Google+

სიახლეები

15.09.2011
მიხეილ სააკაშვილი დარიალის ხეობაში ახლადაშენებულ მონასტერში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს დარიალის ხეობაში ახლადაშენებულ წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მონასტერში საზეიმო ლიტუგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა პრეზიდენტს დღევანდელი დღე მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა.

ქადაგებისას, სრულიად საქართველოს პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ამ მონასტრის მნიშვნელობაზე, რადგან მონასტერი დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს. უწმინდესმა და უნეტარესმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ტაძრის მადლით, ორი ქვეყანა ურთიერთობას აღადგენს და ისევ მშვიდობა დამკვიდრდება.

წირვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მრევლს გაესაუბრა და ის დანაპირები გაიხსენა, რომელიც მან ერთი წლის წინათ, სოფელ სნოში სტუმრობისას, მოსახლეობის თხოვნით შეასრულა. ამჟამად, ხეობაში მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა ისტორიული სამხედრო გზის (მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი) 9-კილომეტრიანი მონაკვეთისა და სნო-ახალციხე-ჯუთას 4-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„გვირაბის მშენებლობას მომავალ წელს ვიწყებთ და მის დასრულებას, დაახლოებით, ორი წელიწადი დასჭირდება. ამით, გზის პრობლემა მთლიანად მოგეხსნებათ. რა თქმა უნდა, ამ გზასაც გავარემონტებთ, მაგრამ გვირაბი აუცილებლად აშენდება. 70-იან წლებში ორი არჩევანი იყო. მაშინდელმა „ცკ"-მა რატომღაც როკის გვირაბის გაკეთება არჩია ამ გვირაბის აშენებას. თუ რატომ, ეს ყველასთვის ნათელია. ეს გვირაბი, რომელიც დაიწყება გუდაურის ყველაზე რთულ ამოსახვევამდე და კობში დასრულდება (დაახლოებით, 9,5 კილომეტრი), წლის ნებისმიერ დროს გაამარტივებს მიმოსვლას და ყაზბეგი, რეალურად, თბილისთან ძალიან ახლოს იქნება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჩვენი ტაძრები ქვეყნის უმთავრესი მემკვიდრეობა და საქართველოს იდენტურობის, ევროპულობის დამადასტურებელი საბუთია. ამ მემკვიდრეობის გაფრთხილებას, მოვლასა და განვითარებას კი, ქვეყნის პირველი პირი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობად მიიჩნევს.

„შარშან პატრიარქის მშობლიურ, ულამაზეს სოფელში, სნოში, მის სახლში ვიყავით და მაშინ შევთანხმდით, რომ, უწინარესად, უნდა გაგვეკეთებინა გზა სნოში, დარიალის ხეობაში - საზღვრამდე, ხოლო შემდეგ დაგვესრულებინა ეს ეკლესია. იმ პერიოდში ტაძრის კედლების ამოყვანა იყო დაწყებული. მართალია, ეს ეკლესია, ძირითადად, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა, მაგრამ მსურს მადლობა მოვახსენო მათ, ვინც კერძო შემოწირულობის სახით დაეხმარა მშენელობის პროცესს. ასევე, მადლობას ვუხდი რამაზ ნიკოლაიშვილს, როგორც მის ძირითად მშენებელს - რამაზი არა მარტო გზებს აშენებს, არამედ ძალიან კარგად ისწავლა ეკლესიების მშენებლობაც. განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსი აქტიურად ეწეოდა დემაგოგიას და პროპაგანდას იმის თაობაზე, თუ როგორ ვებრძვით ეკლესიებს, ჩვენ ამ ეკლესიას ვაშენებდით და ასობით სხვა ეკლესიის რესტავრაციასა და მშენებლობაზე ვზრუნავდით. ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, რადგან რაც უნდა ილაპარაკონ, ეს არის საქართველოს უმთავრესი მემკვიდრეობა და საქართველოს იდენტურობის, ევროპულობის დამადასტურებელი საბუთი. უდავოა, რომ ამ მემკვიდრეობის გაფრთხილება, მოვლა და განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. ეს ეკლესია კი, ამის ბრწყინვალე მაგალითია. პირადად მე, ვამაყობ, რომ ულამაზეს ადგილზე ულამაზესი ეკლესია ავაშენეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)