მიხეილ სააკაშვილი: კიდევ რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი ერთ დღეში თხილამურებითაც ისრიალო და ზღვაშიც ჩაყვინთო?
საქართველოს პრეზიდენტი ლეგენდარულ მოთხილამურესთან ერთად სვანეთს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა და ალბერტო ტომბამ უშბის პლატოზე, ზღვის დონიდან 3 ათას 700 მეტრის სიმაღლეზე ისრიალეს.
ალბერტო ტომბა საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. ამჯერად, მან სვანეთი მოინახულა და აღნიშნა, რომ ამ კურორტს სათხილამურო სპორტის განვითარების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს. მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, სვანეთის მთები მან მონბლანს შეადარა და აღნიშნა, რომ მსგავსი სილამაზის მწვერვალები ევროპაში არ უნახავს.
საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული მესტია დაათვალიერა და მიმდინარე სარეაბლიტიაციო სამუშოები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო „ჰოსტელსაც" ესტუმრა, რომლის მშენებლობაც მაისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ინიციატივით დაიწყო. პირველ დამსვენებელს სასტუმრო 1 აგვისტოს მიიღებს.
მიხეილ სააკაშვილმა მესტიის ცენტრში მშენებარე პიაცა დაათვალიერა, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ჩაეყარა საფუძველი. ამ ტერიტორიაზე სამი ახალი სასტუმრო-კომპლექსი აშენდება, რომელიც მთლიანად შეკრავს ცნობილი იტალიელი არქიტექტორის პიერ დიენეს მიერ დაპროექტებულ მოედანს.
„მესტია ბევრი ტურისტისთვის საყვარელი ადგილი გახდება. მთავარია, რომ აქ დასვენების შესაძლებლობა ყველას ჰქონდეს და სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართველი სპორტსმენებისთვის ხელმისაწვდომი იყოს", - აღნიშნა მან.
მესტიიდან პრეზიდენტი სარფში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილმა მყვინთავებთან ერთად 12 მეტრის სიღმეზე ჩაყვინთა და ის გემი დაათვალიერა, რომელიც ხელოვნური რიფის შექმნისა და დაივინგის განვითარების მიზნით ჩაძირეს.
„დღეს ზღვის დონიდან, დაახლოებით, 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე თხილამურებით ვისრიალეთ, შემდეგ კი, ზღვის ფსკერზე თორმეტი მეტრის სიღმეზე ჩავყვინთეთ. კიდევ რომელ ქვეყანაშია შესაძლებელი ამის ერთ დღეში მოხერხება? ასეთი სუფთა და თბილი, თან ერთდროულად უმარილო და მსუბუქი წყალი არსად არ არის. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია კვარიათი და გონიო, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს. მართალია, დაივინგის სკოლა საქართველოში ახალი შექმნილია, მაგრამ, ამ მხრივ, უკვე საკმაოდ მაღალი დონე გვაქვს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
წყალქვეშა ტურიზმის განვითარების მიზნით, შავი ზღვის სანაპიროზე კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება: ზღვის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის წყალმცენარეები და ხელოვნური რიფები შეიქმნება. მომავალი სეზონიდან კი, ყვინთვის მოყვარულებს ახალ ტურებსაც შეთავაზებენ.