სიახლეები
10.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ჩქაროსნულ გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჩქაროსნული გზატკეცილის სვენეთი-რუისის დამაკავშირებელ 15-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ავტობანის შემადგენელი 800-მეტრიანი გვირაბიც მოინახულა და მისი გაჭრის პროცესში მონაწილეობაც მიიღო. იგი თავად მართავდა სპეციალურ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც გვირაბის ბოლო კედელი დაანგრია. პრეზიდენტთან ერთად ადგილზე რეგიონული განვითარებისა და იფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე დაათვალიერა 871 მეტრისსიგრძის ესტაკადა, რომლის მშენებლობა ჯერაც მიმდინარეობს. როგორც რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, სვენეთი-რუისის მონაკვეთი ავტობანის ყველაზე რთული უბანია, რადგან აქ ერთდროულად მიმდინარეობს გვირაბის და ესტაკადის მშენებლობა და ასევე იგება გზის საფარი.
მიხეილ სააკაშვილმა ავტობანის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი - დასასვენებელი პუნქტი მოინახულა და აქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც კომპანია „ვისოლი" ახორციელებს. პრეზიდენტთან საუბრისას, კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდა და მისი მოპირკეთებაც დაიწყო. დასასვენებელ პუნქტზე განთავსებული იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, ავტოგასამართი და ბენზინგასამართი სადგურებით, კვების ობიექტით, სუპერმარკეტით „სმარტი" და პარკირების ზონით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივი ფერმერებისთვის გათვალისწინებულია საკმაოდ დიდი კუთხეც, სადაც ისინი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას შეძლებენ. ამ დროისათვის აღნიშნულ პუნქტზე 100 ადამიანია დასაქმებული.