მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის სახელით, აღდგომის დღესასწაული სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა და გასული კვირის შედეგები შეაფასა.
პრეზიდენტის პრესსპიკერი, უპირველესად, დარიალის ხეობაში მშენებარე ჰესების თემას შეეხო.
"დარიალისა და ლარსის ჰიდროელექტროსადგურები იმ დიდი ენერგეტიკული პროექტის ნაწილია, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. ახალი ჰესების მშენებლობა არა მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია, არამედ ჩვენი მრავალი თანამოქალაქის დასაქმების სფეროც", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
ქვეყნის მასშტაბით (რაჭა, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, გურია, აჭარა) უკვე მიმდინარეობს 15 ახალი ჰესის მშენებლობა, სადაც 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა სვანეთში დაიწყება. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს მიხეილ სააკაშვილი პირადად მოინახულებს. ახალი ჰესის სიმძლავრე 210 მეგავატი იქნება, მის მშენებლობაზე 1200 ადამიანი დასაქმდება და 630 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. „ნენსკრა“ 2017 წელს ამოქმედდება.
"2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ათი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის დაწყება, რომელზეც 13 ათასი ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც იწყება დიდი მოცულობის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებიც", - აღნიშნა პრესსპიკერმა.
ამას გარდა, მანანა მანჯგალაძემ საქართველოში უმუშევრობის პრობლემის დაძლევის კიდევ ერთ შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომელიც პროფესიული განათლების ცენტრებს შეეხება. პრეზიდენტმა ასეთი ცენტრი ოზურგეთში უკვე გახსნა, სულ მალე კი აჭარის რეგიონში, კონკრეტულად, ქობულეთში გაიხსნება.
ბრიფინგის ბოლოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.
"ქარტიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს - ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა-ვაჭრობა, დემოკრატიული თანამშრომლობის ჯგუფი და ხალხთა შორის ურთიერთობების ჯგუფი.
დღის წესრიგში დგას ქარტიის ფარგლებში უკვე გაწეული სამუშაოების შეფასება და შეჯამება საქართველოში განხორცილებული რეფორმების, ასევე, მიმდინარე წლის სამომავლო გეგმის ერთგვარი გაწერა ორ პარტნიორ ქვეყანას შორის. ჯგუფის ხელმძღვანელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა", - აღნიშნა პრესსპიკერმა.