სიახლეები
19.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბახმაროში ახალი სასტუმრო დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა ბახმაროში დღეს ახლადაშენებული სასტუმრო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბახმაროში მომავალ წლამდე კიდევ სამი სასტუმრო გაიხსნება და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და საკომუნიკაციო პროექტებთან ერთად, ტურიზმის განვითარება დაიწყება. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბახმარო ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტისგან ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტად გადაიქცევა.
„გარშემო აქ ქვაფენილიანი მოედანი უნდა გავაკეთოთ. ყველა სახლთან უნდა დავაგოთ გზა და ყველგან უნდა მივიდეთ ასფალტის გზით. მაშინ მართლა ძალიან მაღალი დონის კურორტი გამოვა. ბახმარო ყოველთვის ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი იყო. ახლა ეს ადგილი საერთო ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი უნდა გახდეს. ეს არის ჩვენი ამოცანა. მთავარი, აქ ამოსასვლელი გზის გაკეთება იყო, დანარჩენი უკვე მარტივად გაკეთდება. მნიშვნრლვანია, რომ კინოთეატრი აშენდა - ყოველ საღამოს გაუჩნდება ხალხს წასასვლელი და შეკრების ადგილი. მომავალ წელს უნდა აშენდეს სამი სასტუმრო, ე.ი. სულ 4 დიდი სასტუმრო გვექნება. ყველგან უნდა მივიდეთ ასფალტიანი გზით. უნდა დავამატოთ მოედანი საჯარო შეკრებებისთვის. ბავშვებს აუზი და პატარ–პატარა ატრაქციონებიც უნდა გავუკეთოთ“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
ახალ სასტუმროში 22 ნომერია, თანამედროვე სტილით არის შექმნილი და ქართული ინვესტიციითა არის აშენებული.