Google+

სიახლეები

21.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სენატის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მიხეილ სააკაშვილი ამერიკის სენატორს რიჩარდ დურბინს შეხვდა. მხარეებმა იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ისაუბრეს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში წარმატებით ხორციელდება. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია, რაც, მისი თქმით, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ძალიან მნიშვნელოვანია.

რიჩარდ დურბინი ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ავღანეთში მშვიდობის დამყარებაში ქვეყანას უდიდესი წვლილი მიუძღვის. 

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს მე და საქართველოს პრეზიდენტმა განვიხილეთ ეს არის საქართველოს მომავალი და ქვეყნის როლი ნატო-ში. მიმაჩნია, რომ  უმნიშვნელოვანესია საქართველო იყოს ალიანსის წევრი. ეს ბრწყინვალე იდეაა, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მართლია, ჩიკაგოს სამიტზე ორგანიზაციის გაფართოება არ იგეგმება, მაგრამ საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი სამიტია. მიხეილ სააკაშვილი აქ უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს, რომლებზეც კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ქვეყანაში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და ეკონომიკური პროგრესიც შეინიშნება. ეს მეტად პოზიტიურია საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის და ძლიერ, დამოუკიდებელ სამყაროში დღეს მისი როლი სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ჰქონდა საბჭოთა დროს“, - განაცხადა რიჩარდ დურბინმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის სენატის კიდევ ერთ წარმომადგენელთან  ჯინ შაჰინთან გამართა შეხვედრა. საუბრის მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც საქართველოს ევროატლანტიკური ინეგრაცია იყო. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ქვეყნის დემოკრატიულ განვითრებაზე გაამახვილა და დაგეგმილი არჩევნების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ წინასაარჩევნო თუ არჩევნების პროცესს ლეგიტიმური საერთაშორისო დამკვირვებლები ადევნებდნენ თვალს, რისთვისაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიურობაა საჭირო. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქ ასპირანტი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ნატოს სამიტის მუშაობაში ასპირანტი ქვეყნების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი მომავლისთვის. საქართველომ ძალიან დიდი წვილილი შეიტანა ნატოს მისიაში ავღანეთში და მათ სურთ საქართველოს უთხრან: ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ქვეყანა სწორ გზას ადგას და ის აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ჩვენი საუბარი არჩევნებსაც შეეხო. ვფიქრობ, საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ჩასვლა აუცილებელია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ იცოდეს თუ რა ხდება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, ამერიკელმა სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და აღნიშნეს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კარი საქართველოსთვის კვლავაც ღიაა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)