Google+

სიახლეები

08.03.2011
საქართველოს პრეზიდენტი რუსთავში პენსიონრებს შეხვდა

უპირველესად, დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას, რომ მობრძანდით აქ, რუსთავში ჩემთან შესახვედრად.

რუსთავი საქართველოსთვის განსაკუთრებული ქალაქია. ეს არის ქალაქი განსაკუთრებული უფლებებით, ტრადიციებით, დიდი სოციალური ცხოვრებით და განსაკუთრებული და დამსახურებული ადამიანებით.

ყველაზე მეტად, რაზეც ყოველთვის გული მწყდებოდა იყო ის, რომ 90-იან წლებში რუსთავი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - პრაქტიკულად, ყველა უმუშევარი დარჩა და საქართველოს ყველაზე დამსახურებულ ადამიანებს ძალიან გაუჭირდათ.  

მე არ ვიტყვი, რომ ციდან ვარსკვლავი მოვწყვიტეთ, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ქალაქი უკვე ქალაქს დაემსგავსა. აქ ხშირად ჩამოვდივარ და ეს შეეხება არა მხოლოდ ცენტრალურ პროსპექტს, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა, არამედ ყველაფერს.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილი აქ წყალმომარაგება იყო, რომელიც თანდათან მოწესრიგდა და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.   

მიხარია, რომ ახალგაზრდებს, გარკვეულწილად, აქ დასაქმების ცოტა მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ. სხვათა შორის, დანაშაულის დონე ყველაზე რთულ წლებშიც კი, რუსთავში უფრო დაბალი იყო, ვიდრე დანარჩენ საქართველოში; ასევე შედარებით დაბალი იყო ნარკომანიის დონე.

არის ამ ქალაქში რაღაც, რაც დანარჩენი საქართველოსთვის მას განსაკუთრებულად საინტერესოს და მტკიცე მარაგის წყაროდ აქცევს. თუმცა, დღეს მე თქვენთან რუსთავზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.

მინდა სოციალურ საკითხებზე გესაუბროთ თქვენ და დანარჩენ საქართველოს, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც უკვე პენსიაზე იმყოფება.

თითოეული თქვენთაგანი ჩვენი საზოგადოების აქტიური წევრია და პენსიაზე ყოფნა სულაც არ ნიშნავს ასაკში ყოფნას, რადგან ადამიანი იმდენ ხანს არის ახალგაზრდა, რამდენ ხანსაც თავს ახალგაზრდად მიიჩნევს, აზროვნებს, მოქმედებს და უვლის ოჯახს.

თითოეული თქვენგანი არის ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შრომობს, იღწვის, ზრდის ახალგაზრდა თაობას, ბოლოს და ბოლოს ინახავს, უვლის და ფეხზე აყენებს საკუთარ ოჯახს. ამდენად, პენსიონერობა არ არის ასაკის განმსაზღვრელი, ეს არის უბრალოდ სოციალური სტატუსი.

ვიცი, რომ ყველაზე მეტად საქართველოში, რა თქმა უნდა, პენსიონერებს უჭირთ და  მუდმივად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა.

საქართველომ გადაიტანა ღია აგრესია, თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ომი 2008 წელს არ დაწყებულა - საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომი ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

საქართველომ ასევე გადაიტანა მსოფლიო კრიზისის დიდი დარტყმა, მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყანაც, როგორც დანარჩენი მსოფლიო, მოყვა ამ ახალ ეკონომიკურ ქარიშხალში, რომელიც საერთაშრისო ინფლაციამ გამოიწვია.   

ტელევიზიით შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს პრობლემა ყველა ქვეყანას აწუხებს. გუშინწინ ჩინეთის კომპარტიის ყრილობას აჩვენებდნენ, რომელზეც თქვეს, რომ მთავარი გამოწვევა ჩინეთისთვის არის ინფლაცია. იგივე პრობლემა აქვს ამერიკას, ევროპას, მაგრამ როდესაც განსაკუთრებით მდიდარ ქვეყნებზე ვლაპარაკობ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მათთვის ეს ბევრად ნაკლებადაა მტკივნეული.

ფასები, უპირველესად, იზრდება საკვებზე. მართალია, საქართველო უკვე აღარ არის ღარიბი ქვეყანა და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს მიუახლოვდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ არის იქ, სადაც ვისურვებდით ყოფნას. ამიტომ, ჩვენი სამომხმარებლო კალათი, ძირითადად, საკვები პროდუქტებისგან შედგება. ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში და ა.შ. საკვები პროდუქტები არის მისი შემადგენელი პატარა ნაწილი, შესაძლოა, 10-15 პროცენტი, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 70-80, ზოგიერთი ოჯახის შემთხვევაში, თითქმის, 100 პროცენტს აღწევს.

დღეს ყველაზე მეტად გაძვირდა არა სახლები, მანქანები და თუნდაც რომელიმე კურორტზე დასვენება, არამედ ის, რაც ადამიანს ყოველდღე სჭირდება; ის, რაც ზედმეტი, ან ფუფუნება არანაირად არ არის. ეს ფიზიკური არსებობის საკითხია.  

ყველაზე კარგად ეს იცით თქვენ, რადგან თქვენი შვილებისა და  შვილიშვილებისთვის საჭმელს ამზადებთ თქვენ; სწორედ თქვენ დადიხართ მაღაზიებსა თუ ბაზარში და თქვენ მოგაქვთ მათთვის პროდუქტები.

თქვენ იცით რას ნიშნავს, მაგალითად, კარტოფილის 2-ჯერ და მეტად გაძვირება, ზეთის ფასის 2-ჯერ და 3-ჯერ მომატება. თქვენ იცით რას ნიშნავს წარმოუდგენლად ძვირი ღირდეს შაქარი, რაც პირადად მე არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ბოლო მრავალი წლის განმავლობაში... თქვენ იცით რას ნიშნავს პურის ყოველი 5-10 თეთრით გაძვირება...

ასეთი პირობები შეიქმნა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას რაღაც ფული გაუჩნდა, რაც იმას  ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა გაიზარდოს. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, მაშინ ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 1000 დოლარი იყო. ახლა ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 3000 დოლარია ე.ი. ნომინალურად გასამმაგდა. მაშინ პენსია იყო 14 ლარი (ალბათ კარგად გახსოვთ, რომ ამ თანხიდან ერთ ლარს გაჭრიდნენ) და იმასაც,  მინიმუმ, ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ვერ იღებდა ხალხი.

რა თქმა უნდა, მას შემდეგ პენსია გაიზარდა, ერთიან ეროვნულ პროდუქტზე უფრო მეტადაც, რადგან მეტ ყურადღებას ვაქცევთ პენსიონერებს, მაგრამ გაიზარდა ფასებიც. მართალია პენსიები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ფასები, მაგრამ ეს არ არის მოთხოვნა - ჩვენ   ნამდვილად ვერავის ვერ დავაყვედრით, რომ ქვეყანა ახლა უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე 2003 წელს. სწორედ იმიტომ მოხდა ვარდების რევოლუცია, რომ საქართველო უკეთესობისკენ შემობრუნებულიყო, ამიტომ დაგვიჭირეთ ამდენ არჩევნებზე მხარი, ამიტომ არის დღეს სტაბილურობა ქვეყანაში. სახელმწიფოსგან თქვენ არა მარტო ლამაზ ფასადებს, ახალ შენობებს, ასფალტს და თუნდაც 24 საათიან წყალს, არამედ უფრო უკეთეს ცხოვრებას, მდგომარეობის გაუმჯობესებას და მეტ შემოსავალს მოელოდით.

დღეს ასეთი ვითარებაა.

ჩვენ გვაქვს შემოსავლის რამდენიმე წყარო. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, როგორც ბევრ ქვეყანას. ხანდახან ვფიქრობ-ხოლმე, რომ ეს შეიძლება უკეთესიცაა. თუკი როდესმე აღმოჩნდება, ეს მაშინ მოხდება, როცა საქართველოში სხვა ყველაფერი განვითარდება და ეს არც გაგვაზარმაცებს და არც დისბალანსირებულ ეკონომიკას გამოიწვევს.

ჩვენი მთავარი რესურსი გადასახადებია ე.ი. ხალხი აკეთებს ბიზნესს, რომლის წყალობითაც ირჩენს თავს, ნაწილს ბიუჯეტში იხდის გადასახადის სახით, თანაც ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები გვავქვს მსოფლიოში, შემდეგ ვანაწილებთ ბიუჯეტს და სწორედ ამით ვაშენებთ გზებს, საავადმყოფოებს, სკოლებს და ვიხდით პენსიებს.     

ბოლო წლების განმავლობაში კრიზისმა შედარებით ნაკლებად დაარტყა ბიზნესს ვიდრე სხვაგან. ამიტომ, წელს ბიზნესი იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა.

იანვარში იყო 10-პროცენტიანი ზრდა წლიური გაანგარიშებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტათი მეტი შემოსავალი გაგვიჩნდება. ეს უკვე კარგია. ცოტათი მეტი შემოსავალი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეტი უნდა დავხარჯოთ პენსიონერებზე და სოციალურ პროგრამებზე. ეს არის ერთი წყარო საიდანაც თანხა უნდა უნდა მოვიტანოთ.

ერთი მხრივ, ჩვენ არ უნდა გავაჩეროთ არც ინფრასტრუქტურული პროექტები, არც გზების მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია, არც ფულის ჩადება სოფლის მეურნეობაში და, მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ყოველივე ეს, საბოლოოდ, ემსახურება ადამიანს. თანაც, ეს არის დასაქმების წყარო. ჩვენი დასაქმების წყაროა დღეს ახალი წარმოების შექმნა სოფლის მეურნეობაში. ამ დარგში ჩვენ შეგვიძლია, მინიმუმ, გავაორმაგოთ წარმოება წელიწადნახევარში. წარმოების გაორმაგების ვადა ჩვენ 2015 წლისთვის დავსახეთ, მაგრამ თუ კარგად ვიმუშავებთ, შესაძლოა, სამჯერ და ოთხჯერ გავზარდოთ. საერთოდ,  საქართველოს სოფლის მეურნეობაში თუ კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას მოვახდენთ, თეორიულად, მოსავლის გაზრდა შესაძლებელია 27-28-ჯერ, მაგრამ  საკმაოდ მოკლე ვადებში, მინიმუმ, 5-6-ჯერ. ეს ჩვენი ზრდის მეორე წყაროა.

მესამე წყარო არის სახელმწიფოს ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა. ერთ რამეს უდავოდ მივაღწიეთ და საქართველოში მთავარი რამ ამოვძირკვეთ - აღარ გვაქვს სამთავრობო კორუფცია. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს არ შეიძლება ვიღაც რაღაცას თაღლითობდეს ჩვენს ზურგს უკან, ან თუნდაც ხვალ აიღოს თავზე ხელი. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ეს აღმოვაჩინოთ და პასუხი მოვთხოვოთ. მთავრობის დონეზე ამას არა მხოლოდ არავინ არ ახალისებს, არამედ ჩვენი მთავარი პრინციპი არის ის, რომ საქართველოში აღარასდროს არ დავუშვათ ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია. ეს ორი რამ მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

სხვათა შორის, იმასთან ერთად, რომ ინსპექტორი ქრთამს აღარ იღებს ქუჩაში, მთავარი ისაა, რომ აღარავინ არ გამცირებთ, გრძელ რიგებში დგომა არ გჭირდებათ, სადაც არ უნდა მივიდეთ ყველგან ნორმალურად გვხვდებიან და, რაც მთავარია, ზემოთ აღარ არის კორუფცია.

ყველამ ვიცით, რომ  თევზი თავიდან ყარს და თუკი მაღალ თანამდებობრივ საფეხურზე კორუფცია იქნება, ქვემოთ ვერავის ვერ მოთხოვ იყოს პატიოსანი. ეს გამორიცხულია. კორუფცია ან არის ან არა. მით უმეტეს, ზემოთ-ქვემოთ არავის არ ვსაზღვრავთ - ყველანი თანასწორი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით. 

შემდეგი ეტაპი უნდა იყოს სახელწიფო  ხარჯების უფრო  მეტად  შემცირება, რათა მაქსიმალურად გამოვნახოთ საშუალება  საქართველოში წელს  პენსიების გასაზრდელად.  

ბოლო დღეების განმავლობაში შეხვედრა გვქონდა ეკონომისტებთან და ყველაფერი გადავთვალეთ. სხვათა შორის, გადასახადების მხრივ კარგად გვაქვს  საქმე, თუმცა ახლა ცვლილებებია საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელობაში. საქმე აქამდეც კარგად  გვქონდა, მაგრამ ახალა სხვაგვარი მიდგომაა საჭირო. ახალი  ხელმძღვანელები მაქსიმალურად სამართლიანები უნდა იყვნენ, რათა ხალხს არ ქონდეს უსამართლობისა და წნეხის განცდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

გადასახადები ყველამ უნდა გადავიხადოთ,  ეკონომიკა უნდა გათეთრდეს და ბიუჯეტის გვერდის ავლით არ უნდა ხდებოდეს რაღაც-რაღაცები. ეს მტკივნეული პროცესია და სწორედ ამიტომ არ უნდა გადავაჭარბოთ სიმკაცრეში. სახელწიფო აპარატს არ უნდა ქონდეს იმის განცდა, რომ რადგან ჩვენ ვართ პატიოსნები, ძლიერები და ქრთამს არ ვიღებთ, შეიძლება დავჩაგროთ ან უდიერად მოვეპყროთ ჩვეულებრივ მოქალაქეს. კორუფციის შემდეგ ყველაზე მეტი საფრთხე არის ეს  და ამასაც დავძლევთ.

ძალიან მინდა, რომ პენსიები ჩქარა გავზარდოთ, მაგრამ აქამდე ეტაპობრივად უნდა მივიდეთ.

მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავთვალეთ, წლის პირველ ნახევარში სახსრების მობილიზების და ამ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით (საგადასახადო სისტემის გაუმჯობესება,  ხარჯების  დაზოგვა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა), პირველი სექტემბრიდან ქვეყანას გაუჩნდება საშუალება მინიმალური პენსია გახდეს 100 ლარი. იმედია, სხვა ხელს არაფერი არ შეგვიშლის.

თქვენ იცით, რომ თბილისში პენსია ათი ლარით მეტია და სექტემბრიდან ყველას 100 ლარი ექნება. სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ამ თანხას დაემატება 7 ლარი  და გახდება 107 ლარი.

რა თქმა უნდა, მათ, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება და, სამწუხაროდ, საქრთველოში პენსიონერების 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები არიან და მათ კიდევ 30 ლარიანი დახმარება ექნებათ. ამას ემატება 15-ლარიანი დაზღვევა, რაც მთლიანად გამოვა 152 ლარი.

ასე რომ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მაგ დროისათვის გადავლახავთ მინიმალურ სამომხმარებლო კალათს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მინიმალური სამომხმარებლო კალათი ჩვენთვის არის საკვები. საქართველოში დაუცველ ოჯახებში არავინ არ იქნება  ვისაც არ ექნება ამ  მინიმალურ კალათზე ნაკლები, რაც მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა  პენსიონრებისთვის და ეს პირველ სექტემბრამდე მოხდება .

ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი საარჩევნო დაპირება 100 დოლარიანი საპენსიო პაკეტის თაობაზე. მე მუდმივად ვახსენებ საპენსიო პაკეტს და ეს გულისხმობს საბაზო პენსიას, დანამატებს სტაჟის მიხედვით და სამედიცინო დაზღვევას.  სხვათა შორის,  დაზღვევა კარგად მუშაობს და იმისთვის გვინდა, რომ დაზღვევის მფლობელს მისი საშუალებით საავადმყოფოში ხელი მიუწვდებოდეს ყველანაირ მკურნალობაზე.

კონცეტრირებული მცდელობებით, ჩვენი მკაცრი მოთხოვნების შემდეგ, წამლების ფასი ბიზნესმა, გარკვეულწილად,  დავასტაბილურა,  ბიზნესმა დაასტაბილურა.

იმისათვის, რომ მომავალი წლიდან გადავიდეთ 100 დოლარის ეკვივალენტის საპენსიო პაკეტზე, უნდა განვახორციელოთ დიდი საპენსიო რეფორმა. ეს არის სრული გეგმა.

საპენსიო რეფორმა ნიშნავს არა იმას, რომ თქვენი პენსია უნდა შეიცვალოს (ის რა თქმა უნდა,  უნდა გაიზარდოს), არამედ იმას, რომ გადასახადების აკრეფის, ბიუჯეტის განაწილებისა და, გადამხდელსა და სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის შედეგად, საბოლოოდ, მოგებული პენსიონერი დარჩეს.

იმედი მაქვს, მომავალი წლის პირველი ნახევრიდან, საქართველოში მივუახლოვდებით ამ საპენსიო პაკეტს - 100 დოლარიან ექვივალენტს და  ძირითადი კატეგორიის პენსიონრებისთვის ეს იყოს გარანტირებული. თუმცა ამისათვის საჭიროა სერიოზული საპენსიო რეფორმა.

საამისოდ, ჩვენი მინისტრი და რამდენიმე მოადგილე გავაგზავნე ჩილეში, ასევე ამ სფეროში მომუშავე რამდენიმე დეპუტატი გავუშვით სინგაპურში, რათა მათ ენახათ ამ ქვეყნების საპენსიო მოდელი.

ერთი სიტყვით, ჯგუფები გავგზავნეთ იმ ქვეყნებში, რომლებმაც დაიწყეს ჩვენზე დაბალი დონიდან, მაგრამ სწორი საპენსიო პოლიტიკის წყალობით, არც პენსიონერი ჰყავთ უკმაყოფილო და მათი ეკონომიკაც ვითარდება.

ამაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ვიდრე სოციალური დაცვაა, არ არსებობს. იმაზე მნიშვნელოვანი  ამოცანა, ვიდრე არის ჩვენი საზოგადოების პოტენციურად ყველაზე დაუცველ და, ამავე დროს, ყველაზე საყვარელ, დამსახურებულ და ყველაზე განსაკუთრებულ ნაწილზე - პენსიონრებზე ზრუნვა,  არც მთავრობას აქვს და არც პირადად მე.

თქვენ საკუთარი მხრებით მოგვიტანეთ აქამდე, როგორც თაობა და ეს უნდა ემოდეს ყველა მინისტრს, დეპუტატს, როგორც ჩემი ასაკისას, ისე, უფრო ახალგაზრდებსაც.

თქვენ საკუთარი მხრებით მოიტანეთ აქამდე ეს ქვეყანა და, ბოლოს და ბოლოს, ეს პოლიტიკური მთავრობაც ამ არჩევნებზე თქვენი მოყვანილია იმ კაბინეტებში, რომლებშიც ისინი სხედან. არავის, არც ერთი წუთით არ უნდა დაავიწყდეს,უპირველესად, ვის წინაშე არიან ისინი ვალში. 

ჩვენ ამ ვალს ბოლომდე გადაგიხდით.

ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გამეზიარებინა თქვენთვის ეს გეგმა  და კიდევ ერთხელ გაეგო მთავრობას ჩემგან რა არის ჩვენი პრიორიტეტი. თუმცა ამას ყოველ დღე ვეუბნები მათ.

ასევე მინდოდა წლევნდელი წლის კონკრეტული გეგმა მეთქვა თქვენთვის და მინდა იცოდეთ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ მინიმუმის მინიმუმია.

ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჯანდაცვა გაუმჯობესდეს; ვმუშაობთ ძალიან ბევრს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არც დაზღვევა აქვთ და და არც ფული, მკურნალობის გარეშე არ დარჩეს. არადა, ასეთი ხალხი საქართველოში ჯერ კიდევ გვყავს.

საქართველოში აღარ არის ის მდგომარეობა, როგორიც  2003 წელს იყო - მაშინ სასწრაფო დახმარების პერსონალს ქუჩაში ფულს თუ არ აჩვენებდი, არც კი მოგკიდებდა ხელს; ახლა  მილიონ ადამიანზე მეტს აქვს დაზღვევა, რომელიც ბევრ ხარჯს ფარავს, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ გარკვეული კატეგორია, რომელიც თუნდაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფებს არ მიეკუთვნება, შეიძლება სრულიად უპატრონო და დაუცველი აღმოჩნდეს კონკრეტულ შემთხვევებში.  

უახლოესი თვეების და ამ წლის განმავლობაში აი ამ კატეგორიის გადაფარვაა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ სერიოზული საპენსიო რეფორმა და სერიოზული სადაზღვევო რეფორმა, თორემ თუ ხალხმა ვერ ისარგებლა, ის 150 საავადმყოფო, რომელსაც ვაშენებთ, ცარიელი დაგვრჩება.

ჩვენ ვაშენებთ არა ძეგლებს და ფასადებს, არამედ იმას, რაც ხალხის სამსახურში უნდა იყოს და რითაც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა ისარგებლონ.

აი, ეს არის ის, რისი თქმაც თქვენთვის მსურდა.

ვიცი რომ სახლებში გელოდებიან და ბევრი სხვა საქმეც გაქვთ, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივი იყო და დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთან შეხვედრას.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ და პირადად მე თქვენი დიდი იმედი მაქვს, თქვენ კი ჩემი და ჩვენი იმედი უნდა გქონდეთ. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვედგეთ მხარში და ასე შევძლოთ ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა.

დიდი მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)