Google+

სიახლეები

26.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ორთაჭალაში სტიქიის შედეგად რამდენიმე კვირის წინ დაზარალებულ იმ რამდენიმე ოჯახს ესტუმრა, რომლებიც დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერიამ უზრუნველყო. მიხეილ სააკაშვილი მათი ახალი პირობებით დაინტერესდა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს დაზარალებულებზე მუდმივი ზრუნვა დაავალა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება იმ ინიციატივაზე გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც თბილისი ბარაკის ტიპის საცხოვრებლებისგან უნდა გათვისუფლდეს. პრეზიდენტის თქმით, ამ ინიციატივის განსახორციელებლად შესაბამისი პროგრამის შემუშავებაა აუცილებელი.

„ეს ოჯახები სკოლიდან შორს არ უნდა ცხოვრობდნენ. მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ თბილისში ბარაკები აღარ უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა შევიმუშავოთ ისეთივე პროგრამა, როგორც ბათუმში ავამოქმედეთ და თანდათან ვახორციელებთ მას. როდესაც თქვენი საცხოვრებელი ვნახე, გაოგნებული დავრჩი, იქ ცხოვრება წარმოუდგენელია. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და ახლა თქვენზე უნდა ვიზრუნოთ. ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ, რათა მათ, ვინც დაუსაქმებელია, სამუშაო იშოვოს. უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ გადამზადების კურსები გაიარონ, რათა კონკრეტული საქმე გამოუჩნდეთ. ასევე უნდა დავეხმაროთ მათ მუდმივი საცხოვრებლის  პოვნაში. ის ადგილი, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ, 21-ე საუკუნეს არ შეესაბამება. ამიტომ, უნდა შევქმნათ ბარაკებისგან განთავისუფლების პროგრამა და ამ ხალხს მივხედოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მათ დახმარება აღუთქვა, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ისინი ამ დღეს უკეთეს პირობებში, საკუთარ სახლებში აღნიშნავენ.

ადეიშვილების, ჩიქოვანებისა და კავთელაძეების ოჯახების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადეს მიხეილ სააკაშვილს ყურადღებისა და მხარში დგომისთვის. „რომ არა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მაშველებისა ძალისხმევა, ტრაგედია გაცილებით მასშტაბურ ხასიათს მიიღებდა“, - აღნიშნეს მათ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)