Google+

სიახლეები

15.09.2011
მიხეილ სააკაშვილმა სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პირველ ექსპერიმენტულ სკოლას ესტუმრა და სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად სასწავლებლის განახლებული შენობა და საკლასო ოთახები დაათვალიერა.

მან უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახიც მოინახულა, რომელიც კომპანია „ჯეოსელმა" პროექტ „წარმატებული მომავლისთვის"ფარგლებში განახორციელა და მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა. ოთახში კომპიუტერები და ვირტუალური ლაბორატორიაა დამონტაჟებული, რომელიც მოსწავლეებს საგნების ვირტუალურად დაკვირვების საშუალებას აძლევს. ეს ოთახი აუდიო სისტემითაც არის უზრუნველყოფილი, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა საინტერესო პრეზენტაციების მოწყობაა შესაძლებელი.

მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებსა და მასწავლებელს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი აპარატურით ყველა სკოლა უნდა აღიჭურვოს, რათა გაკვეთილების პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს.

„ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. როდესაც ტელევიზიით ჯეოსელის რეკლამა ვნახეთ, დაგვებადა იდეა, რომ ეს მხოლოდ რეკლამასა და 22-ე საუკუნეში კი არ ყოფილიყო შესაძლებელი, 21-ე საუკუნეშიც განგვეხორციელებინა რეალურად. მიხარია, რომ თქვენ ეს შეძელით. დიმიტრი შაშკინთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ წელს 50-100 სკოლაში ვცადოთ მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვა, ხოლო 2015 წლის მოდერნიზაციის პროგრამის მიხედვით, საქართველოში ყველა საკლასო ოთახი მსგავი ტექნიკით უნდა აღიჭურვოს. მართალია, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ საუკეთესო სკოლები გვექნება. შესაძლოა, სახლში ბავშვები ყველაფრით უზრუნველყოფილი არ იყვნენ, მაგრამ ამ კლასში შემოსვლისას, ყველა პრობლემა უნდა დაავიწყდეთ და ეს განწყობა სახლშიც გაჰყვეთ. აწი, ამ ბავშვებს ვეღარავინ დაჩაგრავს. მათ, ვინც განათლებას მსგავსი მეთოდით მიიღებს, ვერავინ ვეღარ დააბრუნებს სიღარიბესა და გაჭრვებაში. დღეს ეს ყველაზე მაღალი სტანდარტია. პირველი ექსპერიმენტული სკოლა 30 წლის წინათაც, იმ პერიოდისთვის ყველაზე მაღალ სტანდარტებს ქმნიდა. ამიტომაც და იმის გამოც, რომ ამ სკოლას ექსპერიმენტული ჰქვია, გადავწყვიტეთ, სწორედ აქ შეგვექმნა მსგავსი პრეცედენტი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებსაც მიულოცა, რომლებსაც საჩუქრად ნეთბუქები გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ინგლისური ენის კაბინეტიც დაათვალიერა და უცხოელ პედაგოგსაც გაესაუბრა, რომელიც პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში მოზარდებს ინგლისურ ენას შეასწავლის. პრეზიდენტი მოსწავლეთა კომპიუტერული უნარებითაც დაინტერესდა.

„ჯეოსელის ოთახი" არის სიახლე, ნეთბუქებით კი უკვე ყველგან ასწავლიან, თუმცა ორი წლის წინათ ესეც სასწაულად გვეჩვენებოდა. მაშინ, როდესაც ვამბობდით, რომ თითოეულ პირველკლასელს უნდა ჰქონოდა კომპიუტერი, ხოლო ინგლისური ენა უცხოელს ესწავლებინა, ალბათ, ყველა დაგვცინოდა, მათ შორის, ის უცხოელი ექსპერტები, რომლებიც ხშირად გვარიგებენ ჭკუას. ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის შეუძლებელი არაფერი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სკოლას ეხება. მათ არამარტო ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში, არამედ ისიც, რაც ჯერ არავის მოუგონია მსოფლიო მასშტაბით. „ჯეოსელის ოთახის" მსგავსი აუდიტორიები მხოლოდ ემირატებში, აბუდაბის უნივერსიტეტებში ვნახე, რომელიც ჩვენზე 50-ჯერ მდიდარი ქვეყანაა და იქაც მხოლოდ შარშან დაინერგა. სკოლებში ასეთი ოთახები ბევრისთვის, მათ შორის, ამერიკისა და იაპონიისთვისაც ჯერ კიდევ ფუფუნებაა, ჩვენთვის კი უკვე - ყოველდღიური აუცილებლობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)