Google+

სიახლეები

08.01.2011
საქართველოს პრეზიდენტი მესტიაში გამართულ საშობაო კონცერტს დაესწრო

უკრაინული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, მესტიაში საშობაო გალა კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა, რომელსაც ადგილობრივებთან და საგანგებოდ ჩასულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. კონცერტის დაწყებამდე ქუჩებში სახალხო სეირნობა გაიმართა, სადაც მესტიის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტრადიციული  უკრაინული კერძები დაეგემოვნებინათ. უკრაინული კერძები მიხეილ სააკაშვილმაც დააგემოვნა, რის შემდეგაც პრეზიდენტი მოსახლეობას გაესაუბრა და სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ სვანეთში ზამთრის საკურორტო სეზონი გაიხსნა და  აქ მალე ახალი სათხილამურო ტრასებიც გაჩნდება. პრეზიდენტის თქმით,  ნიშანდობლივია ისიც, რომ სეზონის გახსნა თოვლის წამოსვლას დაემთხვა.

"უნდა გვესმოდეს, თუ რამდენად დიდი სასწაული ხდება მესტიაში. ქართველების 90 პროცენტზე მეტი აქ ნამყოფიც არ არის. არადა, აქ ახლა ყველაფერი ვითარდება. მარტო გზებში რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს ვდებთ, საბოლოოდ კი, 500-600 მილიონი ლარი დაიხარჯება. თუმცა ამ თანხას არა მარტო ამოვიღებთ, არამედ რამდენიმემილიარდიან შემოსავალს მივიღებთ. კლიმატის, კულტურული მემკვიდრეობის, სამზარეულოს, ასევე  სათხილამურო ტრასების თვალსაზრისით, ეს ადგილი უბადლოა არა მხოლოდ საქართველოსა და კავკასიაში, არამედ ევროპის მასშტაბით. 90-იან წლებში, როდესაც ამერიკაში ვცხოვრობდი, შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტები მოვიარე და ყოველგვარი გაზვიადებისა და ტრაბახის გარეშე მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ადგილი, პრაქტიკულად, არ არსებობს. შვეიცარიაში სათხილამურო ტრასებისა და მთების თვალსაზრისით, აქაურობას, შესაძლოა, ერთი-ორი ადგილი შეედრებოდეს, მაგრამ სხვაგან მთელი ევროპის მასშტაბით მსგავსი ვერსად შეხვდებით. მესტია, უბრალოდ, იყო მოწყვეტილი ყველაფრისგან და  მთლიანად კრიმინალიზებული. ზაფხულში უკვე იქნება ზუგდიდი-მესტიის გზა, შემდეგ ვიწყებთ გზის მშენებლობას ქუთაისიდან და როდესაც ეს გზა აშენდება აქ ამოსასვლელად საათი და 15 წუთი იქნება საჭირო. ასევე კეთდება შიდა გზები და როგორც ერთ-ერთმა ადგილობრიმა მცხოვრებმა თქვა, აქ იწყება „სიღნაღიზაცია". სინამდვილეში აქ განხორციელდება უფრო მაგარი პროექტი, ვიდრე სადმე გაკეთებულა საქართველოში. რამდენიმე ათეული მილიონი ლარი იდება კოშკების, უბნების, ქუჩების, გზებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობაში. ის, რასაც დღეს ხედავთ, ზღვაში წვეთია. ზაფხულში უკვე პირველ შედეგებს დავინახავთ, ხოლო მომავალ ზამთარს ღამით გავანათებთ საბაგირო გზასაც (კეთდება ახალი საბაგირო გზებიც) და უშბასაც. ეს წარმოუდგენელი სილამაზე იქნება. მთიდან დაშვებისას, ჯერ ტყეში მოსრიალებ,  10-12 საუკუნეების ქალაქს და მის კოშკებს თავზე დაჰყურებ, ხოლო პირდაპირ უყურებ უშბას... მსგავსი ხედი მსოფლიოში არსად არ მეგულება. ეს, მართლაც, ყველაზე უნიკალური ტრასა იქნება მსოფლიოში. კარგია, რომ დღეს ჩვენი უკრაინელი მეგობრებიც აქ არიან, რადგან ჩვენ ბევრი ტურისტი უნდა მოვიზიდოთ მეზობელი ქვეყნებიდან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)