Google+

სიახლეები

20.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა

გუშინ გამოვაცხადეთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთლიანი რეორგანიზაცია მოვახდინოთ.

თანამდებობიდან გადადგა ხათუნა კალმახელიძე და მე მივიღე გადაწყვეტილება, მინისტრის თანამდებობა შემეთავაზებინა სახალხო დამცველისთვის - გიორგი ტუღუშისთვის, რომლისგანაც თანხმობაც მივიღე.

მინდა ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე გარემოებით იყო მოტივირებული: პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი შეძწრუნებულები ვართ და ვგმობთ ბოლომდე ძალადობას და წამების ფაქტებს საქართველოს ციხეებში.

ეს იყო ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე, როდესაც საკუთარი თვალით ვიხილე ის, რაზეც გამოძიება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იყო გვიან დაწყებული გამოძიება და, როგორც ვნახეთ, არასაკმარისი.

საბოლოოდ, სიმართლე შევიტყეთ და ძალიან რადიკალური ზომები განვახორციელეთ. როგორც დაგპირდით, ამ საქმეში ჩართული ყველა პირი დაპატიმრებულია. მას შემდეგ, რაც სასამართლო გაიმართება, მათ თავისუფლების აღკვეთა ძალიან დიდი ხნით ემუქრებათ.

ამას გარდა, მოხდება ამ დეპარტამენტის სრული რეორგანიზაცია. ამ საქმეს სათავეში უნდა ჩაუდგეს კონკრეტული მინისტრი.

მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში გიორგი ტუღუში იყო და არის ჩვენი სასჯელაღსრულების სისტემის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი.

ამ თემასთან დაკავშირებით, მასთან მქონდა შეხვედრები და იგი ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც, მინისტრსაც, იქ არსებულ რეალობასაც.

ამ კრიტიკის გარკვეული ნაწილი ჩვენ გავითვალისწინეთ, მაგრამ რაღაც ნაწილი, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ყველას ერთად ჩვენ გამოგვეპარა.

ამიტომ დღეს მე ვნიშნავ ამ სისტემის ხელმძღვანელად, ამ სისტემაში არსებული რეალობის ძალიან მკაცრ კრიტიკოსს და ამას ვაკეთებ შეგნებულად, რადგან ამიერიდან ეს უნდა იყოს სრულიად განსხვავებული სისტემა.

როგორც საქართველოს პოლიცია გარდავქმენით მთლიანად და სრულიად ახალ სისტემად ჩამოვაყალიბეთ, სადაც სისტემურად შეუძლებელია ის, რაც იქ მოხდა, ზუსტად ისე გვჭირდება ახალი სასჯელაღსრულების სამინისტრო, ახალი დეპარტამენტი, სრულიად ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად გამორიცხავს ნებისმიერი სახის პროვოკაციას, შეგნებულ თუ შეუგნებელ მსგავსი ტიპის დარღვევებს და მით უმეტეს, დანაშაულს.

ბატონი გიორგი არის წამების წინააღმდეგ მებრძოლი რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო კომიტეტის წევრი. იგი დიდი ხანია არის საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებების დაცვისა და წამების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. იგი წამყვანი ექსპერტია, მათ შორის, ვინც საქართველოს ჰყოლია ოდესმე.

გიორგი ტუღუშს ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი უბრძოლია საქართველოში ამ სისტემის გასაუმჯობესებლად. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეიდან სწორედ გიორგი ტუღუში იქნება ამ სისტემის ხელმძღვანელი.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)