სიახლეები
16.11.2011
მიხეილ სააკაშვილი ქეთრინ ეშტონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ბარონესა ქეთრინ ეშტონს შეხვდა, რომელიც საქართველოს რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვერდაზე მიხეილ სააკაშვილმა და ქეთრინ ეშტონმა ბოლო პერიოდში ქართული დიპლომატიის მიერ წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებები და მიღწეული წარმატებები განიხილეს. ასევე მათ ევროკავშირის ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკურ და თავისუფალ სავაჭრო თანამშრომლობასა და სამომავლო უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შექმნის საკითხზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა ქეთრინ ეშტონს მადლობა გადაუხადა იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით ატარებს, ასევე იმ მხარდაჭრისათვის, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის მიმართულებით ახორციელებს.
საუბრისას ქეთრინ ეშტონმა განსაკუთრებული ყურადღება მსო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე გაამახვილა და ამას საქართველოს მხრიდან პროგრესული ნაბიჯი უწოდა. ეშტონმა აგრეთვე ისაუბრა საქართველოს თანამშრომლობაზე არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებთან, არამედ მთელ მსოფლიოსთან.
ქეთრინ ეშტონისთვის ეს მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 2010 წლის ივლისში შედგა, საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ოფიციალურად გახსნეს საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე.