სიახლეები
17.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ფოთს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი ფოთში დღეს მოსახლეობას შეხვდა და მათ რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის, მოსახლეობის სრული გაზიფიკაციის, ქალაქის კეთილმოწყობის საკითხებს და განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს შეეხო. მან ყურადღება დასაქმების პრობლემებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ფოთში ყველას უნდა ჰქონდეს დასაქმების საშუალება. მისი თქმით ამას ემსახურება გადამზადების ცენტრების გახსნა და ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამ მხრივ, მან საწარმოების გახსნის აუცილებლობა გამოყო და კერძო ბიზნესის განვითრებაზე ისაუბრა.
„მსურს ეს ანგარიში თქვენთან ერთად განვიხილო და დაადასტუროთ ის, რომ წარმოდგენილი პროექტები მართლაც კეთდება და რაც კეთდება თქვენთვის არის ხელმისაწვდომი. სამი კვირის წინათ „სოკარს“ მოველაპარაკეთ და ფოთში უზარმაზარი სიმძლავრის ქარხანას ააშენებს, სადაც ნავთობპროდუქტების ქიმიური გადამუშავება მოხდება. ამ საწარმოში 2 ათასი ადამიანი დასაქმდება. ტექნიკური სასწავლებლები, რომელიც ფოთში გვაქვს კიდევ უნდა გავაძლიეროთ. ყველა ასაკის ადამიანი, ვინც ამ ტექნიკუმში უფასოდ, ჩვენი მიცემული ვაუჩერებით გადის გადამზადებას ერთი თვის განმავლობაში შოულობს მაღალ ანაზღაურებად სამსახურს. პირველივე დღეს 75 პროცენტია დასაქმების მაჩვენებელი. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციები ვითარდება, ფოთი უნდა გახდეს ინდუსტრიული ცენტრი“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მოსახლეობა იმ სოციალური პროექტებით დაინტერესდა, რომელსაც სახელმწიფო ამ რეგიონში ახორციელებს.
ქვეყნის პირველმა პირმა ფოთის მშენებარე ეკლესიაც მოინახულა. პრეზიდენტმა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მშენებლობის პროცესის დეტალებით დაინტერესდა.