Google+

სიახლეები

18.08.2012
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის პიაცაზე ახალი სასტუმრო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმის პიაცაზე მდებარე ბუტიკ-სასტუმრო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი სასტუმრო დაათვალიერა და მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ქალაქში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ, ეტაპობრივად, რეაბილიტაციის პროცესი ბათუმის ყველა ქუჩაზე დაიწყება.

„ამ სასტუმროს ფანჯრიდან ძალიან კარგად ჩანს ბათუმის მიღწევებიც და პრობლემებიც. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი სახლი ბარაკს ჰგავს და ისევ გვხვდება დაჟანგული სახურავები, გარშემო მაინც ათვისებულია შენობები. იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ პარლამენტის ახალი შენობის, რაბათის, ანბანის კოშკისა და სხვა პროექტების განხორციელების ნაცვლად, ფული ხალხისთვის უნდა დაგვერიგებინა, მინდა ვუთხრა: ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ყველა ადამიანი ამოვიყვანოთ გაჭირვებიდან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, სწორედ ტურიზმის განვითარებას და თითოეული ოჯახის შემოსავლის ზრდას ისახავს მიზნად. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი ტურისტული ობიექტების გახსნა კი მოსახლეობის დასაქმებასა და, შესაბამისად, უმუშევრობის პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს.

„თუ ჩვენ არ ავაშენებთ ამ ანბანის კოშკს, თუ არ ავაშენებდით თუნდაც ამ პიაცას, აქ არ ჩამოვიდოდა ტურისტი. ფაქტია, რომ წელს ჩამოვიდა ათჯერ უფრო მეტი ტურისტი, ვიდრე ჩამოდიოდა ასლან აბაშიძის დროს. წლის დამლევამდე კი ჯერ კიდევ დიდი დროა.  უწინარესად, ვითარდება ქალაქის პირველი ზოლი, და ტურისტული ადგილები, რომელთა სანახავადაც ჩამოდიან ტურისტები. შენდება სასტუმროები, სადაც მოსახლეობა საქმდება. ამ ობიექტებში ავეჯიც ადგილობრივი წარმოებისაა და არა უცხოეთიდან შემოტანილი. ეს იმას ნიშავს, რომ ხალხი ავეჯის ქარხანაშიც დასაქმდა“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

საქართველოს პრეზიდენტი, საუბრისას, სამომავლო პროექტებსაც შეეხო და საქართველოს აღმშენებლობის თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, თითოეულ ახალ პროექტს ეკონომიკური დატვირთვა აქვს და მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.

„მაგალითად, გორში, ჩვენ ვიწყებთ ისეთივე ციხის მშენებლობას, როგორიც ახალციხეშია. დღეს ვანო მერაბიშვილი ადგილზე არქიტექტორების ჯგუფთან ერთად იყო ჩასული. გორში, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ ავტობანი, მაგრამ ვფიქრობდით რა უნდა გაგვეკეთებინა კიდევ ეკონომიკის ასამოძრავებლად. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტურიზმი. დღეს ამის პოტენციალი არ არის, მაგრამ ციხის რეაბილიტაციის შემდეგ, ამ მიმართულებით უამრავ გორელს გაუჩნდება დასაქმების საშუალება. ქუთაისში პარლამენტის გადატანით ქალაქმა ეკონომიკური თვალსაზრისითაც შეიძინა მნიშვნელობა. ეს აუცილებელია, რათა დასავლეთ საქართველო გამოცოცხლდეს. არც ლაზიკაა ჩემი ახირება - ეს არის იმის წინაპირობა, რომ გაჩნდეს შემოსავალი, გადაიხადონ გადასახადები, გაიხსნას ფირმები, დარეგისტრირდეს საწარმოები, ავაშენოთ დიდი პორტი, რომელიც ფოთს დაეხმარება, დანარჩენ სამეგრელოსა და მთლიანად საქართველოს. ამგვარად, ყველაფერს აქვს თავის ეკონომიკური აზრი და ბათუმიც ასეა. დავიწყეთ პირველი ზოლით და ქალაქში შემოვედით ქვაფენილით. ქვაფენილი უკვე ბევრს განაპირა რაიონშიც იგება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ჯერ წყალი უნდა გაკეთდეს, ბუნებრივი გაზი უნდა შევიდეს და ამას თანდათან ყველაფერი დანარჩენი მიყვება. აღმშენებლობა კი არ უნდა გავაჩეროთ იმის გამო, რომ მოუთმენლები ვართ, არამედ პირიქით, მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ ყველაფერს, რათა საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმში უკვე საკმაოდ ბევრმა ქართველმა წამოიწყო ბიზნესი.

„მთელი პიაცა ერთმა ჭიათურელმა კაცმა განავითარა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს.  იგი დაბრუნდა საქართველოში, ჩადო ფული და მოკიდა ხელი ამ საქმეს. ის, რაც ჩვენ თავიდან დავხარჯეთ, სახელმწიფოს უკვე მთლიანად დაუბრუნდა. მას მივყიდეთ ეს ადგილი და მან შექმნა აქ კაფეები, რესტორნები, საგამოფენო დარბაზები და რამდენიმე ასეული ადამიანი დაასაქმა. აი, ეს არის ქართული ბიზნესი და საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან  ქართველების აშენებული სასტუმროებია. ხულოდან, შუახევიდან, ქედიდან, ბათუმელები ბუნებრივია, თბილისელებიც - რადისონი თბილისელისაა. კემპინსკის უცხოეთში მცხოვრები ქართველები აშენებენ - ყველაფერი ქართულია. რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციითაც შენდება ზოგი რამ და კარგი იქნებოდა, კიდევ უფრო მეტი რომ იყოს, რადგან ეს ისევ ქართველებს დაასაქმებდა. თუმცა ამისთვის კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ საინვესტიციო კლიმატი. დღესდღეობით, მათი აბსოლუტური უმეტესობა, ვისაც ბათუმის განვითარებაში შეაქვს წვლილი, უცხოეთიდან დაბრუნებული ადგილობრივი ქართველები არიან. ნელ-ნელა ხალხს აუცილებლად ამოვიყვანთ სიღარიბიდან“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ უკვე იქაც შენდება სასტუმროები, გაკეთდა გზა, შედის ბუნებრივი გაზი და ყველა აუცილებელი კომუნიკაცია.

„ბეშუმის ზემოთ, მაღალმთიან აჭარაში იყო ისეთი ადგილები, სადაც ზაფხულის 1-2 თვის გარდა, სიღარიბის და გაჭირვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ვლინდებოდა. მუდმივად ვფიქრობდი როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაჭრა და პირველი, რაც იქ გავაკეთეთ იყო გზა. ახლა ვაკეთებთ კარგ წყალსადენს, გაგვყავს ბუნებრივი გაზი და რაც მთავარია, ახლა იგივე ჯგუფი იქ რამდენიმე ძალიან კარგ სასტუმროს აშენებს. ასევე ფრანგებთან გავაფორმეთ კონტრაქტი და წელს უკვე გავხსნით უფრო მეტ საბაგიროს, ვიდრე ბოლო წლებამდე იყო გუდაურში. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ ყველა ოჯახს გაუჩნდება პერსპექტივა. მანამდე ახალგაზრდებისთვის გომარდულში გავაკეთეთ სათხილამურო სკოლები და გვაყვს კიდეც  მომზადებული პერსონალი - გოგო-ბიჭები, რომლებიც ბოლო 5-6 წლის გაიზარდნენ და უკვე საკუთარი შემოსავალი გაუჩნდება. ჩვენ ყველაფერს ეტაპობრივად მივყევით და ამ კურორტსაც აუცილებლად განვავითარებთ. ჩვენ მოვამზადეთ ინფრასტუქტურა, მივიღეთ საერთაშორისო დახმარება, ვიშოვეთ ინვესტორი და საბოლოოდ, მაღალმთიან აჭარაშიც დავძლევთ სიღარიბეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)