Google+

სიახლეები

14.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილე პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიმართა

მიხარია თქვენი ნახვა.

იცით, რომ ბევრი დღესასწაულია ქვეყანაში, მაგრამ საქმის კეთება არასდროს არ წყდება.

დღეს რამდენიმე დიდი ობიექტი მოვიარე და ყველგან ხალხი მუშაობდა. მშენებლები, ინჟინრები მუხლჩაუხრელად შრომობენ.

ამდენი ათწლეულის ნგრევის შემდეგ, ჩვენ ვაშენებთ საკუთარ ქვეყანას - ჩვენ, ყველანი ერთად ვაშენებთ საქართველოს.

პროგრამას „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ერთი წელი შეუსრულდა.

დღეს არის ქართული ენის სახელმწიფო დღე, რომელიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში აღინიშნება.

მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი თარიღია ჩვენთვის, რადგან საქართველოს რეგიონებში ქართული ენის სწავლების შედეგები, ყველა ჩვენს მოლოდინს აღემატება.

თქვენ იცით, რომ სულ რაღაც ორი წლის წინათ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ სამი ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი დარეგისტრირდა, შარშან - 200 ახალგაზრდა, წელს კი - 6 ათასი.  

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ენა მასობრივად ვრცელდება და ჩვენი გეგმაა, 2015 წელს იმ სოფლებსა და რეგიონებში, სადაც სახელმწიფო ენა, ტრადიციულად, არ იცოდნენ, ახალგაზრდობის 100 პროცენტი ფლობდეს.  

ეს ძალიან ამბიციური გეგმაა, მაგრამ ჩვენ უკან არაფერზე დავიხევთ და ყველა ამბიციურ გეგმას ვასრულებთ.

ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ.  

საქართველოში ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ერთნაირად, თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი და ერთნაირად წარმატებული.

საქართველო ეკუთვნის ყველას და ის, ვისაც საქართველოს დაყოფა სურს ეთნიკურად ქართველებად და ეთნიკურად არაქართველებად, პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს. ეს არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ.

ის, ვისაც სურს, რომ საქართველო დაყოს აღმსარებლობის ნიშნით და, მათ შორის, შუღლი ჩამოაგდოს, ემსახურება საქართველოს მტერს;

ის, ვისაც სურს, რომ საქართველოს დაყოს პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, ქალაქელებად და სოფლელებად, ქალაქის ცენტრალურ უბნელებად და გარეუბნელებად, ემსახურება საქართველოს მტერს.

სწორედ ასე გვამრთავდა ჩვენი მტერი საუკუნეების განმავლობაში.

საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში ძალიან ადვილია ხალხის წაკიდება - მუდმივად თამაშობდნენ ჩვენს ეთნიკურობითა და რელიგიურობით. და თუ მათ წაქეზებას  მოახერხებდნენ, ხალხის მართვა და მისით მანიპულირება ადვილი იქნებოდა.

პირველად, ასწლეულების განმავლობაში, კავკასიაში თანამედროვე სახელმწიფოს ვქმნით -  ჩვენი ეპოქის შესაბამის თანამედროვე სახელმწიფოს.

სახელმწიფოს პირველი ნიშანი ისაა, რომ ერთიან ეროვნულ მექანიზმში მისი ყველა მოქალაქე წარმოდგენილია, როგორც სრულუფლებიანი, თანაბარი შესაძლებლობების, თანაბარი ამბიციებისა და წარმატების მქონენი.

ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ამბიციები, რათა წარმატების მიღწევა შეძლონ.

ადრე რუსული ენა ძალით ინერგებოდა საქათველოში.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ენები - უპირველესად, უცხო ენებიდან აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ინგლისური ენა. შემდეგ უნდა ვისწავლოთ სხვა თანამედროვე ენები.  ასევე უნდა ვიცოდეთ რუსული, თუმცა იმის გამო, რომ ის აღარ არის თანამედროვე ტექნოლოგიების ენა, პრიორიტეტულ პოზიციას ვეღარ იკავებს.

ბუნებრივია, ეს გამოიწვია იმ იმპერიალისტურმა პოლიტიკამ, რომელსაც ისინი ატარებდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ენა, რომლის საშუალებითაც პოსტსაბჭოთა სივრცეზე გვიწევს  ურთიერთობა.

მაგალითად, აზერბაიჯანის პარლამენტში დეპუტატებს რუსულად მივმართე, რადგან უპირველესად, რუსულ აუდიტორიას და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებს მივმართავდი.

ყველა ამ უცხო ენასთან ერთად,  საქართველოში წარმატებისთვის მისაღწევად, მთავარი ჩვენი ურთიერთობის, საერთო წარმატებისა და ერთობის საწინდარი არის წარმოუდგენლად მდიდარი და განსაკუთრებული ქართული ენა.

მაგალითად, ჯავახეთში ძალიან ბევრი რამ კეთდება. შენდება უზარმაზარი რკინიგზა. ჯერ ვერც კი წარმოგვიდგენია, რამდენად დიდი მნიშვნელობის პროექტია. ერთ წელიწადში ჯავახეთში იქნება უდიდესი სარკინიგზო კვანძი, რომელიც მთელ რეგიონს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპასთან შეაერთებს.  

დამპყრობელმა რკინიგზის ხაზები გადაგვიჭრა ჩრდილოეთით, მაგრამ მაგრამ ჩვენ გავხსენით გზა სამხრეთით, რომლითაც უფრო სწრაფად ჩავალთ ევროპაში, ვიდრე ძველი მარშრუტით ჩავიდოდით.

4-5 წლის წინათ ჯავახეთის მოსახლეობისთვის დასაქმების და შემოსავლის მიღების ერთადერთი წყარო რუსული სამხედრო ბაზა იყო. დღეს უკვე გარშემო 10-მდე ჰიდროელექტროსადგური შენდება. მკვეთრად ვითარდება სოფლის მეურნეობა და ბევრად ინტენსიური რეჟიმზე გადადის. გაკეთდა გზა, რომელმაც გაამარტივა პროდუქციის გამოტანა.

ჯავახეთში და მის გარშემო დაიწყო კულტურული ძეგლებისა და ტურისტული ცენტრების აღდგენა. ძველ ციხესიმაგრეებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამას გარდა, განათლების მიღებისა და ხალხის განვითარებისთვის მთლიანად იცვლება ინფრასტრუქტურა.

ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფადგანვითარებადი რეგიონი გახდა.

არადა, როდესაც რუსეთის სამხედრო ბაზა გადიოდა, ეგონათ, რომ ხალხი მას არ გაუშვებდა. მაშინ არავინ არ გამოსულა და მშვიდად გაატარეს რუსი სამხედროებიც და მათი ტანკებიც, მაგრამ როდესაც 2008 წელს უკან დაბრუნება დააპირეს, მაშინ კი გადაუდგნენ ტანკებს წინ ადგილობრივი მცხოვრებლები და მათ დაბრუნების საშუალება არ მისცეს.

ეს არის ისტორიული მოვლენა ქართველი ერისთვის და უდიდესი ფაქტი - ჯავახეთის ეთნიკურად სომხური მოსახლეობის როლის ხაზგასასმელად.    

ძალიან ძლიერი განცდაა, როდესაც შეიგრძნობ, რომ ეს შენი ქვეყანაა.

ცოტა ხნის წინათ, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ვიყავი. საზღვარზე  ეთნიკური ოსების ოჯახი გადმოვიდა, რომელმაც საქართველო 1991წელს დატოვა. ბავშვებიც მოჰყავდათ. ვიფიქრე, 10 წლის ბავშვს ქართული არ ეცოდინება-მეთქი და მასთან რუსულად დავიწყე ლაპარაკი. აღმოჩნდა, რომ მშვენივრად ლაპარაკობდა ქართულად. სახლში მშობლები მათ მხოლოდ ქართულად ელაპარაკებიან.  

ამას იმიტომ ვყვები, რომ 1991 წელს ბევრი, ვინც მაშინდელი საქართველოდან წავიდა,  ცუდად მოგვიტრიალდა. მათ შორის, არც დამპყრობელმა დაგვაკლო ხელი, მაგრამ მაინც რამდენად დიდი ისტორიული კავშირი აქვს საქართველოსთან თუნდაც ამ ოჯახს, რომ ვერაფერმა ააღებინა ხელი საქართველოსა და ქართველობაზე.

როგორც კი სავიზო რეჟიმი გავაუქმეთ, სიამოვნებით შემოდიან საქართველოში და ისიც თქვეს: საზღვრის გახსნის შემდეგ უკვე მერამდენედ მოვდივართო (რუსეთის მოქალაქეებისთვის სამხრეთის საზღვარი შარშან გავხსენით).  

ეს არის კავშირი საქართველოსთან როგორც იდეასთან.

თქვენ დღეს კავშირი გაქვთ საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან, რომელიც წარმატების ნიმუშს ქმნის ქვეყნის თითოეული არაოკუპირებული რეგიონისთვის.  ეს, ფაქტობრივად, ორმაგი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კავშირია.

იცით, რატომ აბარებს წელს 6 ათასი აბიტურიენტი, მაშინ, როდესაც ორი წლის წინათ, მხოლოდ 3 აბიტურიენტი დარეგისტრირდა? იმიტომ, რომ სახელმწიფოებრიობის იდეა ჩვენში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს, ყველაზე ნაკლებად განვითარებულ რეგიონებშიც კი.

სიტყვა „არაქართველი“ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, რადგან არიან მხოლოდ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ქართველები - სახელმწიფოებრივად, ყველანი ქართველები ვართ.

საქართველოში არ არსებობს სახელმწიფოებრივად არაქართველი.

რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ჩვენი წარმოშობის საინტერესო სახელმწიფოებრივი კულტურა, სიმღერები, ცეკვები, რომლებიც, სხვათა შორის, ერთმანეთს ჰგავს კიდეც, რადგან ერთნი ვართ, მაგრამ ეს ტერმინები „ქართველი“, „არაქართველი“ უნდა დავივიწყოთ.

90-იან წლებში, როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი, პასპორტიდან ეთნიკურობა ამოვიღეთ. ძველ პასპორტებში ეწერა ეროვნება და ეს „ეროვნულობა“ სხვა არაფერი იყო, თუ არა ეთნიკურობა.

რა თქმა უნდა, ძალიან ძველი ერი ვართ და ამ უძველეს კულტურას გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მრავალეთნიკური ერი ვიყავით.

როდესაც ლაპრაკობენ ეთნიკურ და რელიგიურ შემწყნარებლობაზე, ზოგიერთები მუდმივად  ცდილობენ ამ თემებით ქულების ჩაწერას, მათ შორის, საარჩევნო მიზნებით.

ფეოდალურ ეპოქაში ყველაზე დიდი ქართველი მოაზროვნე დავით აღმაშენებელი იყო, რომელიც მეჩეთშიც დადიოდა, სინაგოგაშიც და სხვადასხვა ქრისტიანულ ტაძრებში. იგი თავს მოვალედ თვლიდა, რომ ყველას თანაბრად და ერთნაირად მოპყრობოდა.

ათი წლისწინანდელ საქართველოსთან შედარებით, დღეს სულ სხვა ქვეყანა გვაქვს.

საზოგადოებას დღეს სულ სხვა ფასეულობები აქვს.

წარმოიდგინეთ, საქართველოს მხოლოდ ისინი რომ აშენებდნენ, ვისაც ძველ პასპორტში „ეთნიკურად ქართველი“ ეწერა, 3,5 მილიონი ვიქნებოდით, მაგრამ როდესაც ქვეყანას ყველანი ერთად ვაშენებთ, უკვე 5-მდე მილიონი ვართ.

ჩვენი ძალა ერთობაშია, ეს ჩვენს გერბსაც აწერია. ეს არის საქართველოს ყველა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსის ადამიანების ერთობა.

ადრეც მითქვამს - ვისაც ეთნიკური აზერბაიჯანელი ეზიზღება, მისთვის ვიქნები აზერბაიჯანელი! ვისაც ეთნიკური სომეხი ეზიზღება, მათთვის აუცილებლად ვიქნები სომეხი! და მაინც საქართველოს ყველაზე დიდ პატრიოტად დავრჩები, რადგანაც ჩემთვის საქართველოს იდეა ბევრად უფრო დიდი რამ არის.

ამ პროგრამამ, პრაქტიკულად, შეუძლებელი რამ შეძლო - რამდენიმე წლის წინათ შეუძლებელი იყო გვყოლოდა ამდენი გულანთებული მოხალისე მასწავლებელი, რომელიც მართლაც დიდ პატრიოტულ საქმიანობას ეწევა.

როდესაც ახალი ფორმაციის ქართველებზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ისინი არიან ყველა ეთნიკური წარმომავლობის, ყველა აღმსარებლობის მქონე მოქალაქეები, რომლებსაც ემატება ახალი მენტალიტეტის მქონე ადამიანები. ასეთები კი ყველაზე მეტად ეს მასწავლებლები არიან, რომელთათვისაც პირად ინტერესებსა და დროებით კეთილდღეობაზე წინ სამშობლოს ინტერესების დაყენება, წიგნში წაკითხული ფრაზა კი არა, ჩვეული ყოველდღიურობაა. ისინი ამას საკუთარი სამშობლოს საკეთილდღეოდ აკეთებენ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩვენ გვაქვს რეზერვისტთა პროგრამა.

აზერბაიჯანული სოფლებიდან რეზერვში ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა. ახლა ეს პროგრამა სომხურ სოფლებში დავიწყეთ და იქაც მსგავსი შედეგი გვაქვს.

ეს ორმხრივი ნდობის საკითხია - ერთი მხრივ, ისინი მზად არიან, საკუთარი სოფლები, მაშასადამე, საკუთრი ქვეყანა დაიცვან, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანა მზად არის მათ იარაღი ანდოს, რომელიც მათივე რაიონების პოლიციის განყოფილებებში ინახება.

ეს იმას მიშნავს, რომ თითოეული მათგანი ჩვენი სრულფასოვანი მოქალაქე და ჩვენი საქართველოს პატრიოტები არიან.

10 წლის წინათ ესეც შეუძლებელი იქნებოდა და ჩემთვის ესეც იმის ნიშანია, თუ საით მივდივართ - გაჩნდა ახალი თაობა, რომელიც არასდროს არავის აღარ დაუთმობს ჩვენს ამ მონაპოვარს.

რა თქმა უნდა, საქართველოში ჯერ კიდევ არ ვცხოვრობთ სინგაპური მსგავსად და იმას, რომ ცხოვრების დონით ამ ქვეყანას გავუთანაბრდეთ, კიდევ ათწლეულები დასჭირდება, მაგრამ აზროვნებით, მიღწეული წარმატებებითა და ერთად დგომით, ამ გზას უკვე დავადექით. მათ შორის, ეს თქვენ მიერ არის გენერირებული და არ შეიძლება, რომ ეს არ დავაფასოთ.

რეზერვიტთა თემასთან დაკავშირებით, მსურს ერთი ისტორიული დეტალი კარგად დაიმახსოვროთ - თუკი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჯავახეთი საქართველოს ტერიტორიის შემადგელობაში შენარჩუნდა, ეს ადგილობივი მოსახლეობის, ეთნიკური ქართველებისა და ეთნიკური სომხების გმირული ბრძოლის შედეგი იყო. მათ შექმნეს  ერთობლივი რაზმები და უცხოელი დამპყრობლის წინააღმდეგ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ.

გასაბჭოებისა და ათასგვარი უბედურების შემდეგ, კომუნისტებმა ეს ფაქტი დაგვავიწყეს. ეს არ ისწავლებოდა არც სახელმძღვანელოებში, მაგრამ მე ისტორიკოსის შვილი ვარ და ამის შესახებ ვიცი.  

იცით, რატომ არ ასწავლიდნენ ამას? იმიტომ, რომ ეს ძალიან ცუდი მაგალითი იყო საბჭოთა კავშირისთვის - მაშინ ის ვეღარ დაყოფდა ამ ხალხს ეთნიკური ნიშნის მიხედვით.

საქართველოს რუკაზე დღეს ახალციხე გაცოცხლებას იწყებს, რომელიც ბევრი გაგებით, პრაქტიკულად,  გამქრალი იყო საქართველოს განვითარების რუკიდან. შემდგომ სასაზღვრო ზონა იყო და ა.შ.

მახსოვს, ჩემ ბავშობაში ვარძიაში ჩასასვლელად, წინასწარ, რამდენიმე კვირით ადრე უნდა აგეღო საშვები, თანაც ჩაწყობით.

დღეს იქ მოსახლეობის პატარა ნაწილი დარჩა, მაგრამ გზები ყველა მიმართულებით გაკეთდა, ამას გარდა, ახალციხეში წარმოუდგენელი მასშტაბის ტურისტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

ახალციხის განვითარებას, ბუნებრივია, ებმება ბორჯომის განვითარება, აბასთუმნის განვითარება, საიდანაც ახალი გზით გადავდივართ ქუთაისში და, პრაქტიკულად, ხდება ცენტრი. არადა, ერთ დროს, განაპირა, ყველასგან მიტოვებული ადგილი იყო, სადაც ქართველების 90 პროცენტი საერთოდ არ არის ნამყოფი. 

ახლა კი, იმდენად საინტერესო ადგილი ხდება, რომ მთელი მსოფლიო ჩამოვა მის სანახავად. 

როდესაც თქვენ, მასწავლებლებს პირველად შეგხვდით, გაოგნებული ვიყავი, რადგან ერთ ოთახში შეკრებილი საუკეთესო ქართველები, ამ ქვეყნის ჭშმარიტი პატრიოტები აღმოვაჩინე.

ეს იყო ერთი წლის წინათ.

დღეს უკვე აქ თქვენი შრომის ნაყოფთან ერთად მოხვედით - იმ ბავშვებთან ერთად, რომლებსაც თქვენ ასწავლით.

თქვენ ამ ბავშვებს ასწავლით არამარტო ქართულ ენას, არამედ სიკეთესაც.

მთავარია, ბოლომდე გჯეროდეთ იმის, რომ მართალ და კარგ საქმეს ემსახურებით და როდესაც ამას უანგაროდ აკეთებ, ყველაფერს მიაღწევ.

გავიხსენოთ 1978 წელი, როდესაც თბილისში სახელმწიფო ენის გადასარჩენად ქუჩაში გამოვიდნენ. საქართველოში მაშინ ისეთი ვითარება სუფევდა, როგორც ილია ჭავჭავაძის დროს - ქართული მენტალიტეტი, ქართველი ერის იდეა გაბნეული იყო და ნაწილ-ნაწილ ხდებოდა მისი შეგროვება.

ასე იყო 1921 წელს - უცხო ჯარს საქართველოში შემოუძღვნენ პირადი მოტივაციით შეპყრობილი ქართველები - ორჯონიკიძე და სტალინი.

ხალხი, რომელიც 1978 წელს ქართული ენის გაქრობას საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მეშვეობით ცდილობდა (ის არ იყო საქართველოს კონსტიტუცია, ძლით გვახვევდნენ თავს), სწორედ ორჯონიკიძის საქმის გამზიარებელი იყო და მაღალი იდეებისთვის ბრძოლას, საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას არჩევდა.  

დღესაც არის ხალხი, ვისაც ჯერა, რომ „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო“, მაგრამ მათ წინააღმდეგ მუშაობს დრო, მათ წინააღმდეგ მუშაობს სახელმწიფოს მიერ მიღწეული კონკრეტული წარმატებები და შედეგები.

ქართული ენა დღეს უკვე არის ქართული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, იმის დამკვიდრების, რომ ყველანი თანასწორი ვართ და ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს.

ამას გარდა, შევქმენით კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, როგორც თავის დროს, ილია ჭავჭავაძემ შექმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; ინგლისური ენა უნდა ვისწავლოთ ყველამ.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღიოთ, მაგრამ ყველა წარმომავლობის ქართველისთვის უმთავრესი ქართულის ენის ცოდნაა.

უდავოა, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი განსაკუთრებული კულტურა და ტრადიციები - საქართველოს ყველა მხარეს აქვს კულტურული თავისებურება.

საქართველოში არა მხოლოდ ეთნიკური ჯგუფები განსხვავდებიან კულტურული ნიშნებით, არამედ საქართველოს მხარეებსაც აქვთ განსხვავებული კულტურული თავისებურება.

საქართველოში არის ადგილები, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

სწორედ ეს მრავალფეროვნებაა საქართველოს სიმდიდრე.

დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს ყოფილა.

კიდევ ერთხელ მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ.

თქვენ ასე გააგრძელეთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მასწავლებლებს უფრო  უკეთესი პირობები შევუქმნათ.

დაწყებულ საქმეს კი, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)