Google+

სიახლეები

15.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი აჭარას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აჭარას ესტუმრა და სარფში მშენებარე ტაძარი მოინახულა. ახალ ეკლესიას უიშვიათესი ჩუქურთმები დაამშვენებს - ისეთივე, როგორიც ხანძთისა და ოშკის ტაძრებზეა. ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია მთლიანად კირქვით, ძველი ქართული ტექნოლოგიით შენდება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, სარფში იქნება არა მარტო საბაჟო, არამედ მთელი საქართველოს კარიბჭე.

„აქ არა მარტო საბაჟო კარიბჭეს ვაშენებთ, საქართველოს კარიბჭესაც. ეს აჭარაში და მთელი საქართველოს მასშტაბით, ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანის - მეუფის ინიციატივა იყო და თავიდანვე გივი თარგამაძესთან ერთად მუშაობდა იმაზე, რომ საქართველოს მთავარი სახელმწიფოებრივი საზღვარი აქ, შემოსასვლელში ჩვენი ქართული ეკლესია ძალიან ლამაზი ფორმით ყოფილიყო წარმოდგენილი. ამას რამდენიმე წელიწადი დაჭირდა, მაგრამ ღვთის შეწერვით და მეუფის მეცადინეობით, წელს ამ ტაძრის მშენებლობას აუცილებლად დავასრულებთ. ვფიქრობ, ამას ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური დატვირთვა აქვს არა მხოლოდ აქაურობისთვის - სარფის კარიბჭისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მეუფე უბრალოდ ტაძრების მშენებლობას კი არ უწყობს ხელს,  არამედ მისი ძალისხმევით, აქ, აჭარაში ძალიან სერიოზული საგანმანათლებლო ცენტრები კეთდება. ეს საქველმოქმედო ცენტრები უბრალოდ თავის მოსაწონებლად კი არ კეთდება, არამედ - რეალურად. აქ არის ყველაზე საუკეთესო ბავშვთა სახლები, სოციალურად დაუცველთა საუკეთესო თავშესაფარი. რაც შეეხება გივი თარგამაძეს, კვირა არ გავა, რომ არ შეგვაწუხოს და ამ ეკლესიის მშენებლობის დროულად დასრულების აუცილებლობის შესახებ არ შეგვახსენოს - მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ტაძრის მშენებლობის დამთავრებაა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სარფში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობაც მოინახულა, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საზღვრის გადალახვის პროცედურა გამარტივდება და საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს, ასევე უცხოელ სტუმრებს მაისის ბოლოდან გრძელ რიგებში დგომა აღარ მოუწევთ. მისი თქმით, მსგავსი რეკონტრუქცია თურქეთის მხარემაც უნდა გააკეთოს და ამ საკითხის განხილვას მიხეილ სააკაშვილი თუქრეთის პრემიერ-მინისტრთან გეგმავს.  

„მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ლამაზი საბაჟო მსოფლიოში არსად არ მინახავს. მსოლოდ ერთი პრობლემა მაწუხებს - ჩვენთან შედარებით, თურქებს ბერად ნაკლები გასასვლელი ექნება, რის გამოც, ალბათ, საცობები მაინც  წარმოიქმნება. ამიტომ, ვაპირებ, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც თვის ბოლოს გვესტუმრება, ეს საკითხი დავუყენო. თუ ხალხი მეორე მხარეს თავისუფლად ვერ გაივლის,  მეორე მხარეს ისევ გრძელი რიგი დადგება. ჩვენ მხარეს საშვილიშვილო არქიტექტურა კეთდება. ადრე თურქეთის მხარესაც და ჩვენი სხვა მეზობლების მხარეს კარგი, გამართული პუნქტები იყო, ჩვენთან კი გაურკვეველი ჯიხურები იდგა, სადაც გაუპარსავი, გაავებული და  დამშეული მებაჟეები, მესაზღვრეები ხვდებოდნენ სტუმრებს ქრთამის მოლოდინში. ახლა პირიქით არის. ბოლო ამ 2 წლის ცვლილებების შედეგად, ყველა სხვა მეზობელთან შედარებით, უკეთესი საბაჟოები და სასაზღვრო პუნქტები გვაქვს. ბათუმს ყველაზე ლამაზი საბაჟო გამშვები პუნქტი უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, გუშინ ტელევიზორში მოვკარი თვალი ერთ-ერთი რადიკალური ჯგუფი  ჩამოვიდა, რომელიც რუსეთის მიერ არის მართული, ავტობუსებით მოყავდათ ხალხი აქ გაურკვეველი აქციების გასამართად და ვითარების ასარევად. ისინი მათ ზუსტად ორ წუთში შემოეცალათ, რადგან ამ ხალხს ბათუმი ნანახი არ ქონდა. ისინი გაოგნებული დადიოდნენ გარშემო და აღფრთოვანებით უყურებდნენ აქაურობას. ეს ყველას ეხება, მათ შორის, ასეთი სახის ტურისტსაც, რადგან ეს ქალაქი რეალურად ხდება საქართველოს, ყველა ქართველის, ყველა ჩვენი მოქალაქის სიამაყე", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

ბათუმში პრეზიდენტი მურად დევიძის ოჯახსაც ესტუმრა, სადაც 20-წლიანი დაძველების ქართული ღვინო „ოჯალეში" დააჭაშნიკა. ოჯახის უფროსმა მიხეილ სააკაშვილს ღვინის დაწურვის მათეული ტრადიცია გააცნო. დევიძეების ოჯახი ყოველწლიურად ათას ორას ლიტრ ღვინოს წურავს.

„ბოლო წლების განმავლობაში ღვინის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ღვინის კეთება ხალხმა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. განსაკუთრებით, შავი ზღვის პირეთში ღვინოს ბევრგან არ აკეთებდნენ, რადგან ეს ტრადიცია აქ ფართოდ არ იყო გავრცელებული. თუმცა ეს ტრადიცია უკვე აქაც გაჩნდა. „ჩხავერის" მსგავსი თეთრი თვინო არა მხოლოდ ამ  რეგიონსა და საქართველოში, არამედ ევროპაშიც კი ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ჯიში, ძირითადად, გურიისა და აჭარის ზონაში იზრდება. „ციცკა-ცოლიკაური" იმერეთში ხარობს, სამეგრელოში წარმოუდგენლად უნიკალური ჯიში „ოჯალეში" მოდის. სამივე რეგიონი ამ მხრივ გამოუყენებელი იყო და ახლა ამ ღვინოებსაც ვაყენებთ. დიდი მადლობა რუსეთს ემბარგოსთვის, რადგან ეს ემბარგო დიდად წაგვადგა ღვინის ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ თუ შეუშვებენ ჩვენ ღვინოებს, კარგი იქნება, ხოლო თუ არ შვეუშვებენ - ესეც არაფერი - ბაზარი მთელ მსოფლიოშია. როდესაც ხუთი მილიონი ან უფრო მეტი ტურისტი გვეყოლება, ღმერთმა ქნას, რომ ღვინო საექსპორტოდ დაგვრჩეს. მაგალითად, საბერძნეთს თავისი ღვინოები უცხოეთში ვეღარ გააქვს, რადგან თვითონვე სვამეს, თანაც ჩვენ უკვე ბევრად ხარისხიანი ღვინო გვაქვს. იგივე ვითარებაა ისრაელში, პორტუგალიაში და მთელ რიგ რეგიონებში. ამიტომ აქ ღვინის კეთებას აზრი აქვს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი ოჯახური ღვინის ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას - გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალსაც დაესწრო.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)