უპირველესად, მინდა ყველას მოგესალმოთ.
ანაკლია დღეს ბევრად უკეთესი გახდა, ვიდრე ოდესმე იყო წარსულში.
ჩემთვის, მინისტრებისა (აქ იმყოფება ორი მინისტრი) და გუბერნატორისთვის, ამ საღამოს თქვენთან ერთად კოცონთან ჯდომა, მართლაც, სამოთხეა.
რა თქმა უნდა, ყველა იმ სიამოვნებასთან ერთად, რომელიც ამ ბანაკს მოაქვს, აქაურობას - ამ ადგილს და გარემოს ჩემთვის, დანარჩენი საქართველოსთვის და, ალბათ, ყველასთვის, ვინც საქართველოს უყურებს, ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.
ანაკლია, ისტორიულად, ძალზე მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი იყო. თუ ისტორიას გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ეს იყო ქალაქი, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც ბათუმს, სოხუმს, ტრაპზონსა და ფოთს, ან, შესაძლოა, უფრო დიდიც, ვიდრე ჩამოთვლილ ქალაქებს.
ბოლოს აქ დარჩა ძალიან პატარა დასახლება, თუმცა სამეგრელოსთვის, ძველი ლაზიკასთვის, კოლხეთისთვის ის იყო უმნიშვნელოვანესი სავაჭრო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი.
ამიტომ, მისი აღორძინება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული, რეგიონალური ცენტრის აღორძინებას ნიშნავს.
თქვენი ბანაკის მნიშვნელობა კი, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ისტორიული ადგილის აღორძინება.
საქმე ისაა, რომ აქედან ორ კილომეტრში იწყება ქართველებისგან, ესტონელებისგან, უკრაინელებისგან, ქართველი სომხებისა და აზერბაიჯანელებისგან თავისუფალი ზონა - ოკუპირებული ტერიტორია.
არის ორი მთვარი რამ, რასაც თავს გვახვედნენ. საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე არსებობდა ორი მოდელი: ერთი არის პუტინის სტაბილურობა, ხოლო მეორე - ელცინის ქაოსი.
საქართველომ კი, ყველას აჩვენა მესამე მოდელი, რომელიც სრულ განვითარებას, ახალი სასტუმროების, ახალი ბულვარის, ულამაზესი ხიდის მშენებლობასა და ბევრ სხვას გულისხმობს.
ქვეყანამ, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, პოსტსაბჭოთა ხალხს ეს აღმავლობა დაანახა.
ადამიანები, რომლებიც საქართველოში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკიდან ჩამოდიან, ამბობენ: მესამე მოდელი ნამდვილად არსებობსო.
ჩვენც სწორედ ამიტომ ვართ მათთვის საშიში და ამის გამო ეშლებათ ნერვები.
მეორე საკითხი - ის ეფუძნებოდა ერთა შორის განსხვავებას, ერთა დაყოფას და ერთმანეთზე გადაკიდებასა და დაპირისპირებას, სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და კულტურის მქონე ადამიანებით მანიპულირებას და ამ მეთოდით მართვას.
დღეს ამ ბანაკში არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, ქართველი აზერბაიჯანლები, ქართველი სომხები, ასევე სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც დასვენებასთან ერთად, ქართულს სწავლობენ.
ის, რომ თქვენ ერთად ხართ, პასუხია იმ ოკუპაციაზე, რომელიც აქვე ახლოსაა. საქართველოს ოცნება მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ადამიანების ერთობაა და ამიტომ, ჩვენს გერბზე კარგად არის გამოსახული: „ძალა ერთობაშია".
ჩვენი სისუსტე იყო ის, რომ ყოველთვის გვაპირისპირებდნენ. როდესაც 90-იან წლებში რუსეთი აფახაზეთში ხელს აფათურებდა, ერთმანეთთან დააპირისპირეს ეთნიკური ქართველები, გალელები და ოჩამჩირელები, სოხუმელები და ზუგდიდელები, აფხაზები და ქართველები, სომხები და ქართველები... ესეც ჩვენი სისუსტე იყო და ამის შემდეგ, ხელის ფათური მათთვის ძალიან ადვილი გახდა.
მაშინ რომ ის გამოცდილება გვქონოდა, რომელიც დღეს გვაქვს, რუსეთის იმპერია ვერაფერს დაგვაკლებდა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
უნდა ვისწავლოთ, რათა ჩვენ საწინააღმდეგოდ დღეს მაინც ვერავინ ვერ მოახერხოს ყოველივე ამით მანიპულირება.
ის, რასაც აქ ვქმნით, სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, რადგან მას გადამწყვეტი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თავისუფლების მოყვარე ყველა ერისთვის საქართველოს გარშემო.
ამიტომ, აქ ჩემთვის არის პატარა უტოპია - ამ ულამაზეს ბულვარში თქვენ ხედავთ ველოსიპედის გზებს, ახალ აკვაპარკს, იალქნიან ნავებს, შადრევნებს... იცით, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მეფე „შადრევან პირველს" მიწოდებს და ეს სულაც არ მწყინს. ჯობია „შადრევან პირველი" გიწოდონ, ვიდრე ჩინგიზ ხანი ან რომელიმე სხვა მსგავს მმართველს შეგადარონ.
მინდა, რომ ყველამ გავითავისოთ - ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რათა უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი.
რა არის პატრიოტთა ბანაკის ფუნქცია და კონცეფცია? ერთი რეგიონში აფხაზეთისა და სამეგრელოს ყველა კლიმატური ზონის მქონე ყველაზე კარგ პლაჟზე მოგვყავს ბავშვები, რომლებიც არ არიან შეძლებული ოჯახებიდან. მსგავსი პლაჟი საქართველოში არსად არ არის. ეს პლაჟი ჯობია ყველა სხვა ადგილს, ის ჯობია ბიჭვინთასაც, ურეკსაც... საქართველოში ყველა ადგილი ლამაზია, მაგრამ მსგავსი არსად არ არის.
აქ ის ბავშვები მოგვყავს, რომლებსაც ფეშენებელურ კურორტებზე დასვენების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ეს არის ჩვენი დღევანდელი ცხოვრების არსი, რადგან, ჩემო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანის ოჯახს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს.
მართალია, კიდევ ბევრი სკოლა გვაქვს ასაშენებელი, მაგრამ ბევრი თქვენგანი უკვე დადის ისეთივე თანამედროვე სკოლებში, როგორებიცაა შვეციასა და ჰოლანდიაში - სკოლების დიდი ნაწილი პირადად გავხსენი და იქ ისეთივე მერხები, ლაბორატორიები და სპორტული დარბაზებია.
რა თქმა უნდა, ყველა სამეზობლოში არ არის ჯერ კარგი სათამაშო მოედანი, მაგრამ უკვე ათასზე მეტი მოედანი გავაკეთეთ, ზუსტად ისეთი, როგორიც იქნებოდა ავსტრალიაში, ამერიკაში ან შვეიცარიაში.
იმისათვის, რომ ჯანმრთელები გაიზარდოთ, თქვენ უნდა გქონდეთ ისეთივე ჯანდაცვა, როგორიც აქვთ წამყვან ქვეყნებში.
ერთი სიტყვით, სახლში, შესაძლოა, ელემენტარული საკვების პრობლემა გქონდეთ, მაგრამ ისეთივე კომპიუტერებთან უნდა მუშაობდეთ, ისეთივე საკლასო ოთახებში დადიოდეთ, ეზოში ისეთივე პირობები უნდა გქონდეთ, როგორიც აქვთ თქვენს თანატოლებს განვითარებულ ქვეყნებში.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, თქვენ უნდა ნახოთ, რომ არსებობს სხვა, ბევრად უკეთესი ცხოვრებაც, რათა ეს ცხოვრება ჩვენ თვითონ შევიქმნათ და შემდეგ ის თითოეული ჩვენგანის ოჯახზე აისახოს.
ეს არის განვითარება და საქართველოს სწრაფი წინსვლა.
ამიტომ, ეს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რათა ვერასდროს ვეღარ დაგვაბრუნონ და ჩაგვტოვონ სიღარიბეში.
ჩემთვის თანასწორობის სტანდარტი არის ის, რომ შევცვალეთ ელიტური წყობა, რომლის პირობებში, ერთი და იგივე ათასი, ხუთი ათასი ან თუნდაც ათი ათასი კაცი ერთსა და იმავე ქუჩაზე, ერთსა და იმავე ადგილზე, წყვეტდა როგორ ეცხოვრა დანარჩენ 5 მილიონს და თქვენი აზრი სულ არ აინტერესებდა. ეს, ერთხელ და სამუდამოდ, წარსულს ჩაბარდა.
მათ არ აინტერესებდათ არც სხვა ქართველების, არც ქართველი აზერბაიჯანელებისა და არც ქართველი სომხების აზრი.
ამ ერთობას დღეს ყველანი ერთად ვქმნით და მსურს, რომ ეს ბანაკი იყოს იმის სიმბოლო, თუ რას ნიშნავს მაღალი სტანდარტი, თუნდაც, რამდენიმე დღით.
და კიდევ, მინდა ერთი რამ შემოგთავაზოთ. იცით, რომ სკოლებში დემოკრატიული ორგანოები იქმნება. მოსწავლეები ირჩევენ სკოლის თვითმართველობებს. ჩემი შვილიც მოსწავლეა და ქმნიან პარტიებს, ეჯიბრებიან ერთმანეთს, აწარმოებენ საარჩევნო კამპანიებს, ინტერნეტქსელში, ფეისბუკზე ერთი ამბავი აქვთ ატეხილი... მოდით, აქაც ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები - მარტო ლიდერები არ უნდა წყვეტდნენ ყველაფერს. თქვენი საბჭო თავადვე აირჩიეთ - ორ-სამ დღეს შეხედეთ ერთმანეთს და შექმენით დემოკრატიის ნამდვილი სკოლა.
თქვენ აქ სწავლობთ კომპიუტერთან მუშაობას, უცხო ენებს, სწავლობთ ქართულს... მოდით, პატრიოტთა ბანაკები ასევე დემოკრატიის სკოლად გადავაქციოთ.
დემოკრატია ის არ არის, თუ რამდენიმე ასეული ადამიანი მიჩნევს, რომ სადმე, ქალაქის ცენტრში ალიაქოთი უნდა მოაწყოს, მაქსიმალურად აურიოს სიტუაცია, რათა თანამდებობები დაიბრუნონ - მათ ჰგონიათ, რომ დანარჩენი ხალხი ბრიყვია და ყველაფერი მხოლოდ თავად ეკუთვნით.
დემოკრატი არის თქვენი საქმიანობა სკოლის მერხიდან დაწყებული და პატრიოტთა ბანაკებით დამთავრებული. თქვენი ღირსების შენარჩუნება, თქვენი შეხედულებების გამოვლენა, ბევრი თქვენნაირი ადამიანის პოვნა და სტრუქტურად ჩამოყალიბება, თქვენი სიმართლის გატანა და დამტკიცება საზოგადოებისთვის, რათა დანარჩენებმა დაგიჯერონ - აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია.
საქართველოს ახალი თაობა სწორედ ასეთი იქნება.
მინდა, რომ პატრიოტთა ბანაკიც ვაქციოთ ასეთ სკოლად - სკოლად, რომელიც გასწავლის რას ნიშნავს, ერთი მხრივ, უკეთესი ცხოვრება და ცხოვრების მაღალი სტანდარტი, მეორე მხრივ, ნამდვილი დემოკრატია; ასევე რას ნიშნავს საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების ერთობა და რას ნიშნავს საქართველოს გახსნილობა დანარჩენი სამყაროსთვის. აქ ჩამოდიან უცხოელები და ეს მათაც უნდა ვაჩვენოთ.
მინდა, ეს სამი რამ დაგავალოთ, გირჩიოთ ან გთხოვოთ.
მოდით, ამაზე დღეიდან ყველამ ერთად ვიმუშავოთ.
დიდი მადლობა.