საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ვიზიტებზე ისაუბრა. მანანა მანჯგალაძემ საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტს შეეხო და აღნიშნა, რომ ვიზიტი ორდღიანია და ტომას ჰენდრიკ ილვესი ორი დღის განმავლობაში გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს.
„მინდა გითხრათ, რომ ეს ორ სახელმწიფოს შორის ტრადიციული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებაა. ესტონეთი იყო და რჩება საქართველოს მხარდამჭერად და მტკიცე და ერთგულ მეკავშირედ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. მინდა აქვე გავიხსენო 2008 წლის აგვიტოს მძიმე წუთები და დღეები, როდესაც ესტონეთის პრეზიდენტი რამდენიმე ევროპელ ლიდერთან ერთად, ყველაფრის მიუხედავად, თბილისში ქართველ ხალხთან ერთად იდგა. ამისათვის მას უღრმესი მადლობა." - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ
პრესსპიკერის თქმით, შეხვედრებზე განსახილველი თემები ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხება, კერძოდ, რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებს, საქართველოსა და ესტონეთს შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური საკითხების გაღრმავებას, განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებს.
მანანა მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ივლისი მაღალი დონის ვიზიტების მხრივ ძალზე დატვირთული იქნება.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის გასული კვირა დიპლომატიური თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი იყო.
„გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის სუვერენტიტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა და მხარდაჭერა"- განაცხადა მან და დასძინა, რომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია ასეულობით ათას დევნილს სამართლებრივ გარანტიებს უქმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათ საკუთარ სახლებსა და მშობლიურ კუთხეში დაბრუნებას.
„ნიშნდობლივია ის, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს პოზიციას უმაღლეს საერთაშორისო ორგანიაზციებში, ყოველწლიურად იზრდება. შარშანდელთან შედარებით, მხარდამჭერთა რაოდენობა 50-დან 57-მდე გაიზარდა, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა კი 17-დან 13-მდე შემცირდა. მსურს, ერთი უცნაური დეტალიც აღვნიშნო - რუსეთს მხარი არ დაუჭირა ისეთმა ქვეყანამაც კი, როგორიცაა ნაურუ", - თქვა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერი განათლების სფეროსაც შეეხო და წელს დანერგილ სიახლეზე ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული უმცირესობებისთვის სპეციალური საგამოცდო რეჟიმი შეიქმნა.
„თუკი ორი წლის წინათ ეროვნულ გამოცდებს რამდენიმე ეთნიკური აზერბაიჯანელი ან სომეხი აბიტურიენტი აბარებდა, ეს მაჩვენებელი შეიცვალა და წელს ეს სურათი საგრძნობლად განსხვავებულია", - აღნიშნა მან.
მანანა მანჯგალაძის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 34 000 -მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. თუ 2010 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა უმეტესობა უცხო ენის ჩაბარებისას, ირჩევდა რუსულს, წელს მოსწავლეთა 70 პროცენტზე მეტმა ინგლისური ენა აირჩია. ასევე მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობა ეროვნულ გამოცდებში.
„საგულისხმოა, რომ აბიტურიენტებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა ქართული ენის და ლიტერატურის ნაცვლად ჩაებარებინათ გამოცდა მეორე სახელმწიფო ენაზე. აფხაზურ ენაზე გამოცდა წელს პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა ორმა აბიტურიენტმა მიიღო", - განაცხადა პრესსპიკერმა.
მანანა მანჯგალაძე ტურიზმის სფეროსაც შეეხო. მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით ტურისტების რაოდენობა საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა მილიონ 108 ათას 914 უცხოელი დამსვენებელი. ეს მაჩვენებელი 45 პროცენტით მეტია 2010 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით.