Google+

სიახლეები

21.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში სტიქიით დაზარალებული სოფლები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს კახეთში იმყოფებოდა, სადაც სტიქიით დაზარალებული  სოფლები - კაკაბეთი, ჩუმლაყი და ლელიანი მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო გეგმა გააცნო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ახლა ხალხის გასაჭირიდან გამოყვანა და მათთვის კონკრეტული დახმარების აღმოჩენაა.

„ახლა მთავარია დროულად მოხდეს ზარალის აღწერა. ეს მარტო თქვენი კი არა, მთლიანად  ქვეყნის ზარალია, ამიტომ ყველა უნდა დაირაზმოს თქვენს დასახმარებლად. შეიძლება, სხვა საბიუჯეტო პროგრამებიც კი გავაჩეროთ, მაგრამ კახეთს არც ერთ შემთხვევაში არ გავაჩერებთ. კომისია ხელახლა ჩამოივლის ყველასთან და ზარალს დაითვლის. უპირველესად, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ ის ყურძენი ჩაიბაროს, რომელიც უკვე მზად არის რეალიზაციისთვის. მეორე საკითხია დაზიანებული სახურავები. ბრიგადები უკვე მობილიზებულია, ნაწილი თელავიდან გადმოვიყვანეთ, დანარჩენი მოდის და ხვალიდან უკვე სახლებში მივლენ, ხოლო მათ, ვისაც შეკეთება თავად შეუძლია და ასეც ურჩევნია, კომპენსაციას მივცემთ. მესამე - იქ, სადაც ვენახები ნაწილობრივ დაზიანდა, შხამქიმიკატებს ჩამოვიტანთ და ამ ვენახების გადარჩენაში დავეხმარებით. ფქვილს და სხვა პროდუქტებს მათაც დავურიგებთ, ვინც გუშინდელი სტიქიით დაზარალდა. არც ერთი ოჯახი არ დარჩება მიუხედავი! სტიქია მხოლოდ თქვენი უბედურება არ არის, ეს საერთო უბედურებაა, რომლის წინააღმდეგ საერთო ფრონტს გავაჩაღებთ. დღეიდან უნდა შევესიოთ ვენახებს, რომ ყურძენი არ გაგვიფუჭდეს. უკვე მობილიზებულია ყველა ქარხანა, ტრანსპორტიც ჩამოგვყავს და დღეიდან ვიწყებთ მისი ჩაბარების პროცესს. ჩემი ერთადერთი ფუნქცია არის ის, რომ, განსაკუთრებით, ასეთი გასაჭირის დროს მოგხედოთ. ყოველდღიურად რაღაცას გაგიკეთებთ. ხალხი ბარაქას ელოდებოდა და უბედურება დაატყდა თავს. ჩვენმა ბიჭებმა დიდი გამოცდილება მიიღეს და სახელმწიფოც იმიტომ არის ეფექტიანი, რომ ყველანი მზად ვართ ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივებთან საუბრისას.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომაც მოიწვია და ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაბამისი დავალებები მისცა. პრეზიდენტმა მათთან რთველის საკითხიც განიხილა და აღნიშნა, რომ ქარხნებს მოსახლეობისგან ყურძნის ჩაბარების განკარგულება უკვე მიღებული აქვთ. ქვეყნის პირველი პირის თქმით, სტიქიის მიუხედავად, წელს სანიმუშო რთველი უნდა გაიმართოს.   

„სტიქიამ ზოგს მთელი მოსავალი გაუნადგურა, ზოგს კი - გარკვეული ნაწილი. საჭიროა ყველაფერი აღვრიცხოთ და კომპენსაციებიც შესაბამისად გავცეთ. ამას გარდა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, შეიძლება, შაქარიც მივცეთ, რათა არაყი თავად გამოხადონ, რადგან, რეალურად, უმეტეს შემთხვევაში, ყურძნის დიდი ნაწილისგან ღვინო აღარ გამოვა და იქნებ, ჭაჭა მაინც დააყენონ. ამ თვალსაზრისით, უფრო დახვეწილი სამოქმედო სქემა უნდა შევიმუშაოთ. ყველა ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ, მით უმეტეს, რომ, სამწუხაროდ, გამოცდილება უკვე მივიღეთ. ყველა ადამიანი უნდა იყოს კმაყოფილი და მიიღოს კომპენსაცია, რათა ამ მორიგმა თავსდამტყდარმა უბედურებამ ხალხი წელში არ გაწყვიტოს. არც ერთი ოჯახი არ უნდა მივატოვოთ გასაჭირში არც აქ და არც ქვემო ქართლში. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს. უახლოეს საათებში თათბირები უნდა გავმართოთ -   გადავარჩინოთ ის, რისი გადარჩენაც შეიძლება და შემდეგ, 2-3 დღეში, როგორც კი დავლაგდებით, თავადაც აქ გადმოვალ და მთლიანად რთველით დავკავდეთ. რთველმა უნდა ჩაიაროს ისე, როგორც არასდროს, ხალხმა შემოსავალი უნდა მიიღოს და ინტერესი არ დაკარგოს. წელს ყურძნის მოსავლის 30 პროცენტი განადგურდა, ამიტომ, სტიქიურ უბედურებების წინააღმდეგ, მომავალი წლისთვის გარკვეული სქემები უნდა მოვიფიქროთ. უნდა შევიმუშაოთ დაზღვევის სისტემა და სოფლის მეურნეობა დავაზღვიოთ, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. მსგავს სტრესს და მუდმივად საფრთხის წინაშე ყოფნას ვერავინ გაუძლებს. სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანი ყველანაირი სტიქიური უბედურებისგან თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. ეს კი მთავრობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

საგანგებო თათბირს ესწრებოდნენ კახეთის რეგიონში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ვახტანგ ბალავაძე, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ხაჩიძე და კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი. ვახტანგ ბალავაძის  განცხადებით, ელექტროენერგიის პრობლემა ორ დღეში მთლიანად მოგვარდება, რადგან ამ მხრივ, ამჯერად, სტიქიით მიყენებული ზარალი ბევრად ნაკლებია.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)