საქართველოს პრეზიდენტმა კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს პირველმა პირმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ზაფხულში ქუთაისს არა რეგიონული მნიშვნელობის, არამედ საერთაშორისო აეროპორტი ექნება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი ის არის, რომ საქართველოში დაბალბიუჯეტიანი კომპანიები შემოვიდეს და ხალხმა სხვა ქვეყნებში ფრენა ბევრად უფრო იაფად შეძლოს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სიმბოლურად, აეროპორტის ძველი შენობის დემონტაჟში მიიღო მონაწილეობა და მძიმე ტექნიკის დახმარებით შენობის კედელი დაანგრია.
„დღეს ვიწყებთ ქუთაისის აეროპორტის მშენებლობას, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. საერთაშორისო აეროპორტი ამ ქალაქსაც უნდა ჰქონდეს, საიდანაც უახლოეს წლებში რეისები ყველა მიმართულებით შესრულდება. აქდან თვითმფრინავები უნდა დაფრინავდეს მიუნხენში, ლონდონში, ნიუ-იორკში, შანხაიში, სტამბულში და ა.შ. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ აქ შემოვიდნენ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები, შესაბამისად, დაბალი ტარიფებით. იმ პირობებში, როდესაც თბილისის აეროპორტის ტარიფები ჯერ-ჯერობით არ არის მოქნილი, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს შემოსვლა უჭირს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ აეროპორტზე დავიწყეთ ლაპარაკი, ვითარება იქაც სწორდება. იმის გამო, რომ ავტობანი ქუთაისშიც ჩამოვა, ამ აეროპორტს ძალიან ბევრი მგზავრი ეყოლება არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ მეზობელი რეგიონებიდანაც - თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. ეს, ასევე, გამოიწვევს ტარიფების შემცირებას თბილისის აეროპორტში. ქვეყანაში მაღალი შემოსავალი არ გვაქვს, მაგრამ ხალხმა ბევრი უნდა იმოგზაუროს, ბიზნესი აკეთოს და ისწავლოს, ამიტომ იაფად უნდა შეძლონ ფრენა. ქუთაისი დიდი სტიმული გახდება არა მხოლოდ თავად ამ ქალაქისთვის, არამედ დანარჩენი საქართველოსთვისაც. აქ უნდა შემოვიყვანოთ ძალიან ბევრი დაბალტარიფიანი კომპანია, რომელიც ყველა სხვა აეროპორტს იმ თვალსაზრისითაც გაუწევს კონკურენციას, რომ ვეღარ გაბედონ ბილეთების ხელოვნურად გაძვირება. სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანიამ დააპროექტა, ასაფრენი ბილიკის მშენებლობა უკვე დაიწყო, რომელიც რამდენიმე თვეში იქნება მზად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 კილომეტრი და 600 მეტრი იქნება და ყველა ტიპის საჰაერო ხომალდის მიიღებას შეძლებს. გარემოსა და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აეროპორტი დამატებით დატვირთვას შეიძენს არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად აზია-ევროპის დერეფანში და გამოყენებული იქნება როგორც სარეზერვო აეროპორტი.
ქართულ კომპანიებთან ერთად, პროექტს ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია “UNSTUDIO” ახორციელებს. ახალი აეროპორტისა და ნავიგაციის სამეთვალყრუეო კოშკურის მშენებლობა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებს შორის ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური იქნება.
პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებას შეძლებს როგორც მშენებლობის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ.