საქართველოს პრეზიდენტმა დმანისში დღეს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენებული მრავალპროფილური საავადმყოფო დაათვალიერა და კლინიკის ერთ-ერთ პაციენტს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ახალშობილებიც მოინახულა და მათ საჩუქრები გადასცა. ქვეყნის პირველი პირი სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გაყინულ საავადმყოფოში მყოფი ექიმები ყოველგვარი საქმის გარეშე იყვნენ დარჩენილი.
„დმანისში აქამდე არაფერი არ იყო. ხალხი აქ უგზოობაში, ნგრევასა და უშუქობაში ცხოვრობდა. დმანისში არ იყო წყალი, ახლა კი 24-საათიანი წყალმომარაგებაა. ამას გარდა არ იყო ბუნებრივი გაზი. ახლა კი, მხოლოდ 2-3 სოფელიღა დაგვრჩა, რომელიც გაზიფიცირებული არ არის. უგზოობის გამო, თბილისიდან აქ ჩამოსვლა ყოველთვის იყო პრობლემა, ამიტომაც არ იცოდნენ თბილისელებმა, სად იყო დმანისი... სულ ვფიქრობდი იმაზე, რომ პატარა რაიონებში გაგვეკეთებინა საავადმყოფოები. ადრე მსგავს ადგილებში ერთი პაციენტიც არ ჰყავდათ-ხოლმე და ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, რომ ხალხი ავად არ ხდებოდა, მაგრამ, რეალურად, პაციენტებისთვის მკურნალობა არ იყო ხელმისაწვდომი. ახლა დაზღვევა უზრუნველყოფს იმას, რომ ავადმყოფმა ადამიანმა საავადმყოფოს მიაკითხოს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ახალი საავადმყოფო დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკამ 975 პაციენტი მიიღო და აქ 29 ბავშვი დაიბადა. ადგილობრივ მცხოვრებლებს 80 კვალიფიციური სპეციალისტი ემსახურება.
კლინიკა სადაზღვევო კომპანია IC Group-მა ააშენა, რისთვისაც 2 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საავადმყოფო წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და კარდიოლოგიის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გულნარა ჩაფიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
„გულიკო ჩაფიძის სახელი უპირველეს ყოვლისა იმედთან ასოცირდება, რადგან ის სიკეთესთან არის დაკავშირებული. მან უამრავ ადამიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე და დააყენა ფეხზე, მისი წყალობით უამრავ ადამიანმა შეძლო სრულფასოვნად ეცხოვრა. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ პროფესორი ჩაფიძე იყო მათი მკურნალი და სწორედ მასთან მიიყვანეს თავის დროს. პროფესორმა ჩაფიძემ საქართველოში უდიდესი სკოლის, კარდიოლოგიის ცენტრის შექმნა ნულიდან, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრეოდა. 90-იან წლებში მსოფლიოში ყველაფერი წინ მიდიოდა და ჩვენ კი გვქონდა საფრთხე, რომ ჩამოვრჩენილიყავით. მან სწორედ ამ დროს დანერგა მკურნალობის ძალიან თანამედროვე მეთოდები. წარჩინებული ადამიანების დაჯილდოებას სწორედ ამიტომ ვუკავშირებთ საავადმყოფოების გახსნას - ეს ყველაფერი არის არა ცარიელ ადგილზე, უდაბნოში აღმოცენებული ოაზისი, არამედ დიდ ქართულ სამედიცინო ტრადიციაზე დაფუძნებული ახალი განვითარება და ჩვენი მედიცინის შემდგომი ეტაპი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კიდეც წარსულის შედეგებსა და გამოცდილებას. ქალბატონი გულიკო არის არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დამსახურებულმა კარდიოლოგმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა არა მარტო ჯილდოსთვის, არამედ იმისთვის, რომ მსგავსი თანამედროვე კლინიკები მთელი საქართველოს მასშტაბით შენდება.
„დღეს ცოტა ადრე მომიწია ჩამოსვლა და ხალხში გავიარე. უამრავი სხვადასხვა ასაკის ადამიანი შეიკრიბა და ვიკითხე, რა ხდებოდა. გაკვირვებულებმა შემომხედეს და მითხრეს: ჩვენთან ზეიმია, შეხედეთ, რა საავადმყოფო აშენდაო. ეს სიტყვა "ზეიმი" მათ თქვეს და ეს, მართლაც, ზეიმია. დიდი ხნის განმავლობაში გვესმის, რომ ბევრი საავადმყოფო იხსნება. ეს ერთია, მაგრამ მეორეა, როდესაც შენი თვალით ხედავ. ამ საავადმყოფოების გახსნის თაობაზე ზოგი კარგს ამბობდა და ზოგი - ცუდს; იმასაც ლაპარაკობდნენ 15-20-25 საწოლიანი კლინიკა რა უნდა იყოსო; საჭიროა, თუ არა და ა.შ. დღეს აქ ბევრი რამ სხვაგვარად დავინახე - რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი წარმატებაა, უდიდესი წარმატებაა რაიონში ასეთი საავადმყოფო გქონდეს. პირადად მე, ახლაც სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ საავადმყოფოში“, - აღნიშნა გულიკო ჩაფიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა საავადმყოფოსთან შეკრებილ მოსახლეობასაც მიმართა და მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. როგორც მან გამოსვლისას აღნიშნა, საავადმყოფოების, სკოლებისა და სხვა სტრუქტურების რეგიონებში გახსნა ძალზე მნიშვნელოვანია თანასწორობის იდეის ხორცშესასხმელად, რადგან ქვეყანაში ყველა რაიონი და ყველა ადამიანი ერთნაირად პრივილეგირებული უნდა იყოს. მისი თქმით, მთავარი, რაც მოსახლეობას გაუჩნდა, მომავლის რწმენა და იმედის განცდაა და ეს იმედები ხალხს უნდა გაუმართლდეს.
დასასრულ, საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივებთან ერთად ქალაქის ცენტრში გაისეირნა და მათთან ერთად, განახლებული და კეთილმოწყობილი მშვიდობის ხეივანი დაათვალიერა.