Google+

სიახლეები

01.10.2012
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

ძვირფასო თანამოქალაქენო,

როგორც იცით, დღეს ჩვენმა აბსოლუტურმა უმეტესობამ მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში.  

უპირველესად, მინდა მადლობა ვუთხრა უკლებლივ ყველას, ვინც დღეს საარჩევნო უბნებზე მივიდა და სრული თავისუფლების პირობებში, როგორც გპირდებოდით კიდეც,  აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნებში, გამოხატა საკუთარი პოლიტიკური ნება და საქართველოს უახლესი და გრძელვადიანი მომავლის ხედვა.  

საარჩევნო შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან და, მინიმუმ, ჩვენ კიდევ რამდენიმე საათი დაგვჭირდება, ვიდრე სრული სურათი გამოიკვეთება, მაგრამ უკვე, ეგზიტპოლების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა ქართული ოცნების კოალიციამ მოიპოვა, ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ, როგორც ჩანს, ასევე დიდი უპირატესობა საქართველოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

საქართველოში საარჩევნო სისტემა მოწყობილია იმგვარად, რომ პარლამენტში ხმები, დაახლოებით, შუაზე იყოფა.

ნახევარზე ოდნავ მეტი შემოდის პროპორციულად, ხოლო თითქმის ნახევარი - მაჟორიტარული ოლქებით.

ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს ყველა რეგიონი, ყველა პატარა რაიონიც კი, წარმოდგენილი იყოს თავის ისტორიულ საზღვრებში.

საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა, მათი რეგიონული წარმომადგენლობის  მიუხედავად, ისმოდეს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში.  

ამგვარად, სრული სურათის მისაღებად, საბოლოოდ, ჯერ ეს ხმები უნდა დაითვალოს და გაირკვეს, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში უმრავლესობით.

თუმცა, დღევანდელი სურათით სრულიად ნათელია, რომ ყველა შემთხვევაში არჩევნები შედგა.

არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრებმა უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილები და ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესში.

ერთი რამ უნდა ითქვას, რომ როდესაც ვუყურებთ არჩევნების შედეგებს, პროპორციული სისტემის თანახმად, ქართული ოცნების ძირითადი უპირატესობა ეფუძნება იმ ხმებს, რომელიც კოალიციამ დიდი უპირატესობით აიღო საქართველოს დედაქალაქში - თბილისში. თბილისის გარეთ კი,  პრაქტიკულად, ყველა რეგიონში ასევე სერიოზული უპირატესობით ლიდერობს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვყოფთ ქვეყანას თბილისსა და რეგიონებად - ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ყველანი ერთმანეთის გვერდით  უნდა დავდგეთ.

ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ ერთად მუშაობა არსებულ დემოკრატიულ პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია იყო დაძაბული, ემოციური, ხშირად, სამწუხაროდ, ბინძურიც, მაგრამ ყოველივე ეს ახლა უკან უნდა დარჩეს და საქართველოს ყველა რეგიონის, ყველა მოქალაქის ინტერესების წარდგენა საქართველოს ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობაში უნდა შევძლოთ.

მე, როგორც პრეზიდენტი ვარ გარანტი იმისა, რომ პარლამენტის ახალ სისტემაზე გადასვლა მოხდება უმტკივნეულოდ, მოხდება კონსტიტუციისა და დემოკრატიის ფარგლებში.

დარწმუნებული ვარ, უახლოესი თვეების განმავლობაში ახალი საკანონმდებლო სისტემა შეძლებს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)