Google+

სიახლეები

06.03.2012
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ბატონო პრეზიდენტო,

ჩვენ ყოველთვის ვიმუხტებით იმ პოზიტიური ენერგიით, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მაგალითი.  

აზერბაიჯანი, რომლის მართვაც თქვენ დაიწყეთ, იყო ძალიან პერსპექტიული ქვეყანა, იყო ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახელმწიფო. ის აზერბაიჯანი კი, რომელსაც დღეს ვხედავთ, არის არა მხოლოდ ძალიან სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, არამედ რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერი, გლობალური მასშტაბით ანგარიშგასაწევი მოთამაშე, მსოფლიო პოლიტიკის ფაქტორი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, რომელიც 155 ხმით გავიდა და არავისთვის არ არის ადვილად ხელწამოსაკრავი, ან თუნდაც არასწორად მოსახსენიებელი ქვეყანა.

ესაა ქვეყანა, რომლის სიძლიერეს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სტაბილურობისა და განვითარების მთელი ჩვენი რეგიონისა და, მათ შორის, საქართველოსთვის.  

ეს თქვენი და აზერბაიჯანელი ხალხის დამსახურებაა და ურყევი ნება აშენოთ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფო, ასევე დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკით.

ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს შორის ყალიბდება, არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ურთიერთობა. ამას აღვიქვამთ ისე, თითქოს, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ ბევრ სხვა ქვეყანას რეგიონში, დავინახავთ, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის.

ჩვენი ურთიერთობა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი და იმედია, ისეთი გამონაკლისი, რომელიც სამაგალითო და მისაბაძი იქნება სხვებისთვის.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრების შედეგები სახეზეა. ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც ყოველთვის მიხარია ჩვენ ძმასთან ილხამთან შეხვედრა არის ის, რომ საკითხები წყდება სწრაფად, ოპერატიულად, ეფექტურად და შინაარსობრივად და  მუდმივად ვნახულობთ გამოსავალს.

ჩვენ გვაქვს რკინიგზის დიდი პროექტი. ამ პროექტის განხორციელებისთვის  მარტო წელს აზერბაიჯანის მხრიდან 320 მილიონი დოლარი იდება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ რკინიგზაზე ივლის როგოც სამგზავრო, ისე სატვირთო შემადგენლობები და წელს უკვე საცდელი მატარებლებიც გავა.

ეს არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში, ჩვენი რეგიონის ფანჯარა ევროპაში.

ყარსი–თბილისი–ახალქალაქის რკინიგზით, თანამედროვე ვაგონებით, უახლოეს წლებში 2 მილიონი ადამიანის გადაადგილება იგეგმება ევროპის მიმართულებით - ე.ი. აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ევროპის მიმართულების დამაკავშირებელი რკინიგზით.

ეს ჩვენ გვაძლევს იმას, რომ, პრაქტიკულად, საქართველო ჩიხიდან გამოდის და ხდება ძალიან დიდი ნაწილი ევროპის რკინგზის სისტემისა, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთად უერთდებიან.

ჩვენი სამომავლო განვითარებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი.

თანამშრომლობა ფართოვდება ენერგეტიკის სფეროში. არსებული გაზსადენი მთლიანად დაიტვირთება.

ასევე, შევთანხმდით, რომ შევქმნით ელექტროენერგიის ერთობლივ კომპანიას, რომელიც ერთობლივად აწარმოებს ელექტროენერგიის ექსპორტს მესამე ქვეყნების მიმართულებით, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებაში. ე.ი. ახალი ჰესების მშენებლობაში საქართველოში დამატებით ჩაიდება აზერბაიჯანული ფული. ამით აზერბაიჯანი დაგვეხმარება, რომ საქართველოს ათასობით  მოქალაქე დასაქმდეს და ახლი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ის სიმძლავრეები განვითარდეს და პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში აქვს.

ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიღწეულია შეთანხმება ფოთსა და ყულევს შორის კარბამიდის ძალიან მძლავრი ქარხანა აშენდეს. ეს პროექტიც ქალაქ ფოთისა და მიმდებარე დასახლებების ათასობით მცხოვრებს დაასაქმებს. ამ ქარხნის მშენებლობა წელსვე დაიწყება.

ესეც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ძალზე კონკრეტული პროექტია.  

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე სხვებთან ერთად მუშაობს აზერბაიჯანული კომპანიები და ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია, სწორედ, აზერბაიჯანიდან არის.

ასევე საუკეთესო კომპანიაა „სოკარი“, რომელიც ენერგეტიკის სფეროში მუშაობს და უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში გაზიფიკაცია წელს „სოკარის" მიერ დაჩქარდება. ასევე „სოკარის“ მიერ გახსნილი ახალი ცენტრები ხელს უწყობს იმ ადგილების განვითარებას, სადაც ეს ცენტრები იხსნება.

ამას გარდა, ბაქოდან ჩვენს საზღვრამდე უკვე მოდის ახალი თანამედროვე გზა. ჩვენი მხრივ, ვიწყებთ თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობას და ამ გზას აზერბაიჯანის საზღვრამდე გავაგრძელებთ. პრაქტიკულად, საქართველოს დედაქალაქი აზერბაიჯანის საზღვარს დაუკავშირდება ახალი ავტობანით. ასე რომ, ბაქო-თბილისის გზა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობის ძალიან კარგი ახალი დამაკავშირებელი მაგისტრალი იქნება.

ჩვენ არა მხოლოდ ვლაპარაკობთ მეგობრობაზე, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც ვდგამთ. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც დღევანდელი შეხვედრა, რომლის შედეგიც კონკრეტულ ციფრებში აისახება.  

ჩვენ შევქმენით ალტერნატიული მოდელი იმისა, რაც ხდებოდა. რეგიონების ქვეყნები არათუ არ ეხმარებოდნენ ერთმანეთს პრობლემების გადაჭრაში, არამედ პირიქით, პრობლემებს უქმნიდნენ კიდეც მათ. ილჰამ ალიევის წყალობით, ჩვენი ქვეყნები აგვარებენ პრობლემებს და მაგალითს აძლევენ სხვა ქვეყნებს, როგორი უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობა.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თბილი მიღებისთვის და გამოვთქვამ კმაყოფილებას ძალიან კონკრეტული და სასარგებლო შედეგებისთვის, რომელიც უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში ჰპოვებს ასახვას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში.  

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

ეს ვიზიტი ძალიან წარმატებულია, მოლაპარაკება, რომელიც ჩვენს შორის გაიმართა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი.

უკვე საუკუნეებია, რაც ერთმანეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნები ასე წარმატებულად თანამშრომლობს.

ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი პატრონაჟით საქართველო ასე წარმატებით ვითარდება და ამდენი რეფორმა ხორციელდება.

თქვენი ლიდერობის წყალობით, საქრთველოს წარმატებული მომავალი დღეს რეალობად იქცა.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს განვითარება წარმატებით გაგრძელდება და ყველა დაწყებული პროექტი თქვენივე ლიდერობის პირობებში დასრულდება.

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს შორის არავითარი პრობლემა არ არსებობს და ჩვენს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვისაც. 

მოხარული ვარ, რომ  აზერბაიჯანული კომპანიები დიდ  ინვესტიციებს დებს საქართველოში.

ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული პროექტები - ბაქო-თბილისი-ერზერუმი და ბაქო-თბილისი-ყარსი.

ამ პროექტების წყალობით, რეგიონში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. 

ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთობლივი  ენერგო და ეკონომიკური პროექტები განხორციელდეს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)