Google+

სიახლეები

05.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა განახლებულ ეროვნულ გალერეაში მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართა

მოგესალმებით ყველას. 

უპირველესად, მინდა, ეს მნიშვნელოვანი დღე  მივულოცო კულტურის მინისტრს, ასევე ჩვენი მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელს.

ჩვენ პირველად შევქმენით დიდი სამუზეუმო ცენტრი საქართველოს ისტორიაში.

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკოსს შევხვდი და საუბრისას, მან მითხრა: ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ორი წლის განმავლობაში, საქართველომ, რომელმაც გადაიტანა დამანგრეველი შემოტევა, ქვეყანამ, რომელსაც ისეთი უბედურება დაატყდა თავს, ისეთ უფსკრულში ჩავარდა, საიდანაც აქამდე არავინ ამოსულა, მითუმეტეს ორ წელიწადში, მოახერხა რადიკალური შემოტრიალება, რადიკალური გაუმჯობესება და სულ რაღაც მცირე დროში ისევ  სანიმუშო, სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ ქცევა.

ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის არა მხოლოდ ის, რომ ჩვენი ხალხი ძალიან მონდომებული, შეუპოვარი და შემართულია, არის არა მხოლოდ ის, რომ მთავრობაც ცდილობს  საქმე გააკეთოს, არამედ ის, რომ ჩვენი ხალხის შეუპოვრობა, ჩვენი ხალხის გამბედაობა, ჩვენი ხალხის შრომიუნარიანობა  ეფუძნება ძალიან დიდ კულტურას და ძალიან დიდ ისტორიას.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში მრავალი მუზეუმი ავაშენეთ.

ეს მუზეუმი ძალიან სწაფად გაკეთდა.

მახსოვს  სიღნაღში ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სულ რაღაც სამ თვეში ავაშენეთ. თუმცა მთავარი ის კი არ არის, რომ მუზეუმი ააშენო, მთავარია ხელოვნების, საყოფაცხოვრებო კულტურის, ხელნაწერთა და ისტორიული არქეოლოგიური საგანძურის ნიმუშები გქონდეს გამოსაფენი.  

კარგად მახსოვს, ხუთი წლის ვიყავი, როდესაც პირველად მიმიყვანეს ეროვნული მუზეუმის სარდაფში და მაჩვენეს ოქროს საგანძური, რომელიც ახლა ჯანაშიას მუზეუმში გადმოდის.  მას შემდეგ კიდევ ბევრი ახალი აღმოჩენა გაკეთდა.

ბოლო წლებში ძალიან ბევრი მონაპოვარი გვქონდა და დათოს პირადი დამსახურებაა, რომ ეს, მართლაც, წარმოუდგენელი არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. აქ იმყოფება  ბატონი იულონი და სხვა დიდი არქეოლოგები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ.

ოთხმოცდაათიან წლებში ყველაფერი იფლანგებოდა, იძარცვებოდა. იყო ჟამი ქვების გაბნევის, ახლა კი არის ჟამი ამ ქვების შეგროვების.

ჩვენ მოვახერხეთ  ბევრი მოპარული ნამუშევარის დაბრუნება. თქვენ გახსოვთ, რომ ორიოდე წლის წინათ, თბილისში რადიკალების მიერ მიტინგების ასაგორებლად და ე.წ. მუხტის შესაქმნელად, ერთ-ერთი მთავარი საბაბი იყო ის, რომ სააკაშვილმა მოიპარა ფიროსმანის ნახატი მუზეუმიდან. სინამდვილეში, ფიროსმანის თითქმის ორასი ნამუშევარი ათწლეულების განმავლობაში არავის არ უნახავს, რადგანაც ისინი იმის გამო, რომ მათ გამოსაფენად მოზეუმი არ გვქონდა, საცავებში ინახებოდა.

ფიროსმანის ეს სამი ნახატი, რომელსაც ახლა უყურებთ, იყო მოპარული და სამართალდამცავებმა ისინი დაუბრინეს ხალხს. ეს პროცესი რა თქმა უნდა გაგრძელდება.

ეს მუზეუმი იყო სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მსხვერპლი. ეს შენობა იყო დამწვარი და მისი განახლება არის იმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომ საქართველოს აღარასდროს  არ უნდა დაბრუნდეს არც სამოქალაქო ომის ორომტრიალში. საქართველოში აღარ უნდა მოხდეს რაიმე სახის არეულობა, არც სამოქალაქო დაპირიპირება და აღარასდროს არ უნდა აცდეს ცივილიზაციის,  კულტურის და დემოკრატიის განვითარების ისტორიულ გზას ამ გადამწყვეტ ეტაპზე. 

ამ მუზეუმის აღდგენა და სერიოზულად გაკეთება ნიკა რურუას ინიციატივა იყო. მინდა მადლობა ვუთხრა კერძო ბიზნესის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც სახელმწიფოსთან ერთად სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის აღდგენაზეც იმუშავეს.  სახელმწიფოს და კერძო სტრუქტურის თანამშრობლობით ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან კარგი მაგალითები იბადება, რაც ახლის კეთების სტიმულს იძლევა.  

დღს აქ შეიკრიბეთ საქართველოს სამეცნიერო, კულტურული, ზოგადად, საზოგადოებრივი ელიტა და საქართველოს ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. სიტყვა „ინტელიგენციას" ტყუილად ვაკრიტიკებთ, რადგან მასში ცუდი არაფერია. ეს არის სიტყვა, რომელიც გამოხატავს ერის ელიტას, იმ ხალხს, ვინც აზროვნებს და ინტელექტუალურ პროდუქტს ქმნის.

მინდა გთხოვოთ, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი კულტურა უფრო მეტად წარმოვაჩინოთ.

ჩვენ მსოფლიო რუკაზე დაბრუნებას ვახერხებთ და ეს დაბრუნება ხდება არა სამხედრო გზით: ტანკებით ან არმიებით, ან მხოლოდ იმის გამო, რომ, თუნდაც, ვიღაცის მსხვერპლი ვართ, არამედ, უპირველესად, იმის გამო, რომ ეს არის განსაკუთრებული ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოს ცივილიზაციაში. ჩვენ კვლავაც უდიდესი წვლილის შეგვაქვს თანამედროვე ეპიქაში და ვქმნით ახალ ნიმუშებს, ახალ ხელოვნებას, თუნდაც, ახალ ქალაქებს....

მე გუშინ ვენეციის ბიენალეზე ვიყავი და ვნახე ქართველი მხატვრები და ხელოვანები, რომლებიც ქართულ და შვეიცარიულ კულტურას წარმოადგენენ. ეს ადამიანები დარჩებიან შემდგომ თაობებს და ეს ასევე არის ჩვენი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში.

არ მინდა დავიკვეხნო, მაგრამ გუშინ ვენეციაში ბევრი პავილიონი ვნახე და ჩემი მოკრძალებული გადმოსახედიდან, ქართული პავილიონი, ყველა კრიტერიუმით, ნამდვილად ყველას ჯობდა. რასაც დღეს საქართველო ქმნის, არის ახალი და საინტერესო.

საქართველო ძალიან ძველი, მაგრამ, ამავე დროს, ახალი და საინტერესო ქვეყანაა.

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეზე მუშაობდით.  

 

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)