საქართველოს პრეზიდენტი „ღიმილიანი საქართველოს“ მიმდინარეობას გაეცნო და ხაშურის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სურამს ესტუმრა, სადაც მისივე ინიცირებული პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ მიმდინარეობს. პრეზიდენტი პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა და სამედიცინო პერსონალსა და იმ პაციენტებს გაესაუბრა, რომლებიც სტომატოლოგიური მკურნალობის კურსს მობილურ კლინიკებში გადიან. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საყოველთაო დაზღვევისა და ამ პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„რეალურად, როდესაც ადამიანს კბილების პრობლემა აქვს, მთელი ორგანიზმი ეშლება, აღარც ღიმილი უნდა, აღარც სამსახურში სიარული, ვეღარც ოჯახის წევრებს უვლის. თანაც, როდესაც ადამიანს ბევრი სხვა პრობლემა აქვს, კბილებზე ფიქრისთვის არ სცალია. მსგავსი პრობლემები ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებს აქვთ, მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა... ეს არ არის ხალხის ის კატეგორია, რომლისგანაც საარჩევნო დივიდენდებს ელი, აქ მნიშვნელოვანიაის, თუ როგორ ეპყრობი ადამიანს“, - განაცხადა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა სურამში ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
“როდესაც რომელიმე კურორტის განვითარებას ვკიდებთ ხელს, საქმე ბოლომდე მიგვყავს. უპირველესად, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები უნდა გავიყვანოთ. ეს ინფრასტრუქტურა თითოეულ სახლთან მივა, გაკეთდება გარე განათება, მოეწყობა სურამის ცენტრი და სურამის ციხეც, უდიდესი ისტორია აქვს, რომელსაც ისე გავალამაზებთ, როგორც გავაკეთეთ რაბათის ციხე, ისე, როგორც ვაკეთებთ გორს. გეოგრაფიულად, სურამს საუკეთესო მდებარეობა აქვს. ჩვენ ვაკეთებდით როგორც დასავლეთ საქართველოს, ისე აღმოსავლეთს და იმის გამო, რომ სურამი შუაშია მოქცეული,ჯერ არ შემოვსულვართ. ახლა ეს საკითხი მოგვარდება, მე გპირდებით. ნახეთ როგორ კეთდება ბორჯომი, როგორ კეთდება წყალტუბო, ახლა დადგა სურამის გალამაზების დრო. მთავარი რაც უნდა გაკეთდეს, აქ უნდა იყოს საუკეთესო საკურორტო ინფრასტრუქტურა, რათა ტურისტული მიზიდულობის ქალაქი გახდეს“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
სურამიდან მიხეილ სააკაშვილი ხაშურში გაემგზავრა, სადაც მე-6 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ხაშურის N1 და N6 საჯარო სკოლების სრული რეკონსტრუქცია და ამ სამუშაოების 10 დღეში დასრულება განათლების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს მიხეილ სააკაშვილმა სასწავლო წლის პირველივე დღეს დაავალა. ამჟამად, ხაშურის რაიონის მასშტაბით აუცილებლობის მიხედვით 22 სკოლის რემონტი მიმდინარეობს - ზოგიერთ სკოლაში იცვლება ფანჯრები, ზოგიერთში გათბობის თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება, ხოლო ნაწილში სახურავი შეკეთდება. სკოლებში ასევე შენდება სპორტული დარბაზები.