Google+

სიახლეები

21.08.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს თაობას გზა გავუხსნათ უკეთესი ცხოვრებისკენ!“

მოგესალმებით ყველას!

ეს მართლაც ძალიან კარგი პროგრამა იყო და მიხარია, რომ ის შედგა.

მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს მთელ გუნდს, მინდა მადლობა ვუთხრა მარიამ საჯაიას და მის გუნდს, რომლებიც ერთად მუშაობდნენ ამ პროგრამაზე.

მინდა მადლობა გითხრათ თითეულ თქვენგანს, ჩემო მეგობრებო, იმისათვის, რომ შეძელით ამ პროგრამის ბრწყინვალედ დამთავრება.

ეს არის ახალი თაობა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, სრულიად განსხვავებული პრინციპებითა და მიდგომებით, სულ სხვა ოპტიმიზმითა და შრომისმოყვარეობით, სხვა შეხედულებებითა და ამბიციებით.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს თაობას გზა გავუხსნათ უკეთესი ცხოვრებისკენ და ამით ძალიან ამაყი ვარ!

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბევრი გეგმები გვაქვს სტუდენტებთან დაკავშირებით.

მომავალი წლიდან მკვეთრად გაფართოვდება უცხოეთში სწავლის მსურველთა ფინანსური მხარდაჭერა და გაიზრდება საზაფხულო სკოლაში გასაგზავნთა რაოდენობაც.

შემდგომი წლების განმავლობაში ასევე მკვეთრად გავაფართოვებთ სახელმწიფო გრანტების ოდენობასაც.

ჩვენ ვქმნით ახალ სასწავლებელებს. იცით, რომ ბათუმში იხსნება ახალი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსტიტეტი და აქ იქნება მაგისტრატურის დონის სწავლება არსებულ ტექნიკურ ინსტიტუტებს შორის.

ევროკავშირთან ერთად საქართველში ასევე ვაკეთებთ ევროპულ პოლიტიკურ სკოლას.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ საერთაშორისო სტანდარტები შემოგვაქვს.

მომავალ წელს ასობით უცხოელ პროფესორს მოვიწვევთ და ასობით ჩვენს პროფესორს გავაგზავნით უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ამას გარდა, ყველგან უნდა შემოვიღოთ უცხო ენის სწავლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს გაეხსნას პერსპექტივა.

იცვლება საგამოცდო სიტემაც. ახალი პროექტის თანახმად, სტუდენტს ყოველი წლის ბოლოს შეეძლება გადაბარება და შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში, მას სახელმწიფო სასწავლებლებში ფასიანი სექტორიდან უფასო სექტორზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცემა.

ასევე, გამოცდების ჩაბარებას ყველა სკოლაში შეძლებს.

ხატია დეკანოიძის მიერ განხორციელებული რეფორმის მიხედვით, გამოცდების ჩაბარება არა წელიწადში ერთხელ, არამედ, პრაქტიკულად, ყოველთვიურად იქნება შესაძლებელი. თუკი აბიტურიენტი ვერ ჩააბარებს ივლის-აგვისტოში, შეეძლება ჩააბაროს ოქტომბერში, დეკმბერში ან თებერვალში, ანუ მთელი წლის განმავლობაში.

ასევე მინდა, გელაპარაკოთ ზოგად საკითხებზე. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა ჩემთვის გელაპარკოთ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

თქვენ წარმოადგენთ ჩვენს ერს. თქვენ ხართ ის თაობა, რომლისთვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვაშენებდით და ვაშენებთ ახალ დემოკრატიულ საქართველოს.

თქვენ ხართ თაობა, რომელმაც პირველი ნაბიჯები გადადგა ამ საქართველოში.

შესაძლოა, ეს თაობა საქართველოსთვის ძალიან რთულ პერიოდში დაიბადა, მაგრამ იცხოვრა და განვითარდა დემოკრატიულ სახელმწიფოში.

სწორეთ ასეთი ქვეყნის გოგო-ბიჭებს მინდა მოგმართოთ - ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს.

მინდა ჩვენს წინაშე მდგომ გამოწვევებზე ვისაუბრო და იმაზე, თუ რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას.

ბევრი თქვენგანისთვის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებთ, ზოგიერთ თქვენგანს კი შეგიძლიათ კენჭიც იყაროთ. ალბათ, იცით, რომ, მათ შორის, ჩემი ინიციატივით, დეპუტატების ასაკი 21 წლამდე შემცირდა და ჩვენს სიაში რამდენიმე 21-წლიანი უკვე იქნება. ეს მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია.

დღეს აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაცია ვაწარმოო, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტმა, მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი.

მე გთხოვთ, არავის არ გადააბაროთ თითოეული თქვენგანის ძალიან ხანგრძლივი, გრძელვადიანი მომავალი.

თქვენი არჩევანი არავის არ ჩაუგდოთ ხელში და არ მისცეთ ამის საშუალება, რადგან ამ ქვეყანაში თქვენ ძალიან დიდი ხანი უნდა იცხოვროთ.

არ გააკეთოთ ისე, რომ შემდეგი 70-80 წლის განმავლობაში, სანანებლად გექცეთ ის, რომ არ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და ვიღაცამ თქვენს ნაცვლად გადაწყვიტა თქვენი ბედი...  

ჩემი სტუდენტობა საბჭოთა იმპერიის მსხვრევას დაემთხვა, ამიტომ ბევრი რამ ვნახე.

მე ვნახე როგორ დაიმსხვრა ის ქვეყანა, რომლის დანგრევაც ჩემს ბავშვობაში ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა.

მე ვიცი თავისუფლების ფასი, მაგრამ ვნახე ბევრი უბედურება - ვნახე სამოქალაქო ომი, შიდა დაპირისპირება, უცხო ძალის შემოჭრა, ეთნიკური წმენდა...

საქართველოს ტერიტორიის ეს ზონა აქედან რამდენიმე კილომეტრში იწყება...

ასევეა ულამაზესი აფხაზეთიც, რომელიც დროებით  დამპყრობლის კლანჭებშია მოქცეული...

თავისუფლების ფასი მით უმეტეს კარგად იციან ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა.

ჩვენ სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ აქტიური.

ყველა უნდა დავირაზმოთ, რათა არ ახდეს ჩვენი მტრის ოცნება და საქართველომ არ დათმოს თავისუფლება გარედან თავსმოხვეული რომელიმე პარტიისა თუ სუბიექტის სასარგებლოდ.

ვიყოთ დარაზმული, თავისუფალი, ერთიანი, ძლიერები და პატრიოტები, დანარჩენი კი მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

ეს არის ის ერთადერთი რამ, რისი თქმაც თქვენთვის მინდოდა.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)