Google+

სიახლეები

16.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნების ქართული დიასპორების წარმომადგენლები მიიღო

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში  სხვადასხვა ქვეყნების ქართული დიასპორების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვითაც მიმართა და ის ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც სრულიად საქართველოს მსოფლიო ასამბლეის შექმნას ითვალისწინებს.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს დღევანდელმა თაობებმა არ დაკარგონ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. განსაკუთრებით ეს იმ თაობებს შეეხება, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადა და იზრდება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ორმაგი მოქალაქეობის ლეგალიზება, ხოლო იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის ან სხვადასხვა მიზეზებისა და სუბიექტური გადაწყვეტილებების გამო, ორმაგი მოქალაქეობის აღება არ ხერხდება, ჩვენი თანამოქალაქის მოწმობა დავარიგოთ. საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვდასხვა ისტორიული გარემოების გამო ცხოვრობს მრავალეთნიკური ქართველი ერის უფრო მეტი წარმომადგენელი, ვიდრე საქართველოს შიგნით. ეს გათვალისწინებულია ჩვენი ახლომდებარე ქვეყნების ისტორიული მოსახლეობის ემიგრაციით 90-იან წლებში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის, მაგრამ ეს არის წინა წლებისა და საუკუნეების ტვირთი. ჩვენთვის ეს ხალხი, ერთი მხრივ, არის დანაკარგი, ხოლო, მეორე მხრივ - დიდი სიძლიერე. ამიტომ, ჩვენ გვსურს, რომ ეს დანაკარგი შევამციროთ და სიძლიერის მომენტები ზემოთ ამოვწიოთ. სწორედ ამიტომ ვხსნით ყველგან საკვირაო სკოლებს. ამ თვალსაზრისით, დიდ დახმარებას გვიწევს ქართული ეკლესია, რადგან საკვირაო სკოლები ბევრგან სწორედ ჩვენს ეკლესიებთან იხსნება, რაშიც ჩვენც ვეხმარებით მას. ასევე ვხსნით და ყველგან ვაკეთებთ დიასპორების შეკრების ორგანიზებას. ამას გარდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს თვეებში თანამემამულეთა მოწმობის საფუძველზე, ავირჩიოთ საქართველოს თანამემამულეთა და ქართველთა წარმომადგენლობითი საბჭო  - სრულიად ქართველთა მსოფლიო ასამბლეა, სადაც აირჩევენ წარმომადგენლებს და ექნებათ ხმის უფლება. შტაბბინას ჩვენ მათ თბილისში გავუკეთებთ, რეგულარულად მოვაწყობთ სესიებს და ეს იქნება ხმა, რომლითაც ჩვენი თანამემამულეები მთელი მსოფლიოდან მიაწვდიან ხმას როგორც საქართველოს, ისე დანარჩენ მსოფლიოს. რა თქმა უნდა, ქართველების ცენტრი, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, არის საქართველოში. ამიტომ, სრულიად ქართველთა მსოფლიოს ანსაბლეა - ახალი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც, ძირითადად, სიმბოლური დატვირთვა ექნება, წარმოდგენილი იქნება საქართველოში და  შეიკრიბება საქართველოში. ამის ორგანიზებას ჩვენ გავაკეთებთ. იმედი გვაქვს, რამდენიმე თვე გვეყოფა იმისთვის, რომ ჩვატაროთ სრულიად ქართველთა მსოფლიო ასამბლეის პირველი არჩევნები, მოვიწვიოთ დამფუძნებელი კრება და პირველი სესიაც საქართველოში გავმართოთ. მსურს გადმოგცეთ ეს მოწმობები, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტის ფერი აქვს და ეს სიმბოლურიცაა, რადგან ყოველი თქვენგანი, მართლაც, საქართველოს ელჩია“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა უცხოელ თანამემამულეებთან შეხვედრისას.  

მიხეილ სააკაშვილმა მათთან დეტალურად ისაუბრა იმ უფლებებსა და პრივილეგიებზე, რომელსაც ეს მოწმობები მის მფლობელებს ანიჭებს.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც შეიძლება მიიღოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის  სტატუსის მქონე პირმა “უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის” საფუძველზე. ამ მოწმობის მფლობელებს გარკვეული უფლებები და პრივილეგიები ენიჭებათ. კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ შეუძლიათ მუშაობა საჯარო სამსახურში; აგრეთვე, თუ პიროვნება არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული ვადით;  უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება; უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს დიასპორისთვის განკუთვნილ საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში;  ამას გარდა, სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)