Google+

სიახლეები

13.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საზაფხულო თეატრის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ბულვარში დღეს საზაფხულო თეატრის მშენებლობა დაათვალიერა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ახალი თეატრი საუკეთესო ადგილი იქნება ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციისთვის და სხვადასხვა ფესტივალის გასამართად. ამას გარდა, ახალი თეატრ ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს ბევრ სასიამოვნო სანახაობას შესთავაზებს.

„ამ ადგილზე სამჯერ ნაკლები ზომის საზაფხულო თეატრი იყო. ასლან აბაშიძეს არ უყვარდა ისეთი ადგილები, სადაც ხალხი იკრიბებოდა. ამიტომაც დაწვეს ეს თეატრი და ცირკი, დაანგრიეს სტადიონიც. ახალი თეატრი სამჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე ძველი იყო - წლების წინათ ბათუმი პატარა, პროვინციული ქალაქი იყო, ახლა კი დიდი ქალაქი ხდება. ვფიქრობ, ეს თეატრი აგვისტოში გაიხსნება და ათს 200 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ძალიან დიდ ფესტივალებს გავმართავთ. სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში ქართული კულტურის დიდი ფესტივალი გაიმართება, მომავალში კი ბევრი უცხოელი შემსრულებელი ჩამოვა, თუმცა, უპირველესად, ადგილობრივი შემსრულებლები უნდა წარმოვაჩინოთ. შარშან ბათუმში ოპერის თეატრი გაიხსნა და, პრაქტიკულად, ახალი დასი შეიქმნა. ეს დასი წელსაც ბევრს გააკვირვებს. ყოველივე ეს ადგილობრივი ტრადიციების აღორძინებას ეფუძნება. საზაფხულო თეატრი კი ამ დიდი ტრადიციების აღორძინების ადგილია. ასევე, ეს ხელს უწყობს ტურისტების ჩამოსვლას, რომლებიც, თავის მხრივ,  დახაჯავენ ფულს და შემოსავლის გაზრდას შეუწყობს ხელს. გაზრდილი შემოსავალი კი, ბათუმელებისა და, ზოგადად, ქართველების ოჯახებზე აისახება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პროექტის თანახმად, ახალი თეატრი ძველი საზაფხულო თეატრის ანალოგია, თუმცა მასზე სამჯერ დიდი იქნება და 450-ის ნაცვლად, ათას 200 მაყურებელს დაიტევს. თეატრის შენობის არქიტექტურული სტილი ძველი პროექტის შესაბამისი იქნება და ხის მასალით მოპირკეთდება. თეატრის ჭერის მოზაიკა ბუნებრივი ცის იმიტაციას შექმნის. ასევე, კეთილმოეწყობა თეატრის მიმდებარე ტერიტორიაც. თეატრის სავარძლები ადგილობრივი წარმოებისაა და ისინი ბათუმში დამზადდა.

საზაფხულო თეატრის მშენებლობა უკვე სამი თვეა მიმდინარეობს და იქ 80-მდე ადამიანია დასაქმებული. მშენებლობა აგვისტოში დასრულდება და ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს თეატრი ზაფხულის დამლევს უმასპინძლებს.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)