სიახლეები
20.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ვიცე-მერთან დავით ნინიძესთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ქუჩის რეაბილიტაციაზე მომუშავე პერსონალს და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა. მან დედაქალაქის განვითარების პირველი ეტაპი გაიხსენა, როდესაც 2004 წელს ბამბის რიგი, შარდენისა და გუდიაშვილის ქუჩები მოეწყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მომდევნო ეტაპი აღმაშენებლის გამზირი უნდა იყოს, სადაც, რეკონსტრუქციის შედეგად, გასართობი, დასასვენებელი, ტურისტული და სავაჭრო ცენტრები განთავსდება. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ აღმაშენებლის გამზირი ზაარბრიუკენის (ყოფილი ვორონცოვის) მოედნის გავლით, რიყეზე გადავა და შარდენის ქუჩას შეუერთდება, რაც უზარმაზარ სივრცეს მოიცავს და განსაკუთარებით საინტერესო იქნება ტურისტებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს და ის გეგმაზომიერად, 23 ნოემბერს დასრულდება. როგორც მან აღნიშნა, ეს ადგილი ასეთი ლამაზი არასდროს არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რეკონსტრუქცია სხვა უბნებშიც გაგრძელდება, რადგან დედაქალაქში არაპრივილეგირებული ადგილები არ უნდა დარჩეს.
„ეს ახლა თბილისის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური უბანი და, ალბათ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გახდა. თბილისში არაპრივილეგირებული უბნები არ უნდა დარჩეს - ეს ჩვენთვის პრინციპული საკითხია. ყველგან, სადაც ადამიანი იცხოვრებს, უნდა იყოს კომფორტული გარემო და ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქი უნდა გახდეს. რომ დავფიქრდეთ, არც ერთ ეპოქაში, არც ერთ დროს, თბილისში არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ბოლო ხუთ წელიწადში აშენდა. შემდეგ ორ წელიწადში კი ამაზე მეტი აშენდება. ჩვენ ძალზე საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.