სიახლეები
16.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა გორში ეროვნული თავდაცვის აკადემია გახსნა
მიხეილ სააკაშვილმა გორში დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია საზეიმო ვითარებაში გახსნა და სასწავლებლის მესვეურებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა.
განახლებული სასწავლებელი, რომლის მსგავსი მთელი რეგიონის მასშტაბით არ არსებობს, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი. კომპლექსში გაერთიანებულია ბიბლიოთეკა საკონფერენციო და სასპორტო დარბაზები, საცხოვრებელი კორპუსები, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ლაზარეთი და აუზი. აკადემიის სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები. აკადემიის კურსანტები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან ბინებით, სამედიცინო მომსახურებით, კვებითა და შესამაბისი უნიფორმით, ხოლო მათ სწავლას სრულად დააფინანსებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ასევე, დაგეგმილია გაცვლითი პროგრამები პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უმაღლეს სასწავლებლებთან.
აკადემიის კურსდამთავრებულები ბაკალავრის ხარისხსთან ერთად, ლეიტენანტის სამხედრო წოდებასაც მიიღებენ. მსურველებს სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაშიც შეეძლებათ, რომელშიც, სხვა უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, სწავლა 2-წლიანი იქნება.