Google+

სიახლეები

05.02.2012
მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ქალბატონებო და ბატონებო,

მადლობას მოგახსენებთ ამ შესაძლებლობისთვის.

ყველაფერი, რაც აქ ითქვა, შეესაბამება იმას, რაც მოხდა და კვლავ ხდება ჩემს რეგიონში. ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული.

2011 წლის რევოლუციები და მიმდინარე საპროტესტო აქციები რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევადაროთ ეკონომისტ ნასიმი ნიკოლას ტალების ”შავ გედებს” - როდესაც თავს იჩენს ეს წარმოუდგენელი, არაპროგნოზირებადი მოვლენები, ანალიტიკოსების გაოცებას იწვევს. რეტროსპექტულ ჭრილში ეს მკაფიოდ იკვეთება და ყველასთვის გარდაუვალია.  

მას შემდეგ, რაც მუჰამედ ბუაზიმ თავი დაიწვა, რეგიონში მთლიანად შეიცვალა გეოპოლიტიკა და წყობა.

ჩვენ საკმარისად ვერ ვწვდებით მომხდარის მნიშვნელობას და არც შეიძლება ვიცოდეთ საით წაგვიყვანს ეს მოვლენები - ჩვენთვის არ არსებობდა თავისუფლების სახელმძღვანელო ისევე, როგორც არ არსებობს მსგავსი რამ ჩვენი მეგობარი ტუნისელი და ლიბიელი ხალხისთვის.

საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური, მენტალური და რადიკალური პოსტრევოლუციური გამოცდილება, შესაძლოა, არ გვთავაზობს მოდელს, რომელიც ყველას მოერგება, მაგრამ შესაძლოა უკეთ გავიგოთ ის მრავალფეროვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ტრანსფორმირებადი საზოგადოებები დგას.

ბარაკ ობამამ რამდენიმე დღის წინათ თეთრ სახლში განაცხადა, რომ საქართველო რეგიონისთვის არის მოდელი დემოკრატიის, გამჭვირვალობის, ტრანსფორმაციისა და რეფორმების თვალსაზრისით. 

არის რამდენიმე რამ, რაც ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან ვისწავლეთ და თქვენც იგივეს წინაშე ხართ. უპირველესად, ნამდვილი რევოლუცია მაშინ კი არ ხდება, როდესაც CNN და Al Jazeera-ს კამერებია ჩართული, ხალხი ქუჩაშია გამოსული, დროშებს აფრიალებს ან განცხადებებს აკეთებს, არამედ ნამდვილი რევოლუცია იწყება მაშინ, როდესაც ეს კამერები ტოვებს ქვეყნას  და ყოველდღიურ მუშაობას იწყებ.

რეფორმების მიმართ მხოლოდ მთავრობისა და საზოგადოების ერთიან მიდგომას შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა.

სასამართლო სისტემის, პოლიციის, საგადასახადო და და საბაჟო სტრუქტურების, პოლიტიკური კლასის, საარჩევნო კოდექსისა და განათლების სისტემის რეფორმები არ უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად, ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი, სოციალური ტრანსფორმაციის ერთიანი პროექტის ნაწილი.

რა თქმა უნდა, დემოკრატია საფრთხეს წარმოადგენს იდენტურობისთვის, რადგან არსებობს იმის თქმის ცდუნება, რომ „ჩვენს იდენტურობას ვერ გადავუხვევთ“. ტრანსფორმაცია ასევე ცვლის იდენტურობის აღქმას და მოაქვს მენტალური რევოლუცია.

შეუძლებელია წინასწარ ვიცოდეთ, როგორი იქნება პროგრესი. როდესაც როდესაც ინტერესთა ჯგუფებს უტევ, რთული და მტკივნეული პერიოდების გამოვლა გიწევს.

ჩვენთანაც იყო დემონსტრაციები - 2007 წელს გადადგომაც კი მომიხდა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეფორმები რეფერენდუმზე დავაყენეთ. არადა შეგვეძლო დაგვესვენა.

საქართველომ დიდ წინსვლას მიაღწია მსოფლიო ბანკის, Transparency International რეიტინგებში, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე მიიღეს. აქედან გამომდინარე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ჩვენი საქმე უკვე გავაკეთეთ, მაგარამ რეფორმირება უსასრულო პროცესია.

ქვეყნის მართვა გამუდმებით სწავლას ნიშნავს, კრიტიკული თვალით შეხედვას, ადაპტაციასა და ცვლილებას, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს არ ესმით.

რევოლუციას ახდენს ხალხი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების პასუხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, აქ მყოფი ახალგაზრდებისთვის. აუცილებელია, დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა და, ამავდროულად, ხელისშეშლა მათთვის, ვინც ამ მოძრაობების შეჩერებას ცდილობს.

ყოველივე ამას ჩვენი პოზიციიდან შეხედეთ. ჩნდება ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულება, რომელიც გამოხატულია რეგიონის ორი ზეძალის მიერ.

ერთი მხრივ, ეს არის რუსეთი, რომელიც ახლოაღმოსავლეთის თავისუფლების მოძრაობებს აღშფოთებით პასუხობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა არ მიიღონ ამბოხებულებმა. სრულიად არ გამკვირვებია, რომ გაეროში ხმა არ მისცეს რეზოლუციას. ძალიან ლოგიკურია ის, რაც მოხდა, რადგან პირადად მაქვს მოსმენილი მათი განცხადებები ლიბიაზე, ტუნისსა და ეგვიპტეზე. 

მეორე მხარეს წარმოადგენს თურქეთი. აქ იმყოფება ჩემი მეგობარი აჰმეთ დავუთოღლუ. თურქეთი არის ჩვენი პოსტრევოლუციური ქვეყნების მოდელი და ცვლილებების აქტიური მხარდამჭერი.  

ერთი მთავრობა ცდილობს შეაჩეროს ისტორიის პროგრესი, მეორემ კი გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციებს.

დაფიქრდით, რა გამოცდილება გვაქვს ჩვენ თურქეთთან. ჩვენ და თურქეთს ცივი ომის დროს რკინის ფარდა გვყოფდა. ჩვენთან მუზეუმში ინახება პროჟექტორი, რომლითაც ყოველ ღამით სანაპიროს ანათებდნენ, რათა მეზობელი არ გადმოსულიყო. საზღვრის ორივე მხარეს ეკლიანი ღობე იყო შემოვლებული...

ახლა ეს უკვე აღარ არსებობს და თურქეთთან საზღვარი არა მარტო გახსნილია, არამედ გვაქვს უვიზო და უპასპორტო მიმოსვლა. ჩვენი მოქალაქეები მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე მოგზაურობენ და თან მათი ჯიბიდან მისი ამოღებაც არ სჭირდებათ, რადგან რეგისტრაცია ელექტრონული სახით - ჩიპებით ხდება.

ამას გარდა, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს. ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს, მათ შორის, ვაშენებთ ჰიდრო-ელექტრო სადგურებს, მაგრამ იმ ადგილიდან 100 კილომეტრის ჩრდილოეთით, ახალი რკინის ფარდა გვაქვს. ამ ადგილებს მავთულ-ხლართების რამდენიმე  ფენა ჰყოფს და საზღვრის გადაკვეთისას, დროდადრო ხალხს კლავენ კიდეც. ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელს უშლიან თავისუფალ გადაადგილებაში. 500 ათასი დევნილი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში...

ამ თვალსაზრისით, ეს არის იმედის გზავნილი - გლობალურ ძალებს არ აქვთ მომავალი თუ ისინი მოქმედებენ საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

შემთხვევითი არ არის ის, რაც ახლა მოსკოვში ხდება. აშკარაა, ვერ შეატყუებ შენს ხალხს იმას, რომ დიდი იდეა შენი ღირსება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვის თავისუფლება და შენი შვილების მომავალი კი არა, ის არის, რისი აღდგენაც შეუძლებელია. ვერც იმას შეაჩეჩებ, რომ ნებისმიერი რეფორმა დასავლეთის ტროას ცხენად მიგაჩნია, რომელმაც საბჭოთა კავშირს ძირი გამოთხარა.

ვფიქრობ, რუსეთის სისტემის რღვევის უმოკლესი გზა რეფორმების უარყოფასა და უგულვებელყოფაზე გადის.

ეს არის გზავნილი, რომელიც ვაშინგტონიდან მომაქვს.

დაბოლოს, დღეს ბევრს პალარაკობენ, რომ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ისტორია დასრულდა.

მოდით, შეცდომას ნუღარ დავუშვებთ. ნუ ავყვებით დიდი დაცემის, ცივილიზაციის შეჯახების, და კულტურული რელატივიზმის წინასწარმეტყველებას.

ფაქტია, რომ ამ ხალხისადმი ჩვენი და თქვენი მხარდაჭერა ძლზე მნიშვნელოვანია. ნებმისმიერი ლაპარაკი ჩვენი ღირებულებების დაქვეითების შესახებ, ყველდღიურად საპირისპიროს ამტკიცებს იმ ქვეყნებში, რომელთა შესახებაც დღეს ვსაუბრობთ.

ეს არ გამართლდა არც ჩემს ქვეყანაში და არ გამართლდება არც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.

მოდით, ნუ დავტოვებთ ყურადღების მიღმა თავისუფლების საყოველთაო მოწოდებას, რომლის მომსწრენი ვართ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რადგან ამ მოწდებაშია ისტორიის ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალაც და მნიშვნელობაც. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)