Google+

სიახლეები

19.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

მიხეილ სააკაშვილი:

ერჟი, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოში როგორც ჩვენი ქვეყნის სახელგანთქმულ მეგობარს, უდიდეს ევროპელ ლიდერსა და უდიდეს დემოკრატს, რომელსაც დიდი საბრძოლო ისტორია აქვს.

ჩვენთვის,  მართლაც, უდიდესი მოვლენაა, რომ ადამიანი, რომელიც Solidarności ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო და ერთ-ერთი უდიდესი პოლონელია, დღეს სათავეში უდგას ევროპარლამენტს, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას. ამიტომაცაა, რომ ბოლო დროს პარლამენტმა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა, გავლენა და მორალური გამძლეობა შეიძინა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ბრძანდებით ცნობილი მებრძოლი თავისუფლებისათვის, არამედ იმიტომ, რომ თქვენ მიწვდით უამრავ ქვეყანას ევროპარლამენტის გარეთაც.

თქვენ მკვეთრი აქცენტი გააკეთეთ მორალურ მხარესა და ისეთ საკითხებზე, როგორიცაა  ადამიანის უფლებები, დემოკრატია, თავისუფლება. ევროპარლამენტი მზადაა იმოქმედოს, როდესაც თქვენ იბრძვით სამართლისათვის, როდესაც თქვენ იბრძვით მორალური მხარდაჭერისათვის.

ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერს საკუთარი სახელი აქვს, სადაც შესაძლებელია  ყველაფერი ისე აღიწეროს, როგორც ეს სინამდვილეში ხდება. ამიტომაც, ახლა ჩვენი ჯერია ძალიან თბილი დახვედრა მოგიწყოთ აქ, საქართველოში დემოკრატიების გაერთიანების ამ ძალზე მნიშვნელოვან საპარლამენტო შეხვედრაზე.

თქვენ ყველამ იცით, ჩვენი არჩევანი ნათელია - ჩვენ გვსურს გავხდეთ დემოკრატიების ევროპული ოჯახის ნაწილი, ჩვენ  გავამართლეთ ჩვენი ვალდებულებები დროის ყველაზე რთულ მონაკვეთში. ამას ყოველდღიურად ვაგრძელებთ, ყველა უთანხმოების, ოკუპაციის, ემბარგოსა და პროვოკაციების მუდმივი მცდელობების მიუხედავად.

ჩვენ ევროპელები ვართ და ეს ჩვენი არჩევანიც არის და ბედიც და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი მეგობრებით, როგორიც ერჟი ბუზეკია, წარმატებასაც მივაღწევთ და იმ ოჯახსაც შევუერთდებით, რომლისგანაც საქართველო არასდროს არ უნდა განცალკევებულიყო.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.   

ერჟი ბუზეკი:

დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო პრეზიდენტო.

დიდი მადლობა მოწვევისათვის, მიშა, რადგან მე მხოლოდ თქვენი პარლამენტის თავმჯდომარემ კი არა, პირადად თქვენც მომიწვიეთ ევროკავშირიდან ევროპულ ქვეყანაში.

ასე რომ, ორმხრივი ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავსებით ბუნებრივია.

ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ერთნაირი ღირებულებები, ერთნაირი მემკვიდრეობა, ერთნაირი ისტორია და ჩვენ დღეს ერთსა და იმავე გამოწვევებს ვაწყდებით. ზოგ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ერთსა და იმავე საფრთხეებთან და ჩვენ მათზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ამას ვაკეთებთ კიდეც ერთობლივად და ძალზე მოხარული ვარ, რომ შევქმენით ევრონესტი, საპარლამენტო ასამბლეა, რაც მნიშვნელოვან და მხარდამჭერ ფორმას წარმოადგენს - აღმოსავლურ პარტნიორობას. ამ ფორმით, პარლამენტების მეშვეობით, შესაძლებელი ხდება  დემოკრატიული ანგარიშვალდებულება მთავრობების ნებისმიერ საქმიანობაზე.

ნება მიბოძეთ, ვთქვა, ძალზე მნიშვნელოვანი წინადადება, რომელსაც თქვენ ელოდებით ბატონო პრეზიდენტო.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ძალიან ვწუხვარ, რომ რუსული ჯარები კვლავაც სეპარატისტულ რეგიონებში რჩება.  ევროპარლამენტმა უარყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცალმხრივი დეკლარაცია დამოუკიდებლობის თაობაზე.

ასეთი ნათელი განცხადება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გაყინული კონფლიქტების მოგვარება გვსურს.

ამ რეგიონში არის კიდევ ერთი კონფლიქტი ყარაბახში და საქართველოს შეუძლია შეასრულოს დადებითი როლი, რადგან მას კარგი ურთიერთობა აქვს ორივე ქვეყანასთან - სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. ეს შეიძლება წაადგეს კონფლიქტის მოგვარებას.

ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ თქვენ ძალზე წარმატებული ხართ, ისეთივე წარმატებული ბრძანდებით, როგორი წარმატებულიცაა საქართველო, ქართველი ხალხი და ხელისუფლება.

ეს თქვენს ქვეყანაში განხორციელებული მთელი რიგი რეფორმების შედედია და  ჩვენ, ევროპარლამენტი დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ამ რეფორმების მეორე რაუნდი აუცილებელია სასამართლო სისტემაში, მედიაში - როგორ უნდა გახდეს მედია უფრო პლურალური და აბსოლუტურად დავისუფალი.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია თანამშრომლობა ოპოზიციასა და კოალიციას შორის, რადგან, თქვენ ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი და მნიშვნელოვან შეკითხვებზე გაქვთ პასუხი გასაცემი, ზოგ შემთხვევაში, საფრთხეებზეც კი.

ასე რომ, ერთობლივი თანამშრომლობა და კონსოლიდირებული საზოგადოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

დარწმუნებული ვარ, რომ თუკი თქვენ ეს რამდენიმე წლის წინათ შეძელით, წარმატებას მომავალშიც მიაღწევთ.

ნება მიბოძეთ ვთქვა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი მიდგომა ძალიან სასარგებლოა ორივე მხარისათვის - საქართველოსა და ევროკავშირისათვის, ევროპარლამენტისათვის.

ჩვენ გვსურს ერთგვარი სამკუთხედის შექმნა, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სამი მნიშვნელოვანი სიტყვით: დემოკრატიით, სტაბილურობითა და კეთილდღეობით. არ არსებობს სტაბილურობა კეთილდღეობის გარეშე, გრძელვადიან პერსპექტივაში მის გარეშე წარმოუდგენელია  დემოკრატიაც, რადგან ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დასაქმება და მომავალი კეთილდღეობაა.  

ასე რომ, აუცილებელია ეკონომიური თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვიცით ასოცირებული წევრობის შეთანხმების შესახებ, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მოლაპარაკებები, თავისუფალი ვაჭრობის და ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე და წინ უნდა წავიდეთ.

ასე რომ, ნება დაგვრთეთ, ვიყოთ ოპტიმისტები, შევცვალოთ ყველაფერი რაც შესაცვლელია და შევასრულოთ მარტივი როლი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში.

მეტის გაკეთება ნიშნავს მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას, მდგრადობასა და კონკურენტულობას. ჩვენი სისტემები ერთნაირია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად იდენტური და კონკურენტული უნდა გავხადოთ.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ დიდ მადლობას, ბატონო პრეზიდენტო, შესაძლებლობისათვის, ვიმყოფებოდე თქვენს, ესოდენ მშვენიერ ქვეყანაში.

 

შეკითხვები

ტელეკომპანია იმედი, ლიკა ბერაია: რუსეთის პრეზიდენტმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა, რომ მან ომი დაიწყო არა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩამოშლილიყო და საკუთარი სიძლიერე დაემტკიცებინა. აქამდე რუსეთის ხელისუფლება ომის დაწყების სხვა მიზეზებზე საუბრობდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს იყო ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის პირდაპირი აღიარება. მინდა ვკითხო ბატონ ბუზეკს და საქართველოს პრეზიდენტს: როგორ აფასებთ თქვენ მედვედევის ამ განცხადებას? 

მიხეილ სააკაშვილი: რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, თვალი ნამდვილად ყველაფერზე აგვეხილა. აქამდე გვარწმუნებდნენ, რომ ისინი აქ შემოვიდნენ, რადგან ძალიან ადარდებდათ საქართველოში მცხოვრები ჩვენი ოსური და აფხაზური წარმომავლობის ადამიანების ბედი. გუშინ თქვეს, რომ ეს თურმე ასე არ ყოფილა. განცხადება იმის თაობაზე, რომ ამით რუსეთის სიძლიერის დემონსტრირება მოხდა, რბილად რომ თქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ვფიქრობ, 2008 წლის აგვისტოდან გასული 3 წელიწადზე ნაკლები პერიოდი რუსეთის დღევანდელი პოლიტიკის სერიოზული სისუსტის ნათელი დემონსტრაცია იყო, რომელიც მათ საქართველოსთან მიმართებაში გამოიჩინეს. თქვენ გახსოვთ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ მე, მიხეილ სააკაშვილი, მისი აზრით, პოლიტიკური ცხედარი ვარ, მაგრამ, ამ მოსაზრების თანახმად, ცხედარი უკვე სამი წელია ვარ და, მგონი, ცოტა უკეთესად გამოვიყურები ფიზიკური და პოლიტიკური ფორმის თვალსაზრისით, ვიდრე მან აღწერა. ვფიქრობ, გახსოვთ მათი განცხადებები, მათ შორის, ჩემი სხვადასხვა ადგილებით დაკიდების შესახებ და, რაც მთავარია, მათი მთავარი იმედი, რომ საქართველო აორთქლდებოდა, გაქრებოდა, ჩამოიშლებოდა და სამაგალითოდ დასჯილ ქვეყანად იქცეოდა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. ინტერვენციის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო ეს - საქართველო, როგორც, შედარებით, მცირერიცხოვანი  და ზომით პატარა ქვეყანა გამხდარიყო ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს დაუმორჩილებელი ქვეყნის დასჯა და ფეხქვეშ გათელვა. დღეს რუსეთიდან დადიან საქართველოში რეფორმების სასწავლებლად. დღეს საქართველო, რომელსაც არ აქვს ნავთობი და გაზი, ყველა სირთულის მიუხედავად, გახდა ამ რეგიონის მთავარი რეფორმატორი, სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, რომელიც უკვე ყველანაირად მიმზიდველი ხდება ყველასთვის, მათ შორის, რუსეთში მათთვის, ვისაც ხელი მიუწვდება ინფორმაციაზე. მე მინდა დავსვა შეკითხვა: ნუთუ რუსეთის მთავრობისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ქვეყანა ყოლოდა თავის მოკავშირედ? ნუთუ  არ იყო მათთვის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო მათი პარტნიორი და მეგობარი? დღეს რუსეთის მოკავშირეები საქართველოში არიან გადაგვარებული ყოფილი სეპარატისტების ერთი ნაწილი, რომლებიც ახლა ოკუპანტთა სამსახურში დგანან დაცარიელებულ ტერიტორიაზე. მათი მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი დანარჩენ საქართველოში ეს არის „კოჭოია" გალიდან და ქუჩაში მორბენალი ყოფილი პოლიტიკოსები, რომელიც მსოფლიო რეკორდებს ამყარებენ თავიანთი არაპოპულარობით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით. ეს უკვე ხალხის მხრიდან მათ სიძულვილში გადაიზადა. ნუთუ ამ მოკავშირეებით აპირებენ ისინი საკუთარი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას რეგიონში? ჩვენ, რა თქმა უნდა,  გახსნილი ვართ რუსეთთან სერიოზული მოლაპარაკებისთვის; რა თქმა უნდა, გვსურს რუსეთს ჩვენი რეფორმების გამოცდილება ღიად გავუზიაროთ და, ამას გარდა, უბრალოდ,  გვქონდეს ნორმალური, ადამიანური, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა, თუმცა მხოლოდ იმ პირობებში, რომ ისინი აღიარებენ სახელმწიფოდ და დაუწყებენ საუბარს საქართველოს ამჟამინდელ, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. მათი მოქმედებები ნამდვილად არ არის მათი სიძლიერის გამოვლინება. 

ერჟი ბუზეკი: ეს იყო ძალზედ ფართო და ღრმა პასუხი, მაგრამ ნება მიბოძეთ დავამატო მხოლოდ რამდენიმე წინადადება. ევროკავშირისათვის, უპირველეს ყოვლისა ძალზედ მნიშვნელოვანია კონფლიქტის საკითხი. ყველა გაყინული კონფლიქტები წარმოადგენს საფრხეს, განსაკუთრებით ორივე რეგიონისთვის საწყის ეტაპზე და ასევე რუსეთთან კონფლიქტი ძალიან სერიოზულ დაბრკოლეას წამოადგენს საქართველოს განვითარებისათვის და ეს ასევე არის ის თემა, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები განაგრძობს უსაფრთხოების მხარდაჭერას ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საშუალებით და შეხვდა ამ მისიის წარმომადგენლებს დღეს დილას და მათ ხაზი გაუსვეს საუკეთესო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, რაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ნება მიბოძეთ დავამატო, რომ ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებში, გაეროსა და ეუთო-სთან ერთად, ამ კონფლიქტის მოგვარებისა და ვითარების საბოლოოდ მოწესრიგების საკითხთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია რუსთავი2, ნათია გოგსაძე: შეკითხვა სტუმართან მექნება. გარკვეულწილად, გავაგრძელებ რუსეთის თემა და მედვედევის განცხადება. მოგეხსენებათ, იყო პერევის ინციდენტი, რომლის დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა დაიჭრა - ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. აქედან გამომდინარე, დღეს რუსმა ექსპერტებმა იმ კონფერენციაზე, რომლის მთავარი სტუმარიც თქვენ ბრძანდებოდით, შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, მედვედევის განცხადებიდან და ამ ინციდენტიდან გამომდინარე, რუსეთი, შესაძლოა, ახალი პროვოკაციისთვის ემზადებოდეს. როგორი იქნება ამჯერად ევროპის რეაქცია, კერძოდ, იქნება თუ არა ეს რეაქცია ქმედითი? 

ერჟი ბუზეკი: ნება გვიბოძეთ დავეყრდნოთ ზოგიერთი გამოძიების შედეგებს, ასევე ჩვენი ევროკავშირის მონიტორინგის მისია გამოიძიებს ამ საქმეს, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ დღეს დილას და ეს საქმე ძალზედ მნიშვნელოვანია დღეს დღეობით. მაგრამ ნება მიბოძეთ შეგახსენოთ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი რამ, რაც ბატონმა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა თავის გამოსვლაში ნახევარი წლის წინ - ცალმხრივი ძალის გამოუყენებლობა კონფლიქტის მოსაგვარებლად. მსგავსი განცხადება ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენ ველოდებით ასევე გარკვეულ პასუხებს რუსეთის მხრიდან ასეთ განცხადებაზე. ეს განცხადება გაკეთდა ღია გამოსვლაში ევროპარლამენტში, პლენარული სესიის დროს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი განცხადებაა.

მიხეილ სააკაშვილი: ეს აგრძელებს პასუხს პირველ შეკითხვაზე. ნუთუ ამდენად დიდი სახელმწიფოს სიძლიერე უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ მეზობელი ბევრად უფრო პატარა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტყეში ჯონჯოლის, ჟოლოს თუ სხვა კენკრის საკრეფად წასულ ბავშვებზე გამოაცხადოს ნადირობა. ამას გადატანითი მნიშვნელობით არ ვამბობ - საფარი - ქართველ ბავშვებზე. რა ჰქვია იმ ფენომენს და ისეთ ადამიანს, რომელიც ტყეში უსაფრდება ბავშვს ფიზიკური განადგურების მიზნით. ყველამ კარგად იცის ამას რაც ეწოდება. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ ამდენად დიდი სახელმწიფოს რესპექტაბელობაზე პრეტენზიის მქონე შეიარაღებულ ძალებს და უსაფრთხოების სტრუქტურებს, რომელთაც იქ, რა თქმა უნდა, არაფერი არ ესაქმება. ჩვენ მადლიერი ვართ ევროპელ მეთვალყურეთა საქმიანობის და იმედი გვაქვს, რომ ამ ინციდენტს, ამ ბარბაროსობას ისინი სათანადოდ გამოიძიებენ. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)