Google+

სიახლეები

20.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს მიმართა

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა.

აქ არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საქმეში, ზოგიერთებმა კი, თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველო.

რამდენიმე წლის წინათ, ჩვენ დაგპირდით, რომ ყველას, ვისაც ექნებოდა შეიარაღებულ ძალებში მსახურის 4-წლიანი სტაჟი, აუცილებლად გადმოგცემდით უფასოდ ბინებს.

დღეს ამ დაპირებას ჩვენ ყველანი ერთად ვასრულებთ.

დღეს ჩვენ გადავცემთ ბინებს ასმეთაურებს, გადავცემთ ბინებს ასევე სხვადასხვა ოპერაციებში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების ოჯახებს.

ჩვენ ჩვენს მებრძოლებს არსად არ ვტოვებთ - ეს ჩვენი კონცეფციაა. ლოპოტას ხეობაში ძალიან საშიში ჯგუფის განიარაღებისა და განადგურების ოპერაციის დროს, კაპრალი, ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე შეეწირა სწორედ იმას, რომ თავისი დაჭრილი თანამებრძოლი გამოჰყავდა. დაჭრილი გადარჩა, ვლადიმერ ხვედელიძე კი, სამწუხაროდ, ვერა.

ეს არის ზუსტად ის, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა - ადამიანების თავგანწირვა.

ამიტომ, მინდა, უპირველესად, ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახს გადავცე ბინის გასაღები.

თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ ცვლილებებს ვახორციელებთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

მკვეთრად გაფართოვდა სამხედრო აკადემია გორში, ჩვენი შეიარაღებული ძალების აკადემია.

ძალიან კარგად მუშაობს ჩვენი ახალგაზრდა კადეტთა სასწავლებელი, ასევე ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით.

თქვენ იცით, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი შეიარაღებული ძალების საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და ნებისმიერი სხვა ოპერაციებისთვის გაცვლისა და აღჭურვის თაობაზე.

ეს არის ნამდვილი ისტორიული გარღვევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების, ნატოში ინტეგრაციის პროცესის წინსვლისა და საქართველოს დაცვის თვალსაზრისით.  

რომ არა ეს ბიჭები, რომლებიც 2 კვირის წინ ლოპოტაში შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე ისინი, რომლებიც ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობდნენ და, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც 2008 წელს იცავდა სამშობლოს, დღეს საქართველო არათუ არ იდგებოდა ფეხზე, არც კი იარსებებდა.

ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ამხელა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, შეუდარებელი  პროპორციების პირობებში წინააღმდეგობა გაუწია ჩვენმა პატარა არმიამ.

რამდენიმე ასეული თვითმფრინავი გვბომბავდა, ჩვენ კი წინააღმდეგობის გასაწევად სულ რამდენიმე ათეული რაკეტა გვქონდა.

ჩვენი არტილერია რამდენიმე დღის განმავლობაში გმირულად ამაგრებდა პოზიციებს. ეს იყო ზუსტად იმისთვის იყო საჭირო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გამოფხიზლებულიყო და ქართული სახელმწიფოებრიობა გადაერჩინა.

იმისთვის, რომ დღეს ფეხზე მყარად ვდგავართ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო 6 ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა; რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის პოზიცია; რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ ამერიკის ფლოტი დაიძრა საქართველოსკენ; ის, რომ საფრანგეთი ჩაერთო მოლაპარაკების პროცესში, ასევე ძალიან  მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მე თუ მკითხავთ ვინ გადაარჩინა საქართველო,  გეტყვით, რომ გადამწყვეტი და ყველაზე მთავარი იყო ის, რომ  ქართველებს აღმოაჩნდათ მართლაც გმირული წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

სწორედ მათ გადარჩინეს ქვეყანა!

ასეთი ზომის ქვეყანა, მსგავსი შემოჭრის დროს, არასდროს არ გადარჩენილა.

ამიტომ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ისე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც არასდროს.

დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

გამოწვევები არის გარეთ და გამოწვევები არის შიგნით.

თქვენ ნახეთ, რამდენად დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ასევე შეგვახსენეს, თუ რამდენად დიდი გამოწვევები აქვს ქვეყანას დასაძლევი.

ის, რაც მე ვნახე - გლდანის საპყრობილეში მყოფი ჯგუფის მოქმედება, რაც ჩვენ ყველამ დავინახეთ არის ის, რისი წარმოდგენაც არ შემეძლო.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახალ საქართველოში კიდევ იყო შესაძლებელი ცალკეული ასეთი უჯრედების არსებობა - ეს არის კიბოს უჯრედები ჩვენს ორგანიზმში.

ეს არის ის, რაც მეგონა, რომ ერთხელ და სამუდამოდ იყო ფეხამოკვეთილი და დამარცხებული.

მინდა ყველას შევახსენო, ის, რაც ვნახეთ, იყო ჩვენი ყოველდღიური რეალობა 8 წლის წინათ.

კარგად მახსოვს შსს-ს ფანრჯებიდან როგორ ცვიოდა ხალხი, ძალიან კარგად მახსოვს ცემით მოკლული მძღოლი მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტის ესკორტი არ გაატარა...

ყველაფერი ყველას თვალწინ ხდებოდა.

მახსოვს გატაცებები...

მაშინ, ერთადერთი ადგილი ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდებით იყო  მილიციის შენობა, სადაც ხალხს დენს უერთებდნენ.

ციხეში ცემაზე აღარც ვლაპარაკობ...

რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ყველანაირი ადამიანური პრინციპის მიღმაა და არ შეიძლება არ იყოს საზოგადოების აღშფოთების და წარმოუდგენელი გაღიზიანების საბაბი.

პირადად მე, ასეთი გაბრაზებული და აღშფოთებული ძალიან იშვიათად ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში - ალბათ, არც ვყოფილვარ.

უდავოა, რომ ეს არის დიდი ჩავარდნა სისტემაში.

რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ადამიანი, ყველაზე მეტად არის დამნაშავე ამის  ჩამდენთა შორის; რომელიც ახლა ლამის გმირად შერაცხეს, თვეების განმავლობაში ხელფასს იღებდა იმისთვის, რომ ყოველივე ეს გაეკეთებინა -  ფულს იღებდა სწორედ ამისთვის.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აფინანსებდნენ: ხომ არ შეიძლება ყველაფერი არჩევნებზე  გაიცვალოს? ხომ არ შეიძლება ყველაფერი გაკეთდეს პოლიტიკური დივიდენდებისთვის?

თუ შენ იცი, რომ ეს თვეების განმავლობაში ხდებოდა, ამაში იხდი ფულს, თუკი თან ორგანიზებული დანაშაულის ელემენტების ვლინდება, როგორ შეიძლება მშვიდად გეძინოს და ხელებს იფშვნეტდე იქნებ არჩევნების წინ გამომადგესო.

სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იხსნის. ის, რომ ეს დავუშვით, მართლაც არის ჩვენი პასუხიმგებლობა.

რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ ყოფილი „გაიშნიკი“ მუშაობდა ჩვენს სისტემაში, როგორც ბევრი სხვა ყოფილი ტიპაჟი, რომლებსაც რთულია ადამიანები უწოდო.

მით უმეტეს, რომ მას ორგანიზებულ დანაშაულთან ურთიერთობის გამოცდილებაც ჰქონდა და დავუშვით, რომ ასე დაუსჯელად ემოქმედა, გაეკეთებინა და გაეყიდა ეს ინფორმაცია და შემდეგ გაქცეულიყო (ყოველ შემთხვევაში, ერთი გაიქცა).

ეს ჩვენი ძალიან დიდი მინუსია, მაგრამ ეს არ არის საბაბი იმისთვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნონ იქ, საიდანაც ძლივს დავიწყეთ ამოსვლა.

ძირითადად, გამოვიყვანეთ კიდეც, თუმცა კუდები, როგორც ჩანს, ჩაგვრჩენია.

თქვენ ძალიან კარგად იცით რა დღეშიც იყო შეიარაღებული ძალები, იცით, რა მდგომარეობაში იყო ყველა სისტემა.

მე არ ვადარებ - ეს სხვადასხვა სისტემებია, მაგრამ, ისიც იცით რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ სისტემაში მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი ვიყავი.

პატიმრების კვება ოჯახის წევრებს უწევდა, ეს პრობლემა და ბევრი სხვა საკითხი მოიხსნა, მაგრამ, აღმოჩნდა ამ ხალხის ჯგუფი.

ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მარცხია, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, დღეს ამ სფეროში დავნიშნე ახალი მინისტრი, რომელიც საერთოდ ყველაფერს შეცვლის - მიღწეულს შევინარჩუნებთ და მიღწევები მართლაც გვქონდა, ხარვეზებს კი გამოვასწორებთ.

მომხდარმა, პრაქტიკულად, ყველაფერს გადაუსვა ხაზი ჩემს თვალშიც და საზოგადოების თვალშიც, მაგრამ ყველას მივმართავ, რომ არ გამოიყენოთ ამ ადამიანების ბედი - ვინც არ უნდა იყვნენ ისინი - სხვადასხვა პოლიტიკური თამაშებისთვის.

ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ყველაფერი, რაც ხდება, სამწუხაროდ, სხვა გეგმების ნაწილია და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამშრომლობა ბევრ ჩვენს პარტნიორთან, გვაქვს ძალიან ბევრი ინფომაცია, თანაც არც თუ სასიამოვნო. მას საზოგადოებასაც გავაცნობთ.

ამას ყველაფერს აღვკვეთთ, რადგან დღეს ვეღარავინ ვეღარ უნდა შეძლოს საქართველოს შეტორტმანება და უკან დაბრუნება.

მე ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის აღშფოთებას და ვუერთდები მათ, ვინც შეძრწუნებული და გააფთრებულია იმით, რაც ტელევიზიით იხილა, მაგრამ მოდით ერთი წუთით შევყოვნდეთ და დავფიქრდეთ: რა გვინდა - ყველაფრის ჩამოშლა რაც გავაკეთეთ, თუ გაგრძელება და ჩვენი საზოგადოების წინსვლა.

თქვენ როგორც არასდროს, როგორც არავინ, ჩვენმა ოფიცრებმა ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამხედროების ოჯახის წევრებმა კარგად იცით, რა არის ქართული სახელმწიფოს ფასი.

თუკი რამით ვამაყობ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ეს არის პროფესიული სამხედრო ძალების ჩამოყალიბება და ჩვენ ჯერ კიდევ ამ გზის დასაწყისში ვიმყოფებით. 

ის, რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ინსტრუქტორები ჩვენს აკადემიაში ასწავლიან; ის, რომ ჩვენ ოფიცრებს ვამზადებთ საუკეთესო აკადემიებში; ის, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ საუკეთესო სამხედრო ტექნიკის შემოტანას და შესყიდვას; ის, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი დისციპლინა, როგორიც არასდროს გვქონია - თქვენ გახსოვთ ჯარში რაც ხდებოდა, ახალწვეულების ჩაგვრის, ცემის, დამცირების თვალსაზრისით - ეს საერთოდ გაქრა და აღარავის ახსოვს.

თქვენ ყველაზე კარგად იცით რა არის ჩვენი სახელმწიფოს ფასი და ჩვენ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ ჭუჭყიან წყალს - ეს არის მთავარი, რაც ყველაფრის გაკვეთილია, რადგან პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან და ყველგან შეიძლება მოხდეს რაღაც საზიზღრობა.

ეს არის პატარა ნაწილი იმ სურათისა, რაც გვქონდა ადრე.

მე არ მინდა, რომ ის პატარა ფრაგმენტი, რომელიც კიბოს უჯრედებივით იყო ჩვენს ორგანიზმში, ხელახლა მოედოს მთელ ორგანიზმს და სახელმწიფოს ორგანიზმი გაანადგუროს.

კიბოს სჭირდება რადიკალური მკურნალობა და ჩვენ ეს ამ დღეებში განვახორციელეთ.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს კიბო მთელ ორგანიზმს მოედოს და დაასუსტოს ისე, რომ ავადმყოფობას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიოს.

დღეს აქ ჩვენს 900 სამხედროს - 900 ოჯახს გადაეცემა ბინები, კიდევ 600 ოჯახი ბინებს მიიღებს 2013 წლის გაზაფხულზე.

ეს არის ზუსტად ჩემი პრეზიდენტობის ვადა. ამ ვადის დასაწყისში მე დაგპირდით, რომ ასე მოხდებოდა და ეს ასეც მოხდება.

როგორც თქვენ ნახეთ, ეს ბინები არის ძალიან კომფორტული, ხედავთ, რომ ძალიან კარგი არქიტექტურისა და მაღალი ხარისხის სახლებია და მინდა, რომ აქ ჩვენმა ოფიცრებმა გაზარდონ ღირსეული შვილები.

მინდა, რომ დაღუპული ოფიცრების შვილები აქ ღირსეულად გაიზარდონ.

კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული მებრძოლების წინაშე.

მე ვიყავი ლადო ხვედელიძის დაკრძალვაზე და მართალია, ზედმეტად სენტიმენტალური ადამიანი არ ვარ, მაგრამ ჯარისკაცის დაკრძალვაზე ყოველთვის მომდის ცრემლი. ამ მხრივ, არც ეს დღე იყო გამონაკლისი.

მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს საქართველოსთვის საუკეთესო მოქალაქის დაკარგვა და ჯარისკაცს, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად გადაარჩენს ჩვენს მომავალს და ჩვენს ქვეყანას, არ ჯობია არც ერთი პრეზიდენტი, არც ერთი პოლიტიკოსი, არც ერთი ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი.

ეს არის ყველაზე მთავარი პროფესია და მიღწევა, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ წევრს.

ჩემო მეგობრებო, მინდა გისურვოთ დიდი წარმატება, მინდა გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე ყველას, მინდა გისურვოთ მტრის დამარცხება, საქართველოს გაერთიანება და ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ ფეხზე დაყენება.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

დღეს დანაპირების შესრულების დღეა და ეს დღე მეც ისევე მიხარია, როგორც თითოეულ თქვენგანს.

ის, ვინც დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)