Google+

სიახლეები

16.08.2012
მიხეილ სააკაშვილი - "რაბათის ციხე ჩვენი აღმშენებლობის ნამდვილი გვირგვინია"

უპირველესად, მინდა მივესალმო ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონს და ვერცხლის მედალოსანს,  რომლებიც ახლა აქ, ჩვენს გვერდით იმყოფებიან.

ოლიმპიადაზე საქართველომ უფრო მეტი მედლები მოიპოვა, ვიდრე ინდოეთმა, ბელგიამ, ავსტრიამ...

ჩვენი ოლიმპიური ისტორიის განმავლობაში, ახლა ყველაზე მეტი მედლები ავიღეთ. ამისთვის, მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ბიჭებო!

მოგესალმებით ყველას!

დღეს აქ არიან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეები მთელი საქართველოდან, ქვეყნის ყველა კუთხიდან.

რამდენიმე წუთის წინ სიღნაღელები შემხვდნენ. აღმშენებლობა ჩვენ სიღნაღში ვისწავლეთ. შესაძლოა, თავიდან ბევრი შეცდომაც გვქონდა, მაგრამ ამ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლეთ კიდეც.

აქ არიან თელაველები და დღეს თელავი წარმოუდგენლად შენდება. თავდაპირველად, მხოლოდ ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციას ვფიქრობდით, მაგრამ ახლა მთელ თელავს ვაშენებთ.

ჩვენ ვაშენებთ ამ რაბათის ციხეს, რომელიც ჩვენი აღმშენებლობის ნამდვილი გვირგვინია.

აქ, ახლომახლო ცხოვრობდა კაცი, ვინმე მესხი მელექსე, რომელმაც საუკეთესო პოემა დაწერა და მინდა მისი სიტყვებით მოგმართოთ: "ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა".

საქართველო თავის  მრავალფეროვნებით არის ლამაზი. შესაძლოა, ეს სწორედ ის ციხე იყო, რომელშიც მეფე როსტევანი იჯდა - გახსოვთ ალბათ:

"იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი..."

ისევ რუსთაველს დავესესხები, რომელმაც ასე აღწერა ციხე:

„ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:
მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;
მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.
კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა“.

ეს უნიკალური ადგილია საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი აღმშენებლობის სიმბოლო, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ არა მხოლოდ რაბათი - ჩვენ აღვადგინეთ ბაგრატის ტაძარი, რომელზეც ხვალ აღვმართავთ ჯვარს. 

მანამდე აღვადგინეთ გელათი, ვამთავრებთ ფოთის ტაძრის მშენებლობას...

რაბათის ციხეში ასევე აღდგა უძველესი, მე–9 საუკუნის ქართული ეკლესია, რომელშიც დღეს პირველად მეუფე თევდორემ აღავლინა წირვა.

მას ჩვენ დიდად ვემადლიერებით, რადგან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ეკლესიის აღდგენისთვის. ჩვენთან ერთად, ასევე, ძალიან ბევრი იმუშავეს ჩვენმა მღვდელმსახურებმა.

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

დაწყებულია თუშეთისა და მუცოს აღდგენა, განვაგრძობთ სვანეთის აღდგენას, აღვადგინეთ მესტია და ვაკეთებთ უშგულს...

მაღალმთიან რაჭაში ვიწყებთ სოფლების აღდგენას, სადაც რამდენიმე დღის წინათ ვიმყოფებოდი.

საქართველოში შენდება ახალი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, რომელსაც, თითქმის, აღარაფერი აქვს ძველი.

დაწყებულია თელავის რებილიტაცია, რომელიც, პრაქტიკულად, ახალი ქალაქი იქნება, განსაკუთრებით, სტიქიის შემდეგ.

ვაშენებთ ახალციხეს, რომელიც, ფაქტობრივად, თავიდან შენდება.

ჩემო მეგობრებო, აქ საუკეთესო ხალხი ცხოვრობს და ვიცი როგორი გაჭირვებაა დღეს, მაგრამ ძალიან დიდი გაჭირვება იყო სიღნაღშიც, როდესაც მისი რეაბილიტაცია დავიწყეთ. ახლაც არის, მაგრამ ხალხმა მაინც ამოისუნთქა.

ბათუმშიც ბევრგან უჭირს ხალხს, მაგრამ იმდენად არა, როგორც მაშინ, როდესაც იქ აღმშენებლობა დავიწყეთ.

დარწმუნებული ვარ, აქაც ასე იქნება - თუკი ახალციხეში აქამდე 100-150 ადამიანი ჩამოდიოდა წელიწადში, თავს დავდებ, რომ შემდეგ წელს ამ ქალაქს 100 ათასი ვიზიტორი ეყოლება, რომელიც ფულს დატოვებს  თითოეული ახალციხელის ბიზნესში - კაფეში, სასტუმროში, საკვებ ობიექტებში და სოფლის მეურნეობაში.

მინდა მივმართო მათ, ვინც ამბობს, რომ არც ეს ციხე უნდა აღგვედგინა და არც ბაგრატი... ეს იგივე ხალხია, ვისაც დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვს. დარწმუნებული ვარ,  აქ ერთხელაც არ არიან ნამყოფი და წარმოდგენაც არ აქვთ სად იყო ახალციხე და რა იყო რაბათი.

ამ ციხის აღდგენის მთავარი ინიციატორი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელიც ამ ციხის მახლობლად დაიბადა და ნამდვილი გმირია.

ახალციხის შენება კვლავაც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ შემდეგი ძეგლი, რომელიც უნდა აღვადგინოთ არის გორის ციხე. იქაც გავაკეთოთ ისე, რომ თითოეულ გორელს ბევრად მეტი პერსპექტივა გაუჩნდეს და ბევრად მეტად იამაყოს საკუთარი ქალაქით.

სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი უმთავრესი გზა, ჩვენი ტურისტული პოტენციალის ამოქმედება და ჩვენი უზარმაზარი კულტურის მთელი ძალით ამუშავებაა. ამ საქმეში კი, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვერავინ შეგვედრება.

ჩვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ ხოლმე, რომ ომი, თურმე, ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ შეიძლება ჩვენ გვდომოდა ომი და ნგრევა? ეს შენება ჩვენთვის ყველაფერია; ჩვენთვის ყველაფერია ახალი ქალაქები - ლაზიკა გვაქვს ასაშენებელი... როგორ შეიძლება ომი გვინდოდეს?

მეუფეებს მინდა ვუთხრა... ბანა განადგურებულია და ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა არის ის, რომ ახალ ქალაქში, ლაზიკაში, რომლის მშენებლობასაც რამდენიმე დღეში ვიწყებთ, ჩავდგათ ბანას ზუსტი ასლი. გვინდა ამით „მოინათლოს“ ახალი ქალაქი, რომელიც საქართველოსთვის აღმშენებლობის სიმბოლო გახდება.

მტერი თავს დაგვესხა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა აღმშენებლობა.

გუშინ რუსთავში ვიყავი და კარგად ვიცი როგორი გაჭირვებაა იქ, მაგრამ ხალხს უკვე გაუჩნდა იმედი - გაიხსნა ახალი საწარმოები, ლოგისტიკური ცენტრები, პატარ-პატარა ბიზნესები...  ამის ინიციატორიც ვანო მერაბიშვილი იყო. ჩვენ ყველაფერს მივყვებით და ვაკეთებთ.

აქ, ახალციხეში რაბათი დამთავრებულიც არ იყო, ახალი, საუკეთესო სასტუმრო რომ გაიხსნა - კიდევ 4 სასტუმრო შენდება.

აბასთუმანში 10-ზე მეტი სასტუმრო აშენდება.

ბორჯომში შენდება 10 სასტუმრო;  გზა კეთდება აბასთუმნიდან ქუთაისისკენ...

იქნება ბორჯომი, ვარძია, ახალციხე, რაბათი, აბასთუმანი, საირმე, რომელიც უკვე აღვადგინეთ, წყალტუბო, რომლის რეაბილიტაციას ახლა ვიწყებთ, შაორი, უწერა და საბოლოოდ, ჩვენი კურორტები და კულტურის ძეგლები ერთ წრედ შეიკვრება.

ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ!

თითოეული ახალი კურორტი ხალხის სიღარიბიდან ამოყვანის წინაპირობაა, ეს არის ახალი პერსპექტივა, ახალი ნაპერწკალი თითოეული ქართველისა და თითოეული აქ მცხოვრების თვალებში.

მინდა, ილია ჭავჭავაძის ციტატა გავიხსენო: „რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი...“

არ არის ეს ახლანდელი ქართული ისტორიის ზუსტი აღწერა?!

შემდეგ ილია აგრძელებს: „ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი...“, მაგრამ ძალიან სახელოვანი და ჩვენ ამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დაბოლოს, მინდა, გამოსვლა ისევ დიდი რუსთაველის, ვინმე მესხი მელექსის ბოლო სტრიქონებით დავასრულო:

“ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად“.

ჩვენ ბევრი მტრები გვყავდა, დღესაც გვყავს ძალიან მრავალრიცხოვანი მტერი, მაგრამ ქართველი არასდროს დაიხევს უკან და არ შეეგუება იმას, რომ ვიღაცის ფეხქვეშ იყოს გადებული!

ასეთი წარსულის მქონე ერს, რომელმაც ასეთი კულტურა შექმნა, არ შეიძლება არ ჰქონდეს დიდი მომავალი და ამ მომავალს დღეს ყველანი ერთად ვაშენებთ!

ესტაფეტა ჩვენ თქვენ, აქ მყოფ ახალგაზრდებს უნდა გადმოგცეთ და არა წარსულის მოღვაწეებს, რომლებსაც ყველაფრის დანგრევა და მოსპობა უნდათ.

აქ არიან საუკეთესო ახალგაზრდები, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ჩვენ მიერ დაწყებულ აღმშენებლობას გააგრძელებენ და 10–ჯერ და 100–ჯერ უფრო კარგ საქმეებს გააკეთებენ.

ეს მხოლოდ გაგვიხარდება, რადგან თქვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ისწავლოთ, ჩვენს აშენებულს უფრო მეტი უნდა დააშენოთ და ასე შექმნათ ახალი, ძლიერი, ერთიანი, ბედნიერი საქართველო! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)