Google+

სიახლეები

15.10.2012
საქართველოს პრეზიდენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გენერალური მდივნის პოსტზე ვანო მერაბიშვილის კანდიდატურა წარუდგინა

მოგესალმებით ყველას.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა ჩამოაყალიბა.

ჩვენ შევძელით ის, რითაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამაყობდა და უცხოელები და დანარჩენი მსოფლიო ძალიან აფასებდა.

პროგრესის მიუხედავად, საქართველოში იყო დიდი უმუშევრობა, იყო დიდი სოციალური გაჭირვება... მართალია, ჩვენ შევძელით სიღარიბის 2-ჯერ და მეტჯერ შემცირება, მაგრამ მაინც რჩებოდა სიღარიბე და ამის გამო, რა თქმა უნდა, ყველა სახის პოპულიზმისთვის გაჩნდა საფუძველი.

მთავარი, რისი შეცვლათ ვერ შევძელით, ალბათ არის ის, რომ იმ პირობებში, როდესაც იყო გაჭირვება, რაც დიდი უბედურებაა ჯერ კიდევ ბევრი ოჯახისთვის, სხვადასხვა ძალებისთვის ადვილი იყო ამაზე ხელის მოთბობა.

ამიტომ ეს არჩევნები და არჩევნების შედეგები და ის, რაც განვითარდება საქართველოში შემდგომი თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში ქართული საზოგადოებისთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და ეს ასეც იქნება.

ჩვენ, როგორც საზოგადოება, დარწმუნებული ვარ, წინ წავიწევთ და განვვითარდებით ბევრი მიმარულებით, ხოლო, როგორც პარტიისთვის, ეს უნდა იყოს გაწმენდის, კათარზისის, განახლების, ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი.

დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებს სიძლიერეს და შეინარჩუნებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჩვენ დღეს მივიღეთ სისტემა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში არის მხოლოდ ორი ძლიერი პარტია.

დამოუკიდებლობის შემდეგ, თანამედროვე პერიოდში, საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში პირველად ჩამოყალიბდა ასეთი კონფიგურაცია.

ეს სწორად უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენი ამოცანა არ არის ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა - პირიქით, იმის მიუხედავად, რომ მე, როგორც პრეზიდენტს, ყველა ბერკეტი მქონდა შემენარჩუნებინა ძალოვანი მინისტრები,  შეგვენარჩუნებინა გავლენა სხვადასხვა უწყებებში, პრაქტიკულად, რისი გადაბარებაც შეიძლებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების თვალსაზრისით, ქართველი ერის ნებიდან გამომდინარე, საქართველოს იმ მთავრობას გადავეცით, რომელიც ამ ეტაპზე საზოგადოების უმეტესი ნაწილის სურვილის შესაბამისად ჩამოყალიბდება.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მათ ვუტოვებთ არა მხოლოდ ბერკეტებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ყველაზე დიდ საბიუჯეტო რესურსს, რომელიც ოდესმე ჰქონია საქართველოს უახლეს ისტორიაში.

საქართველოს ბიუჯეტში არასდროს არ ყოფილა ამდენი მილიარდი და ვინც რა არ უნდა  ილაპარაკოს, ეს არის ზუსტად იმ მთავრობის წესიერი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი, რომელმაც არავის მისცა საშუალება ვინმეს სახლში წაეღო რამე.

ჩვენ შევქმენით სისტემა, რომლის წყალობითაც ყველაფერი ხმარდებოდა სახელმწიფოს, ყველაფერი ხმარდებოდა ბიუჯეტს.

ამ საბიუჯეტო რესურსს ჩვენ ვუტოვებთ შემდგომ მთავრობას. ასევე ვუტოვებთ მათ ძალიან კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუტებს, ძალიან კარგ ინფრასტრუქტურას...

ახლა მათ ყველაფერი უნდა გამოიყენონ მიცემული დაპირებების შესასრულებლად და, როგორც ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, ქართველი ერის საკეთილდღეოდ, იმის გასაკეთებლად, იმ მოლოდინის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ქართველ ხალხს გაუჩნდა ამ არჩევანის გაკეთების შედეგად.

ჩვენ გაგვიხარდება ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ეს მთავრობა გადადგამს ქართველი ხალხის, მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ისიც ვიცით, რომ ჩვენ შორის არსებობს ფუნდამენტური და ძირეული განსხვავება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს განვითარების ვექტორი და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, მაგრამ ამ საკითხშიც, თუკი შეგვიძლია, რომ შევამციროთ ეს განსხვავება, უნდა ვცადოთ, ხოლო თუ არა, ოპონირება უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული.

ჩვენ არ გაგვიხარდება საქართველოს ახალი მთავრობის არც ერთი მარცხი და არც ერთი წაბორძიკება.

ეს არის ჩვენი ხედვა, რადგან ჩვენ არა ვართ ქვეყნის ოპოზიცია - ჩვენი სამშობლოს ოპოზიცია ვერ ვიქნებით, ჩვენ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მეორე პოლიტიკური ძალის ოპოზიცია, რაც არის ჯანსაღი პროცესი, უპირველესად, იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით მოვიდა.

ნაციონალური მოძრაობის იდეა არის აქტუალური როგორც არასდროს - ეს არის იდეა, რომელიც ეფუძნება ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას.

ამ მიმართულებით ჩვენ წარმოუდგენლად დიდ წარმატებას მივაღწიეთ.

ეს არის იდეა, რომელიც ეფუძნება აღმშენებლობას და აქ ჩვენ არ გვჭირდება თავის მოწონება - ამას ყველა ხედავს.

ეს არის იდეა, რომელიც ეფუძნება თითოეული ქართული ოჯახის კეთილდღეობას და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

ჩვენ ყველა მიმართულებით წინ წავიწიეთ და ეს იყო მხოლოდ დასაწყისის დასაწყისი.

ჩვენ ვისურვებდით, რომ შემდეგმა მთავრობამ ეს გააგრძელოს. თუმცა ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა მოიქცეს შემდეგი მთავრობა, ქართველი ხალხი ამას აუცილებლად გააგრძელებს და ეს გარდაუვალი პროცესია.

ჩვენ ვიქნებით ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ადგილობრივ აქტივისტს.

როგორც ყოველთვის, ბევრი წავა და ბევრიც მოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგებში ამ დღეებში ბევრი გაწევრიანდა და ამას მინდა მივცეთ ინსტიტუციური ფორმა.

ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხი პარტიაში, განახლება, ახალი სისხლი, ჩვენ გვჭირდება ყველა ასაკის ახალი ადამიანი და მათ შორის, ბევრი ახალგაზრდა.

თქვენ იცით, რომ გაჩნდა იდეა, რომ ვანო მერაბიშვილმა შეასრულოს გენერალური მდივნის მოვალეობა. ამ იდეას მხარს ვუჭერ, რადგან ვანოს აქვს ძალიან კარგი ორგანიზაციული გამოცდილება და, უპირველეს ყოვლისა, პარტია არის ორგანიზაცია.

ჩვენ ვართ არა პიროვნებებზე, არამედ იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაცია და გვინდა, რომ ბევრი ახალი კადრი მოვიდეს, რათა ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს დამოუკიდებლობის, თითოეული ოჯახის სარგებლის მოტანისა და საქართველოს განვითარების იდეა კვლავაც გაგრძელდეს.

აი, ეს არის ის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ჩვენ ოპოზიციაში ყოფნის დროს შევქმენით.

ოპოზიციაში ყოფნა არის სერიოზული განახლების საფუძველი და საწინდარი ყველა პოლიტიკური ძალისთვის.

ძირითადად, ყველა ლიდერი, რომელიც ჩვენ გვყავს, მოგვყავს ოპოზიციაში.

მთავრობაში მოვიდა ახალი ხალხი და ეს ძალიან კარგია, მაგრამ თავის დროს, ბევრად მეტი მოვიდა ოპოზიციაში.

ამიტომ, განახლებისთვის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ოპოზიციაში ყოფნა არის ძალიან სასარგებლო - ამაში დარწმუნებული ვარ არა როგორც ამ პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი, არამედ როგორც მისი ობიექტური გულშემატკივარი.

ამ პარტიის გულშემატკივრობა, ჩვენთვის ამ ქვეყნის გულშემატკივრობის ტოლფასია. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)