთებს, არამედ გამოუცდელობით მოსდის. ალბათ, შეიძენენ გამოცდილებას უცხოური ვიზიტებით - ჩვენ მივესალმებით  პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ვიზიტებს უცხოეთში. ვფიქრობ, ეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით იქნება მათთვის ინფორმაციის მიმცემი და სასარგებლო. ამით მთავრობის თითოეული წევრი საქართველოს ინტერესებს კიდევ უფრო ნათლად დაინახავს. ეს შეეხება საერთაშორისო პოლიტიკასაც და შიდა პოლიტიკასაც. მას შემდეგ, რაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ამ ფაქტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, ჩემი გზავნილი მაინც იყო ის, რომ ამან არ უნდა შეაჩეროს საქართველოს წინსვლა ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მთავრობები საქართველოში შეიცვლება, შეიცვლებიან პრეზიდენტებიც, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ ნატოში. ამ არჩევნებითა და ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარების პროცესით ჩვენ გვქონდა შანსი, გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა და დეკემბერში ნახტომი გაგვეკეთებინა წინ. არ მესმის რა საჭირო იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. გენერალურ მდივანთან საუბრისას, აღვნიშნე, რომ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა გაიმართოს მინისტერიალი - ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტრების დონეზე. გარკვეული სახის პროგრესს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. სამხედრო კომიტეტი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, იქნება საკითხები, რომლებსაც პასუხი გაეცემა, მაგრამ ქართველი ხალხისა და საქართველოს საქმე არ უნდა დაზარალდეს ვინმეს გამოუცდელობის ან გაურკვეველი ზრახვების გამო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)