Google+

სიახლეები

22.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აქ, ნატოს სამიტზე ჩიკაგოში.

მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და თქვენ და თქვენს ქვეყანას მიღწეული პროგრესი მოგილოცოთ.

საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ამ სამიტზე სამივე პარტნიორულ ღონისძიებას ესწრებოდა და ეს ფაქტი ამტკიცებს იმას, რომ ნატო-სა და საქართველოს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს.

ჩვენ გვსურდა გვეთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის ოპერაციაში.

თქვენი ჯარები გამორჩეულად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დიდად ვაფასებთ თქვენს წვლილს.

ეს არის თქვენი დამოკიდებულების ძლიერი დემონსტირება ტრანსატლანტიკური ალიანსის,  საყოველთაო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ.

ასევე, მსურს ის პროგრესი აღვნიშნო, რომელსაც შიდა რეფორმების პროცესში მიაღწიეთ. ნატო-საქართველოს კომისია შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისთვის.

შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საკუთარი პოზიცია საქართველოს მიმართ. გვსურს ვიხილოთ, რომ ყველა პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში .

დაბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რაც ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გადაწყვიტა - საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

მოხარული ვართ, რომ თქვენ უკვე დიდ პროგრესს მიაღწიეთ და კვლავაც დიდი სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას რეფორმების განხორციელების პროცესში.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ბატონო გენერალურო მდივანო,

უპირველესად მსურს მოგილოცოთ წარმატებული სამიტი.

ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ნატო-ს რამდენიმე სამიტს ვესწრებოდი, რომელთაგან ყველა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს სამიტი ყველაზე წარმატებული და ახალი იდეებით სავსე აღმოჩნდა.

არასდროს არ მინახავს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ასეთი ერთსულოვნება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ვხედავთ, ნატო არის ძლიერი მოტივატორი არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებში, არამედ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელების თვალსაზრისითაც.

ჩვენი ქვეყანა ნატოს იდეების ერთგულია. გამოკითხვების მიხედვით, ჩვენი ხალხი ერთსულოვნად მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხოების შემქმნელი და არა უბრალოდ მომხმარებელი.

მე დავინახე და ეს თქვენც აღნიშნეთ, რომ არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველა ფორმატის შეხვედრას დაესწრო. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული პრივილეგიაა.

ჩვენ წარმოვადგენდით რეგიონს ძირითადი პარტნიორების შეხვედრაზე, რაც ასევე უდიდესი პრივილეგიაა და საქართველოს როლის აღიარებას ნიშნავს.

როგორც გაცხადდა, შემდეგი სამიტი ორგანიზაციის გაფართოებას მიეძღვნება, ყოველ შემთხვევაში, აქ შეკრებილი წევრები ამ საკითხზე საუბრობენ.

ასევე შევნიშნეთ, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ღია კარის პოლიტიკა იყო. საუბარი შეეხებოდა საქართველოსა და სამ ბალკანურ ქვეყანას.

ამ ფორმალურ კლუბში საქართველომ საკუთარი თავი იმ სამ ბალკანურ ქვეყანასთან იპოვა, რომლებიც ალიანსის წევრობის ძლიერი კანდიდატები არიან. ჩვენ ერთმანეთთან სრული კოორდინაცია გვაქვს.

ეს იმის შედეგია, რომ მუდმივად ცდილობთ საქართველოს ინტეგრაციასა და პრობლემების დაძლევაში ჩვენს დახმარებას.

დაბოლოს, ნატო-ს მკაფიოდ ჩამოყალიბებული  პოლიტიკა აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში.

ის ფაქტი, რომ ასეთ ძლიერ ალიანსს საკუთრი პოლიტიკა აქვს ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან ძლიერი სტიმულია ეკონიმიკის განვითარების, რეფორმირების, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და დემოკრატიზაციის პროცესში.

ჩვენ გავდივართ იმ გზას, რამაც, საბოლოოდ, ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებამდე უნდა მიგვიყვანოს.

გასულ წელს თქვენ საქართველოში ყოფნისას ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში მიმიწვიეთ. თქვენ დიდი დახმარება გაგვიწიეთ ჯერ როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა, ხოლო შემდეგ გენერალური მდივნის პოსტზე. ამის შედეგად, ჩვენს ქვეყანაში დიდი წინსვლა შეინიშნება და სწორედ ეს მაძლევს საშუალებას, ჩიკაგოდან საოცარი შემართებით წავიდე.

დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ აქ, თქვენთან ერთად ყოფნის საშუალება მომეცა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)