სიახლეები
15.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი გახსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას მან სიტყვით მიმართა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონალური მნიშვნელობის ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს და ამისთვის მთავრობა შესაბამის პროექტსაც ამზადებს. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საკრედიტო სისტემის დახვეწაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, აუცილებელია დაბალპროცენტიანი სესხების დამკვიდრება.
„ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა, თითქმის, 7 პროცენტი იყო. ეს მაჩვენებელი შარშან მთელი წლის მონაცემებით გვქონდა. პირველ კვარტალში 7 პროცენტიანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ წლის დამლევს შეიძლება გვქონდეს, მინიმუმ, ეკონომიკური ზრდის 8-პროცენტიანი - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში. ევროპაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რა მოგვცა ჩვენმა რეფორმებმა. თუ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8-პროცენტი გახდება, მომავალ წელს, ჩვენი ვარაუდით, 10-პროცენტიანი და მეტი ზრდა გვექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს განვითარების მყარი ჩარჩო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას.
პოსტსაბჭოთა სივრცეზე საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საკასო ცენტრი აშენდა. ახალ საკასო ცენტრში დაინერგება ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვისა და ცენტრალიზებული კონტროლის მაღალტექნოლოგიური პროგრამები. ის ტექნოლოგიური დანადგარები, რომლითაც ახალი საკასო ცენტრია აღჭურვილი, მინიმუმამდე ამცირებს მიმოქცევაში გაცვეთილი ან ყალბი ფულის ნიშნების არსებობის რისკებს.