Google+

სიახლეები

22.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციული ბრიფინგი ნატო-ს ორდღიანი სამიტით დაიწყო, რომლის მუშაობაში ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით იღებდა მონაწილეობას. პრეზიდენტის პრესსპიკერმა 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტი გაიხსენა, როდესაც  ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ორგანიზაციის გაფართოების კონკრეტული მექნიზმები არ ჰქონდათ შემუშავებული. მისი თქმით, ჩიკაგოს სამიტზე ის  ამოცანები დაისახა, რომელთა შესრულებით საქართველო შეძლებს გახდეს ალიანსის წევრი.  მანანა მანჯგალაძემ ყურადღება ამ სამიტი მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, მომავალ სამიტზე ალიანსის გაფართოების საკითი დადგება, რაც საქართველოს სრულიად განსხვავებულ პერსპექტივას გაუხსნის.

„ჩიკაგოს სამიტზე საქართველო საკმაოდ საინტერესოდ იყო წარმოდგენილი, რადგან ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელიც სამიტის ფარგლებში გამართული ყველა შეხვედრის მონაწილე იყო (ქართული მხარე მსგავსი ტიპის შეხვედრებში პირველად მონაწილეობდა). ეს თავად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.  ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ  ნატოსა და საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთიერთობა აქვს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს აღინიშნა სამიტის  დეკლარაციაშიც, რომლის სამი პუნქტი უშუალოდ საქართველოს  შეეხება. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელშიც   ოფიციალურად ჩაიწერა, რომ საქართველო არის ნატოს  ასპირანტი-ქვეყანა“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სამიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ორმხრივი  შეხვედრებიც გამართა. საქართველოს  პრეზიდენტი შეხვდა ამერიკელ სენატორებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ასევე, ბულგარელ და აზერბაიჯანელ კოლეგებს და დანიის  პრემიერ-მინისტრს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ქვეყნის პირველი პირის შემდგომი ღონისძიებებიც დააანონსა, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტის ფარგლებში გაიმართება.

„შეხვედრები ინაცვლებს ლოს ანჯელესში. რეიგანის ცენტრში პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს  ფართო აუდიტორიას, რომელიც გააერთიანებს პოლიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, დიპლომატებსა და ექსპერტებს. ასევე დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობისადმი  მიძღვნილი მიღება, რომელზეც მოწვეული არიან მაღალი რანგის სტუმრები - პოლიტიკოსები,  ბიზნესის წარმომადგენელთა  ფართო სპექტრი, საზოგადო მოღვაწეები. ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი  შეხვდება ლოს ანჯელესის მერს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა მან.

მანანა მანჯგალაძემ ყურადღება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილ პრობლემაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ჩიკაგოს ნატოს  სამიტის  ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა გაიმართა ილჰამ ალიევთან, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

„საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი, რა თქმა უნდა, დავით  გარეჯის სამონასტრო კომპლექსის  ირგვლივ  არსებულ პრობლემებს დაეთმო. პრეზიდენტის დავალებით, მათი შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, 20 მაისსვე შედგა საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანლთა შეხვედრა, რომლებმაც ადგილზე – საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე   განიხილეს  არსებული ვითარება. მიღებული გადაწყვეტილებით, ამ საკითხის საბოლოო მოგვარებამდე, ყველას, როგორც  სასულიერო პირებს, ისე მომლოცველებსა და ვიზიტორებს საშულება ექნებათ მოინახულონ და მოილოცონ დავით გარეჯის კომპლექსის ის ნაწილიც, რომელთან დაკავშირებითაც პრობლემა წარმოიქმნა. ეს გადაწყვეტილება ძალაში გუშინდელი დღიდანვე შევიდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე უამრავ ადამიანს მიეცა შესვლის შესაძლებლობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ  ყველა საკითხი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციასთან არის დაკავშირებული, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობერებთან ერთად, მშვიდ, კოლეგიალურ და მეგობრულ  გარემოში მოგვარდება“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

ბრიფინგზე, მანანა მანჯგალაძემ ყურადღება კიდევ ერთ თემას დაუთმო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს შეეხებოდა.  მისი თქმით, 26 მაისს საზეიმო ღონიძიებები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. როგორც მან განაცხადა, საქართველოს  დედაქალაქი პირველად  უმასპინძლებს სამრეწველო აღლუმს სახელწოდებით  „დამზადებულია საქართველოში“, რომლის ფარგლებში, ასეულობით ქართულ  მეწარმეს გაუჩნდება საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის საშუალება. პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ, ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქართული სამხედრო-სამრეწველო  წარმოების ტექნიკა – ლაზიკა,  დიდგორი, უპილოტო თვითმფრინავები და სხვა.

ამის შემდეგ, მანჯგალაძის თქმით, ეპიცენტრი ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც საზეიმოდ გაიხსნება პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობა, საბოლოოდ, შემოდგომით დასრულდება.

„ბუნებრივია, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობა  მზად იქნება იმისთვის, რომ  საქართველოს პარლამენტის პირველი საზეიმო სხდომა ქუთაისში, როგორც  საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქში გაიმართოს. ამას გარდა, ქუთაისში პირველად უმასპინძლებს  სამხედრო აღლუმს, რომელიც 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება. ასევე დაგეგმილია საქართველოს  დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი  სხვა  ღონისძიებები როგორც ქუთაისში, ისე ქვეყნის დედაქალაქში“, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.                                                                       




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)