Google+

სიახლეები

06.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლომაია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი დიპლომატიური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ არა მხოლოდ ძალზე მნიშვნელოვან ქართველ მოღვაწეს,  არამედ ყველაზე ძველ ქართველ დიპლომატს აქ წარმოდგენილთა შორის.

ალექსანდრე ლომაია იყო საქართველოს პირველი ელჩი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. იგი მართლაც ძალზე დიდი სტაჟისა და დამსახურების მქონე მოღვაწეა.

ამას გარდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ლომაია თანამედროვე ქართული რეფორმატორული სივრცის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელსაც უკვე მთელ მსოფლიოში აქვს განთქმული სახელი და რომელმაც შეუქცევადად შეცვალა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

მისი გამოცდილებიდან გამოვყოფდი განათლების მინისტრობის პერიოდს - იგი იყო ბრწყინვალე მინისტრი, რადგან განათლების სისტემაში სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ბევრი რეფორმა. მათ შორის, უპირველესია ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც საქართველოში ამ დღეებშიც მიმდინარეობს. ამ ცვლილების წყალობით, მთლიანად ამოტრიალდა და დასამარდა კორუმპირებული სისტემა, რომლითაც საზრდოობდა რამდენიმე ასეული ან ათასი ადამიანი და რომელიც სამუდამოდ უკარგავდა ქართველ ახალგაზრდებს შრომითა და სწავლით სამართლიანობისა და წარმატების მიღწევის იმედს.

ჩვენთან მთავარი კორუფცია იყო არა პოლიციაში, რომელიც, თავის მხრივ, ძალზე კორუმპირებული იყო, არა ზოგადად სახელმწიფო აპარატში, არამედ სწორედ განათლების სისტემაში. ამის გამო ბევრ ჩვენს თანამემამულეს, ბევრ ქართველს მოუხდა საქართველოს დატოვება.

ალექსანდრე ლომაიამ შეუქცევადად შეცვალა ამ სისტემაში არსებული ვითარება.

ეს მართლაც კეთილშობილური ქმედებაა და ჩემთვის დიდი პატივია, განსაკუთრებული დამსახურებითვის საქართველოს დღევანდელობისა და მომავლის წინაშე, მას  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადავცე.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია

ძნელია იმაზე დიდი პატივის წარმოდგენა, ვიდრე ემსახურებოდე საქართველოს, დამოუკიდებელ სამშობლოს და ამ უდიდესი პატივისთვის მიიღო მაღალი სახელმწიფო ჯილდო. ამაზე არც კი მიოცნებია.

ადამიანები თავიანთ ცხოვრებას პერიოდებად ყოფენ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასეთი პერიოდი, ჩემთვის, სიმბოლურად, აჭარის ერთი პატარა სოფლის პატარა სკოლის ეზოში დაიწყო, სადაც 2005 წლის სექტემბერში 11 ნერგი დარგეს. სწორედ იმდენი, რამდენი სტუდენტიც ჩაირიცხა ამ პატარა სოფლიდან ჩვენს ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო უმაღლეს  დაწესებულებებში.

დღეს ეს პერიოდი გრძელდება გაერთიანებული ერების  ორგანიზაციაში, სადაც საქართველოს მისია ცდილობს და ჯერჯერობით ახერხებს იმას, რომ არც ერთი დიპლომატიური ორთაბრძოლა არ დათმოს ჩვენს არაკეთილმომსურნესთან.

მანამდე კი, იყო 2008 წლის აგვისტო, გორი და საკუთარი თვალით დანახული ჩვენი ასობით მედიკოსის, ექიმის, სანიტრის, მძღოლის, მეხანძრის, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლების, სასულიერო პირებისა და უბრალო ადამიანების სამოქალაქო თავდადება.

ბატონო პრეზიდენტო, თუკი ამ წლების განმავლობაში რამის გაკეთება მოხერხდა, ეს სწორედ იმ ასობით პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანის წყალობით მოხდა, ვისთან ერთადაც  მუშაობის პატივი მხვდა წილად.

ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, უწყვეტი მხარდაჭერისა და იმისთვის, რომ საშუალება მომეცით მეკეთებინა ის, რაც ყველაზე დიდ პატივად მიმაჩნდა და მიმაჩნია - ვემსახურო საქართველოს.

დაბოლოს, დიდ მადლობას მოვახსენებ საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ გია ვაშაძეს და ყველა ჩემს კოლეგას საქართველოს საგარეო სამინისტროში, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით, მოქალაქეობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებენ.

დიდი მადლობა!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)